რაგბი. ლეგიონი: ჯაბა ბრეგვაძისა და გიორგი ნემსაძის დებიუტი

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებს" - ჯაბა ბრეგვაძესა და გიორგი ნემსაძეს, გასულ უქმეებზე თავ-თავიანთ კლუბებში დებიუტი ჰქონდათ.

კვაჭმა ზე-რაგბის იაპონურ ფრანჩაიზის, "სანვულვზის" სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა, ხოლო მეორეხაზელმა პრო 14-ის უელსურ ფრანჩაიზში - "ოსპრეიზში", პირველი შეხვედრა ჩაატარა.

"სანვულვზი" სუპერრაგბის მე-10 ტურში "კრუსეიდერსს" ახალ ზელანდიაში ეწვია. ჯაბას "მზის მგლებში" აქამდე სამჯერ ჰქონდა ნათამაშები. ამჯერად ძირითად შემადგენლობაში იყო და 60 წუთი ითამაშა. მის შეცვლამდე ანგარიში 21:11 იყო. მერე ზელანდიელებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს და 33:11 იმარჯვეს. "სანვულვზს" მიმდინარე სეზონში 8 მარცხი აქვს და ბოლო ადგილზეა.

"ოსპრეიზი"
გადადებულ მატჩში იტალიაში "ძებრეს" ეწვია და 14:37 დამარცხდა. გიორგი ნემსაძე, რომელიც ახალ გუნდში ახლახან ინგლისის "ბრისტოლიდან" გადავიდა, მესამე ხაზში სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

ოთხნი ფინალში
ვასილ კაკოვინის "რასინგმა" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში ირლანდიური "მანსტერი" 27:22 დაამარცხა და 12 მაისს, ფინალში კიდევ ერთ ირლანდიურ გუნდს, "ლენსტერს" შეხვდება.

ირლანდიელებმა გადამწყვეტი უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვეს და მეორის დასაწყისში 27:3 იგებდნენ. ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე ნახევარი საათი ითამაშა 5 ბოჭვა შეასრულა.

"ჩელენჯ ქაფის" ფინალშია ანტონ ფეიქრიშვილის "კარდიფი", რომელმაც "პოს" 16:10 მოუგო. ქართველმა ბურჯმა პირველიდან 55-ე წუთამდე ითამაშა. უელსელები 11 მაისს ინგლისურ "გლოსტერს" შეხვდებიან.

კონტინენტის თასის ფინალშია და 2018/19 წლების "ჩელენჯ ქაფის" საგზური მოიპოვა დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის "ენისეიმ", რომელმაც თანაქალაქელი "კრასნი იარი" განმორებით შეხვედრაში 27:26 დაამარცხა.

პირველი მატჩი "ენისეის" 25 ქულის სხვაობით, 47:22 ჰქონდა მოგებული. განმეორებით შეხვედრაში მოედანზე 4 "ბორჯღალოსანი" გავიდა - გაჩეჩილაძე სტუმართა სასტარტოში იყო, ხოლო ლაშა მალაღურაძე, გიორგი ფრუიძე და სოსო მათიაშვილი "კრასნი იარში". "იარი" მეორე ტაიმის დასაწყისში 26:10 დაწინაურდა და ორი მატჩის ჯამში ჩამორჩენა 9 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ "ენისეიმ" ორი სწრაფი ლელოთი უპასუხა და საბოლოოდ გამარჯვებაც იზეიმა. "კრასნი იარს" 3 გარდასახვით 6 ქულა მათიაშვილმა შესძინა.

"ენისეი" ფინალში გერმანულ "ჰაიდელბერგს" შეხვდება, რომელმაც ორი მატჩის ჯამში რუმინეთის ჩემპიონი "ტიმიშოარა-სარასენსი" დაამარცხა (პირველი მატჩი 20:26; განმეორებითი 27:15).

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული