რაგბი. ლეგიონერები: გიორგი ფრუიძის მეოთხე ლელო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის პარალელურად, ეროვნული ჩემპიონატი რუმინეთშიც დაიწყო, სადაც სუპერლიგაში 7 კლუბი ასპარეზობს. აქედან ოთხში ექვსი ქართველი მორაგბე ირიცხება.

პირველ ტურში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "ტიმიშოარა სარასენზი" ისვენებდა. ბოლო წლებში მისმა კონკურენტმა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, ბიძინა სამხარაძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბაია მარემ" შინ მიიღო კლუჟის "უნივერსიტეტი" და დიდი ანგარიშით დაამარცხა - 59:9.

სამხარაძემ სრულად ითამაშა. ნატრიაშვილი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.

ორი ქართველი მორაგბე, ომარ ბალიაშვილი და ლაშა აზალაძე თამაშობს "ბუქარესტში", რომლის მთავარი მწვრთნელიც ასევე ქართველი ლაშა თავართქილაძეა. ბუქარესტელებმა იაშის "პოლიტექნიკას" უმასპინძლეს და ფრეს დასჯერდნენ
- 22:22. ორივე ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო.

მესამე წყვილში ძველი მეტოქეები, ბუქარესტული გუნდები "სტიაუა" და "დინამო" დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. მატჩი ასევე ძველისძველ, გენჩას ტყე-პარკის სარაგბო მოედანზე გაიმართა. მიხეილ არჩუაშვილის "სტიაუამ", რომელიც ნომინალური მასპინძელი იყო, მერაბ მატკავას "დინამოს" 27:19 მოუგო.

მატკავა ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს, არჩუაშვილმა შეცვლაზე ითამაშა.

* * *
რუსეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში კრასნოიარსკული დერბი შედგა: დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის "ენისეიმ" საკუთარ მოედანზე მიიღო ლაშა მალაღურაძისა და გიორგი ფრუიძის "კრასნი იარი" და 7:15 დამარცხდა.

ოთხივე ქართველი მორაგბე ძირითად შემადგენლობაში იყო. ფრუიძემ 45-ე წუთზე ლელო გაიტანა, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ შეხვედრაში. მის ანგარიშზე უკვე ოთხი ლელოა მიმდინარე ჩემპიონატში. მალაღურაძემ თითო საჯარიმო და გარდასახვა (5 ქულა) მიითვალა.

ამ მარცხის გამო "ენისეიმ" ლიდერობა დაკარგა და ახლა სატურნირო ცხრილის სათავეში 38 ქულით "კრასნი იარია".

სატურნირო მდგომარეობა
1. კრასნი იარი - 38 ქულა, 2. ენისეი - 35, 3. ყუბანი - 28, 4. ვვა - 15, 5. სლავა - 11, 6. მეტალურგი - 0

* * *
ინგლისში ჩემპიონატი მომავალ უქმეებზე იწყება, იქამდე კი გუნდებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრები გამართეს. ლაშა ლომიძის "ლონდონ აირიში" პრემიერშიპში მოთამაშე "რიჩმონდს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 50:12 დაამარცხა. ლომიძეს არ უთამაშია.

"კარდიფ ბლუზის" შემადგენლობაში არ გამოჩენილა საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი. კარდიფელებმა, რომლებიც კელტთა ლიგის გათამაშებაში მომავალი უქმეებიდან ჩაერთვებიან, შინ დაამარცხეს ინგლისის ჩემპიონი "ექსეტერი" - 21:20.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული