უელსმა სამივე განვლილი თამაში მოიგო, 14 ქულა მოაგროვა და ავსტრალიას, რომელმაც უკვე ოთხივე შეხვედრა ჩაატარა 3, ხოლო ფიჯის 4 ქულით უსწრებს. ფიჯი დასკვნით ტურში პორტუგალიას ეთამაშება და ბონუსით გამარჯვების შემთხვევაში პირველი ადგილის დაკავების შანსი ექნება. შესაბამისად, „დრაკონებს“ საქართველოსთან მინიმუმ 2 ქულის მოპოვება სჭირდებათ, რათა მეოთხედფინალში გარანტირებულად პირველი ადგილით გავიდნენ.
"ბორჯღალოსნებს" სამი თამაშიდან 3 ქულა აქვთ – ფრე პორტუგალიასთან და ნუგეში ფიჯისთან.
საქართველოს უელსთან აქამდე 4-ჯერ უთამაშია. მეტოქემ მოიგო პირველი სამი რკენა – 2017 წელს კარდიფში 13:6; 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე 43:14 და 2020 წელს ჰლანეჰლიში 18:0. ბოლოს უელსს 2022 წელს კარდიფში ვერკინეთ და ტიერ1-ის გუნდთან მეორე გამარჯვება მოვიპოვეთ, პირველი გასვლით მატჩში – 13:12. ბორჯღალოსნებმა ამ ოთხ თამაშში ჯამში გაიტანეს 3 ლელო და 33 ქულა, თავად კი 11 ლელო და 86 ქულა მიიღეს.
მას შემდეგ, რაც შარშან ნოემბერში საქართველომ უელსი დაამარცხა, შეიცვალა მთავარი მწვრთნელი და გუნდის სათავეში გამოცდილი უორენ გეთლანდი დაბრუნდა, რომელიც უელსს 2007-2019 წლებში თავკაცობდა და გუნდის არაერთი წარმატების შემოქმედი გახდა. გეთლანდის თავკაცობით „დრაკონებმა“ სამი მსოფლიო თასი ითამაშეს და ორჯერ მე-4 ადგილი დაიკავეს.
მოცემული მომენტისთვის უელსი მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-7 ადგილზეა (83,17), საქართველო კი მე-13 პოზიციაზეა (72,68).
rugby.ge