ლეგიონერები. 20 ქართული ქულა და დებიუტები "სტად ჟან ბუენზე"

AutoSharing Option
„ქართველების“ ‘ბრივმა’ 2019/2020 წლების ჩელენჯ ქაფის პირველ ტურში პარიზში, „სტად ჟან ბუენზე“ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ადგილობრივი ‘სტად ფრანსე’ 27:11 დაამარცხა.

27-იდან 20 ქულა ჩვენებურთა ანგარიშზე. ვასილ ლობჟანიძემ და ოთარ გიორგაძემ მეტოქეს ლელოები გაუტანეს, ახალგაზრდა მგეზავმა თედო აბჟანდაძემ კი, ორი ჯარიმითა და ამდენივე გარდასახვით 10 ქულას მოუყარა თავი. სტუმრებმა დანარჩენი 7 ქულა საჯარიმო ლელოთი გამოიმუშავეს, ასე, რომ მექულეებში მხოლოდ ქართული გვარები დაფიქსირდა!

20 წლის აბჟანდაძისთვის ეს სადებიუტო მატჩი იყო საფრანგეთში და ანგარიში ჯარიმით გახსნა. 24-ე წუთზე ‘ბრივმა’ საკუთარი 22-იდან წამოიწყო
შეტევა, რომელსაც კარგად მიყვა ლობჟანიძე, უკვე მეტოქის 22-ში ფეხით შეცურებული ბურთი აიტაცა, ორ მცველს ცრუმოძრაობით გასცდა, კიდევ ორთან კონტაქტში შევიდა, ფეხზე დარჩა და ლელოს ხაზი გადაკვეთა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახა.

23 წლის მორაგბისთვის ეს ევროთასებზე გატანილი პირველი ლელოა. ის ‘ბრივის’ ღირსებას 2016 წლიდან იცავს და პირველი გუნდის მაისურით მეორე ლელო გაიტანა.

მიმდინარე სეზონში ლელოთა ანგარიში გახსნა ოთარ გიორგაძემ. ტაიმის მიწურულს ის მოლის კუდში მოექცა და ხაზის გადაკვეთის შემდეგ ბურთი დაამიწა. აბჟანდაძემ 29-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა, შესვენების წინ კი გიორგაძის ლელო გარდასახა და ტაიმი 20:8 დასრულდა, საბოლოო შედეგი კი 73-ე წუთზე გატანილი საჯარიმო ლელოთი დაფიქსირდა.

გიორგაძემ და ლობჟანიძემ მოედანზე 55 წუთი გაატარეს, ხოლო აბჟანდაძე 62-ეზე შეცვალეს. 53-ე წუთიდან ‘ბრივის’ შემადგენლობაში მთელი პირველი ხაზი შეიცვალა და მოედანზე ერთბაშად სამი ქართველი გავიდა. კვაჭი ვანო კარკაძისა და ბურჯი ლუკა ჯაფარიძისთვის ეს ‘ბრივში’ სადებიუტო შეხვედრა იყო, მეორე ბურჯი კი კარლენ ასიეშვილი გახდა. ‘სტად ფრანსეს’ შემადგენლობაში პირველიდან 55-ე წუთამდე ითამაშა გიორგი მელიქიძემ.

ახალი სეზონის ჩელენჯ ქაფის კიდევ ერთი ქართული ლელო ‘ენისეის’ გარემარბმა დავით მესხმა გაიტანა. მან ფრთაზე მიიღო ბურთი, რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა, მბოჭავებს გასცდა და ინგლისური ‘ვუსტერი’ დაალელოვა. მესხმა პირველიდან 65-ე წუთამდე ითამაშა და ლელო 63-ეზე გაიტანა, მისი გუნდი კი კრასნოდარში 14:57 დამარცხდა. ‘ენისეის’ რიგებში სრულად ითამაშა მიხეილ გაჩეჩილაძემ, ხოლო ბურჯი ნიკოლოზ ხატისაშვილი სასტარტოში იყო და 71 წუთი გაისარჯა.

მეორე ჯგუფში ‘ტულონი’ ‘ბეიონს’ ეწვია და 20:13 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ორმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. ბურჯი ბექა გიგაშვილი შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა. ის ‘ტულონში’ ამ სეზონის წინ გადავიდა და ახალ გუნდში დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა. შეცვლაზე 47-ე წუთიდან ითამაშა მამუკა გორგოძემ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
მთავარია ეგ წარმატება ნაკრებს გამოადგეს რამენაირად
ბოლოკა
15:16 18-11-2019
0
Iqneb ramenairad sadme vinme gafaawdet rom daidos chanaweri da chaagdet ra aq?@ zalian mainteresebs naxva!pirdapiri strimi versad ver gavxseni
Zura
00:25 17-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული