ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა

AutoSharing Option
საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის მე-8 ტურში "ბორჯღალოსანმა" ოთარ გიორგაძემ მიმდინარე სეზონში პირველი ლელო გაიტანა, თედო აბჟანდაძემ კი 3 ჯარიმითა და ერთი გარდასახვით გუნდს 11 ქულა შესძინა.

„შემოდგომის ერთა თასის“ დაწყებამდე ერთი კვირით ადრე "ბრივი" "ტულონს" ეწვია და სტუმართა რიგებში ხუთმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. გიორგაძემ სრულად ითამაშა და ლელო 53-ე წუთზე გაიტანა, რის შემდეგაც ანგარიში 16:25 გახდა. ის მარჯვენა ფრთაზე მიჰყვა შეტევას, 22-მეტრიანთან დაცვის ხაზი გაჭრა და ლელომდე ირბინა. აბჟანდაძემ, რომელიც ასევე ძირითადში იყო და 62 წუთი ითამაშა, ჯარიმები
მე-4, მე-17 და 33-ე წუთებზე გაიტანა, 53-ეზე კი ოთიას ლელო გარდასახა.

სასტარტო შემადგენლობაში იყო ბურჯი სოსო ბეკოშვილი, რომელიც 63-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა მატჩის მიწურულს გასინბინებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე დაბრუნდა. თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო ბადრი ალხაზაშვილი, ხოლო ვასილ ლობჟანიძე შეცვლაზე 62-ე წუთზე შევიდა. მატჩი მასპინძლებმა 35:19 მოიგეს.

"ბორდომ" "ბაიონი" მიიღო, სამის წილ 6 ლელო გაუტანა და 43:19 დაამარცხა. "ბაიონის" ძირითად შემადგენლობაში პირველად, სულ კი მეორედ ითამაშა მეორეხაზელმა კოტე მიქუტაძემ. კოტე შესვენებისას შეცვალეს, თუმცა 59-ე წუთზე თამაშში დაბრუნდა და ჯამში მოედანზე 61 წუთი გაატარა. მასპინძელთა მარქაფაში იყო და მოედანზე 47-ე წუთიდან გამოჩნდა ლექსო ყაულაშვილი.

"რასინგ 92"-მა "პო" მიიღო და 76-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით 24:22 დაამარცხა. პარიზელთა რიგებში 48-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა გურამ გოგიჩაშვილმა, თუმცა ის 72-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა. "პოს" რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა ომარ ოდიშვილმა. ის შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა.

"აჟენი" პირველ გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა "ლიონთან" შინ 16:19 დამარცხდა და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა. მასპინძელთა რიგებში პირველიდან 70-ე წუთამდე ითამაშა ბურჯმა გიორგი თეთრაშვილმა.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული