საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაჯაბნა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე რუმინეთი 43:5 დაამარცხა.

მატჩი ჩვენი გუნდის იერიშით დაიწყო, ლამაზი კომბინაცია ტაბუცაძის ლელოთი დაგვირგვინდა, რთული პოზიციიდან კი მატკავმ გარდასახვა ვერ გამოიყენა. „ბორჯღალოსნებმა“ წნეხი გააძლიერა, მაგრამ რამდენიმე სახიფათო შეტევამ შედეგი ვერ გამოიღო. შემდეგ მატკავამ საჯარიმოდან ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, ხოლო ცოტა ხანში ტაბუცაძემ დუბლი მიითვალა, მატკავამ გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულა და პირველი ტაიმი 10:0 დასრულდა.

კოკერილის გუნდის დომინაცია მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და მოდებაძემ ლელო დადო, ხოლო ნინიაშვილმა უზადოდ გარდასახა. ამას დერეფნიდან კარგად აგორებული
მოლი და გორგაძის ლელო მოჰყვა, ნინიაშვილმა ზუსტად ვერ გარდასახა. საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგეს სრულად სჯაბნიდა, საკუთარ ნახევარზე პრაქტიკულად არ უშვებდა, შერკინებაშიც უკეთესად ირჯებოდნენ, დერეფანშიც და შეცვლაზე შესულმა ივანიშვილმა ლელო გაიტანა, ნინიაშვილმა - გარდასახვა. 73-ე წუთზე რუმინელთა პირველი შეტევა ტანგიმანამ ლელოთი დაასრულა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს. მერე ტაბუძაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, აბჟანდაძემ გარდასახა. ბოლოს თაფლაძემაც გაიტანა ლელო,  აბჟანდაძემ ისევ ზუსტად გარდასახა და საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

17 მარტს, პარიზში ფინალში საქართველოს ნაკრები პორტუგალიასა და ესპანეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

2 მარტი. თბილისი. მიხეილ მესხი
საქართველო – რუმინეთი 43:5

საქართველო

ხაზი:
15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ტულონი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 14 /
მოვიგეთ და ისედაც დასუსტებული და ახლა ტრავმებით კიდევ უფრო დაუძლურებული რუმინეთის ძლევა.უფრო დიდი სხვაობითაც გვმართებდა,თუმცა ახალი მწვრთნელის და გადახალისებული შემადგენლობის გამო,ეს შედეგიც ნორმალურია.ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ვანო კარკაძის თამაში.ჯერ იყო და პრობლემად ქცეული დერეფანი 100% პროცენტით მოვიგეთ,მეორე კი,ეს პირველხაზელი ლომი,რამდენჯერმე ისეთი სისწრაფით შევარდა დაცვის ბზარებში,რომ უკანახაზელებსაც შეშურდებოდათ.უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ვასკას და მატკავას დუეტის საკმაოდ სუსტი,არადამაჯერებელი და ნევროზული თამაში.მიზეზი არ ვიცი,მაგრამ აშკარად ეტყობოდათ დაძაბულობა.კოკერილმა უკვე საკმაოდ გაიცნო ჩვენი ბიჭები,გუნდიც სულ უფრო კარგად უგებს ერთმანეთს,კოკერილის სათამაშო სქემებში.ასე რომ პორტუგალიისათვის,ჩვენი გუნდი,უკვე საკმაოდ კარგად შეთამაშებული გუნდი იქნება.ჩვენ ბიჭებს პორტუგალიაზე ისეთი ჯავრი სჭირთ,მსოფლიოს თასის შემდეგ,რომ არათუ მათი ალესვა,მგონი პირიქით,დაწყნარება უფრო გვმართებს.ჩვენ გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება.პორტუგალიელებმა,ჩვენთან 10 წელიწადში ასაღები ქულების ლიმიტი უკვე ამოწურეს.
სოსო
22:59 04-03-2024
0
მთავარი რაც ქოქრილნა შემოიტანა, პირველი ნახევრის შემდეგ სწორი ტაქტიკური ცვლილებების განხორციელებაა. ამას დავამატოთ გამოსწორებული დერეფანი და გამისწორების გზაზე შემდგარი მოლი. ცუდი არაა.
გიორგი
02:41 03-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული