შერკინების პირველხაზელი ბექა შეყლაშვილი "კოლომიეში" წელს გადაბარგდა "ალბიდან". მისი ახალი გუნდი პირველ ტურში სტუმრად დაუპირისპირდა მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკს". ყველასთვის მოულოდნელად, კოლომიელებმა მეტოქე 30:23 დაამარცხეს. გადამწყვეტი სწორედ შეყლაშვილის ლელო გამოდგა, რომელიც ჩვენებურმა მასპინძლებს მატჩის 65-ე წუთზე გაუტანა.
შარიქაძემ და ხატიაშვილმა სრულად ითამაშეს, შეყლაშვილი კი, თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო.
შალვა სუთიაშვილის "ანგულემმა" შინ მიიღო დივიზიონის დებიუტანტი "ნევერი" და 27:5 დაამარცხა.
წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭის, შალვა მამუკაშვილის დებიუტი "კარკასონში". ჩვენებურის გუნდმა შინ დიდი ანგარიშით წააგო ილია კაიკაციშვილის მასისთან" - 10:49.
მამუკაშვილთან ერთად "კარკასონის" ძირითად შემადგენლობაში გიორგი ნაცარაშვილიც იყო, რომელიც 41-ე წუთზე შეცვალეს, მამუკაშვილმა მოედანზე 17 წუთით მეტი დაჰყო. კაიკაციშვილი განაცხადში არ გახლდათ.
ასევე წარუმატებელი გამოდგა დებიუტი "ნარბონში" საქართველოს ნაკრების მესამეხაზელ ბექა ბიწაძისთვის. მისი გუნდი შინ ვერას გახდა "მონტობანთან" - 13:18. ბიწაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.
ბექა გიგაშვილის "გრენობლი" გათამაშების უმთავრეს ფავორიტადაა მიჩნეული. "ალპელები" მეორე დივიზიონში წლეულს დაქვეითდნენ და ყველა ღონეს იხმარენ უკან, ელიტაში დასაბრუნებლად. პირველ ტურში "გრენობლმა" სტუმრად სძლია ელიზბარ ყუფარაძის "დაქსს" - 28:13. გიგაშვილი შეხვედრაში 54-ე წუთიდან ჩაერთო, ყუფარაძე მოედანზე რვა წუთის შემდეგ გამოჩნდა.
PRO D2, I ტური
ანგულემი-ნევერი 27:5
ორიაკი-კოლომიე 23:30
კარკასონი-მასი 10:49
ნარბონი-მონტობანი 13:18
ბეზიე-ვანი 29:27
ბიარიცი-მარსანი 24:15
პერპინიანი-ბაიონი 66:6
დაქსი-გრენობლი 13:28
ქართველი ლეგიონერები
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ძირითადში
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) ძირითადში
ბექა შეყლაშვილი (კოლომიე) შეცვლაზე (50 წთ) ლ
ვახტანგ მაისურაძე (ვანი) განაცხადში არ იყო
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) შეცვლაზე (62)
შალვა სუთიაშვილი (ანგულემი) ძირითადში
ბექა გიგაშვილი (გრენობლი) შეცვლაზე (54)
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) განაცხადში არ იყო
შალვა მამუკაშვილი (კარკასონი) ძირითადში (57 წთ)
გიორგი ნაცარაშვილი (კარკასონი) ძირითადში (41 წთ)
ბექა ბიწაძე (ნარბონი) ძირითადში (55 წთ)
ილია კაიკაციშვილი (მასი) განაცხადაში არ იყო
* * *
ამასობაში საკონტროლო მატჩებს ატარებენ ელიტური, პირველი დივიზიონის გუნდები. საფრანგეთის ჩემპიონმა დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილის, ოთარ გიორგაძისა და ბექა კაკაბაძის "კლერმონმა" შინ დაამარცხა "პო" - 35:14. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, გიორგაძე და კაკაბაძე მატჩში მეორე ტაიმში ჩაერთნენ, კოლელიშვილი განაცხადში არ იყო. მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის "ტულონი" შინ დაუპირისპირდა თორნიკე მატარაძისა და გურამ პაპიძის "ლიონს" და 14:17 დამარცხდა. ჩილაჩავამ ლელო 70-ე წუთზე გაიტანა, თუმცა ტულონელებს ამან ვერ უშველა. გორგოძე თამაშის მიწურულს მატჩის არბიტრმა სინბინში გაუშვა, მეორე ტაიმში ითამაშა ალხაზაშვილმაც. მატარაძე და პაპიძე განაცხადში არ იყვნენ.
* * *
რუსეთის ჩემპიონატის ლიდერი, მოქმედი ჩემპიონი დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის "ენისეია". ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ აუტსაიდერს, ნოვოკუზნეცკის "მეტალურგს" უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 26:18 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ გაჩეჩილაძე თამაშში შეცვლაზე ჩაერთო, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. კაჭარავა განაცხადში არ იყო. ბევრად უფრო დამაჯერებლად დაამარცხა მონინოს ვვა მეორე კრასნოიარსკულმა გუნდმა, ლაშა მალაღურაძისა და გიორგი ფრუიძის "კრასნი იარმა" - 50:24. ფრუიძემ, რომელიც თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო, ლელო გაიტანა. მალაღურაძემ ექვსი გარდასახვა და ერთი საჯარიმო მიითვალა (15 ქულა).
მომდევნო ტურში, რომელიც 24 აგვისტოს გაიმართება, ერთმანეთს ლიდერები "ენისეი" და "კრასნი იარი" დაუპირისპირდებიან.
სატურნირო მდგომარეობა
1. ენისეი - 34 ქულა, 2. კრასნი იარი - 29, 3. ყუბანი - 18, 4. ვვა - 15, 5. სლავა - 11, 6. მეტალურგი - 0
* * *
რუმინეთში სამეფო თასის გათამაშება დასრულდა. ფინალში ერთმანეთის პირისპირ ქართველი მორაგბეების, ბიძინა სამხარაძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბაია მარე" და მიხეილ არჩუაშვილისა და ლევან გენებაშვილის "სტიაუა" წარდგნენ. გამარჯვება "ბაია მარეს" დარჩა - 23:14. გადამწყვეტი ლელო სტიაუელებს საქართველოს ნაკრების ყოფილმა შერკინების კვაჭმა ირაკლი ნატრიაშვილმა გაუტანა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"