ჯაბა ბრეგვაძემ "სანვულვზთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
© თამუნა ყულუმბეგაშვილი

32 წლის "ბორჯღალოსანმა" ჯაბა ბრეგვაძემ იაპონურ "სანვულვზთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და ზე-რაგბიში ზედიზედ მესამე სეზონს გაატარებს.

ქართველი კვაჭი ერთ-ერთი პირველია იმ მორაგბეებს შორის, რომლებთანაც იაპონელებმა თანამშრომლობის გაგრძელება ისურვეს.

"სუპერრაგბის გასული სეზონის დასრულების შემდეგ "სანვულვზმა" კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზა, მაგრამ დეტალები იყო დასაზუსტებელი და ამ ამბის გახმაურების უფლება არ მქონდა. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ იაპონიაში სუპერრაგბის მომავალი სეზონის ბოლომდე ვრჩები" - ამბობს ბრეგვაძე, რომელიც იაპონიაში იანვრის დასაწყისში ჩავა და გუნდთან ერთად წინასასეზონო შეკრებაზე შევა.

ზე-რაგბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 2021 წლიდან ლიგაში
გუნდების რაოდენობა შემცირდება და ამ ცვლილებას სწორედ იაპონური ფრანჩაიზი ეწირება. მიუხედავად ამისა, ისინი 2020 წლის ჩემპიონატს მაქსიმალურად მობილიზებულნი ხვდებიან:

"ვიცით, რომ სუპერრაგბიში ბოლო სეზონს ვატარებთ, მაგრამ ტურნირის უბრალოდ ჩამთავრებაზე არავინ ფიქრობს. მოსამზადებელი ეტაპი ძალიან კარგადაა დაგეგმილი და მიზანი რაც შეიძლება ბევრი თამაშის მოგებაა. გუნდის ხელმძღვანელობის სერიოზულ განწყობაზე ისიც მეტყველებს, რომ მომავალი სეზონისთვის რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე დაიტოვა. დარწმუნებული ვარ, რომ "სანვულვზი" სუპერრაგბიში თავის კვალს დატოვებს", - ფიქრობს "ბორჯღალოსანი" და იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც გუნდს გასულ სეზონში არასტაბილური შედეგები ჰქონდა:

"ამ ფრანჩაიზის შექმნის მიზანი იაპონიის ნაკრები იყო. რადგან წელს მსოფლიო თასი იმართებოდა, გუნდში იაპონელი მორაგბეები გამუდმებით შემოდიოდნენ და გადიოდნენ, რათა მაღალი დონის თამაშების გამოცდილება მიეღოთ. გარდა ამისა, ეს სუპერრაგბია, სადაც ერთი შეცდომა, ერთი ბარათის მიღება, შესაძლოა, ძალიან ძვირი დაგიჯდეს. გასულ სეზონში ორი მოსაგები თამაში გვქონდა, თუმცა წითელი ბარათის გამო საბოლოოდ ისინი 30 ქულის სხვაობით დავთმეთ. აქ თითოეული შეცდომა ძალიან ძვირად ფასობს და ამიტომაა, ევროპულ ჩემპიონატებთან შედარებით დიდი ანგარიშები რომ ფიქსირდება".

იაპონელებმა, ფრანჩაიზის პარალელურად, შიდა ჩემპიონატის გაძლიერებაზეც იზრუნეს. კლუბები მოთამაშეებს ისეთ პირობებს სთავაზობენ, რომ ის მიმზიდველია ახალზელანდიელი, სამხრეთაფრიკელი, ავსტრალიელი და ახლა უკვე ევროპელი მორაგბეებისთვისაც. ბრეგვაძე არ გამორიცხავს, რომ "სანვულვზის" დაშლის შემთხვევაში, თუ შეთავაზება ექნება, კარიერა იაპონიის ჩემპიონატში გააგრძელოს:

"ჯერ დიდი დროა და კონკრეტულზე არ მიფიქრია, თუმცა ამ გადასახედიდან, ევროპაში წასვლას იაპონიაში დარჩენა მირჩევნია. იაპონურ კლუბებში მრავლად არიან სამხრეთელი ლეგიონერები და თუ ასე გაგრძელდა, აქაური ჩემპიონატი 3-4 წელიწადში ინგლისის პრემიერშიფსა და ტოპ 14-ს გაუტოლდება, მით უმეტეს, რომ უკვე სერიოზულად მუშაობენ პროფესიონალური ლიგის შექმნაზე. ამას თავისი მიზეზი აქვს: ევროპაში სეზონი 11 თვე გრძელდება, იაპონიის ჩემპიონატი კი - მხოლოდ 4-5 თვე. შესაბამისად, მოთამაშეებს დასვენების და კარიერის გახანგრძლივების მეტი საშუალება აქვთ".

ბრეგვაძე ერთადერთი ქართველი მორაგბეა, რომელსაც მსოფლიოს სამივე წამყვან ჩემპიონატში უთამაშია - ტოპ 14-ში, პრემიერშიფსა და სუპერრაგბიში:

"მაღალი დონის მორაგბეების ნაკლებობას არც ევროპული კლუბები უჩივიან, მაგრამ სუპერრაგბი მაინც განსხვავებულია. ინგლისში სწრაფ, სისტემურ რაგბის თამაშობენ, საფრანგეთში უფრო ძალისმიერ რაგბის მისდევენ და ინდივიდუალიზმია წინა პლანზე, აქ კი ყველაფერი ერთადაა. შესაძლოა, შეგხვდეს 115-კილოგრამიანი ფრთის მოთამაშე, რომლის სისწრაფე ევროპელი, 80-კილოიანი უკანახაზელისას არაფრით ჩამოუვარდება. მაგრამ არის სირთულეებიც - თამაშიდან თამაშამდე 10-12 საათი ჰაერში ხარ და აღდგენისთვის და სრულფასოვანი ვარჯიშისთვის ცოტა დრო გრჩება".

ზე-რაგბის 2020 წლის სეზონი 31 იანვარს დაიწყება, "სანვულვზი" კი პირველ მატჩს 1-ელ თებერვალს გამართავს და "მელბურნ რებელსს" უმასპინძლებს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ღრმად პატივცემულ საიტის ხელმძღვანელს მინდა თხოვნით მივმართო,რომ იქნებ როგორმე მოგვეცეს საშუალება შეცდომების შესწორებისა და ამდენი ერთი და იგივე კომენტარის გამოქვეყნებაზე უარი ვთქვათ,რაც ცოტა არ იყოს ჩრდილს აყენებს როგორც კომენტარის ავტორს,ასევე თქვენს საიტს.
0
კარგია,რომ ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში რაგბს ქომაგი მოემატა,მაგრამ ამ თამაშის ცოდნა და აზროვნება ყველა მოვლენის შემდეგ უკეთესის სურვილს ტოვებს.
0

სიახლეები პოპულარული