24 წლის მორაგბეს ბოლო ორი წელია ტრავმები მოუმრავლდა. მან ჯერ 2019 წლის მსოფლიო თასის წინ, სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსთან" მოსამზადებელ მატჩში წვივი მოიტეხა, მერე კოვიდ-პანდემიამ შეაჩერა, მიმდინარე სეზონისთვის მზადების პერიოდში კი მარცხენა ფეხის ჯვარედინი მყესი დაიზიანა და საოპერაციო გახდა.
ბოლო ორი მიზეზის გამო ცუცქირიძეს უკვე წელიწადზე მეტია არ უთამაშია. "ბორჯღალოსანთა" კვართით ის ბოლოს მოედანზე 2020 წლის თებერვალში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
"რთული ორი წელიწადი მქონდა. ჯერ იყო და, მსოფლიო თასისთვის მზადების პროცესში წვივი მოვიტეხე. მერე დავბრუნდი და ნაკრებსა თუ კლუბში სულ რამდენიმე თამაშის ჩატარება მოვასწარი და პანდემიამ გაგვაჩერა; მიმდინარე სეზონის მზადების პროცესში კი "კლერმონთან" ამხანაგური მატჩის კვირაში მყესი გავიწყვიტე და იძულებული გავხდი, ოპერაცია გამეკეთებინა", - ამბობს ცუცქირიძე, რომელმაც ეს პერიოდი ძველი ტრავმის მოსაშუშებლადაც გამოიყენა და მხარზე ოპერაცია გაიკეთა:
"რადგან ხანგრძლივი პერიოდით მიწევდა დასვენება, მუხლის შემდეგ ოპერაცია მხარზეც გავიკეთე. მხარი 2018 წლის ოქტომბერში, "ბეზიესთან" მატჩში დავიზიანე და საოპერაციო მქონდა. რეაბილიტაცია ორივე ტრავმაზე ერთდროულად გავიარე. პირველი ორი თვე გადაადგილებაც კი მიჭირდა, მერე კი თბილისში ჩამოვედი და რეაბილიტაცია ნაკრების ექიმებთან გავიარე. ეს იყო ურთულესი სამი თვე, იანვრის ბოლოს კი საფრანგეთში დავბრუნდი და კიდევ ერთი თვე რეაბილიტაციას ბიარიცში გავდიოდი. მარტიდან უკვე გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, მქონდა კონტაქტური ვარჯიშებიც. 100%-ით მზად ვარ და "ნევერთან" თამაშს ველოდები. ბუნებრივია, ამდენი უთამაშებლობის შემდეგ პირდაპირ ძირითადში არ ვიქნები".
"ორიაკი" 25 ტურის შემდეგ პრო დე2-ში მე-12 ადგილზეა (44 ქულა) და გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულა აშორებს. ცუცქირიძის თქმით, გუნდის მიზანია, რომ ლიგაში ადგილის შენარჩუნების საკითხი ბოლო ტურამდე გადაწყვიტოს:
"ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობთ. დასკვნით ხუთ მატჩში ჩვენი მიზანია ქულათა მაქსიმუმი ავიღოთ, რათა დასკვნით ტურში სხვა თამაშების შედეგზე არ ვიყოთ დამოკიდებულნი".
"ორიაკის" ლიგაში დარჩენა რაგბის ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის საფრანგეთში ყველაზე „ქართული კლუბია“. თავად ცუცქირიძემ, ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესში, იანვრის ბოლოს, კლუბთან ახალი 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა:
"ჩვენი მწვრთნელი რომეო გონტინეაკი ჯერ კიდევ ესპუარებში თამაშიდან მიცნობს. გასულ სეზონში მასთან ერთად პირველ გუნდში მომიწია მუშაობა. მან მითხრა, რომ მენდობა და კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივება შემომთავაზა, რასაც დავთანხმდი. შესაძლოა, აქ ისეთი პირობები არ იყოს, როგორც დიდ გუნდში, მაგრამ ძალიან კარგი ატმოსფეროა და ქართველებს დიდ პატივს გვცემენ. ჩემთვის სასიამოვნო იყო, ტრავმირებულს 2-წლიანი კონტრაქტი რომ შემომთავაზეს. ახლა მთავარია, მოედანზე დავბრუნდე და დავიბრუნო სათამაშო დრო".