რაგბის ლეგიონი: ქართველი მორაგბეების 8 ლელო

AutoSharing Option
გასული კვირა ლელოების მხრივ განსაკუთრებით უხვი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. სამ სხვადასხვა ტურნირზე ექვსმა ქართველმა ლეგიონერმა ჯამში 8 ლელო დადო.

ორ-ორი ლელო დადეს "ჩელენჯ ქაფზე" ბექა გიგაშვილმა და ოთარ გიორგაძემ, ხოლო ბექა გორგაძემ და ვასილ ლობჟანიძემ თავი თითოჯერ გამოიჩინეს. ჩემპიონთა თასზე ლელო მიითვალა ლევან ჩილაჩავამ, ხოლო პრო დე2-ში მიზანს გიორგი ცუცქირიძემ უწია. ოთხი ქულაა თედო აბჟანდაძის ანგარიშზე.

ჩემპიონთა თასისა და "ჩელენჯ ქაფისთვის" ბრძოლას აგრძელებს ქართველი ლეგიონერების ორ-ორი გუნდი და მათგან სამი მეოთხედფინალში მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს.

ჩემპიონთა თასი

ჩემპიონთა თასის მესამე ჯგუფში 24
ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში ითამაშებს დავით ზირაქაშვილისა და ბექა კაკაბაძის "კლერმონი". ფრანგები დასკვნით ტურში "ჰარლიქუინზს" ქართველი ლეგიონერების გარეშე ინგლისში ეწვივნენ და 26:19 დაამარცხეს.

მეოთხედფინალში "კლერმონი" ვასილ კაკოვინისა და გურამ გოგიჩაშვილის "რასინგ 92"-ს უმასპინძლებს. პარიზელებმა მეოთხე ჯგუფში 23 ქულა მოაგროვეს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ისინი "სარასენსს" ინგლისში ეწვივნენ, 24:27 დამარცხდნენ და ბონუსი აიღეს. განვლილ შეხვედრაში ქართველ ბურჯებს მონაწილეობა არ მიუღიათ. მეოთხედფინალური ფრანგული დერბი აპრილის დასაწყისში გაიმართება.

პირველ ჯგუფში უმოტივაციო "ლიონმა" ინგლისურ "ნორთჰემპტონს" უმასპინძლა და 15 ათასამდე მაყურებლის წინაშე 24:36 დამარცხდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 46 წუთი გაატარა კვაჭმა ბადრი ალხაზაშვილმა. ამ პერიოდში მან ბურთით ხელში 5-ჯერ შეუტია და ჯამში 15 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 6 ბოჭვა შეასრულა. "ლიონმა" 6 თამაშში 7 ქულა მოაგროვა და ჯგუფი მესამე ადგილზე დაასრულა.

მეხუთე ჯგუფის დასკვნით ტურში "მონპელიემ" ირლანდიური "კონახტი" მიიღო და 35:29 სძლია. ფრანგებმა ბონუსიც აიღეს, მაგრამ საბოლოოდ 10 ქულით მხოლოდ მე-3 ადგილს დასჯერდნენ. საკუთარი გუნდის წარმატებაში მონაწილეობა ოთხმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო, აქედან ერთმა კი ანგარიში ლელოთი გახსნა.

სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ლევან ჩილაჩავამ მე-3 წუთზე რაქიდან აიტაცა ბურთი, მცველს ერთი-ერთზე აჯობა, დაახლოებით 3 მეტრი დაფარა და ბურთი დაამიწა. ეს მისი პირველი ლელოა მიმდინარე სეზონში. ლევანმა მოედანზე 51 წუთი გაატარა, 8 შეტევით 187 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 6 ბოჭვა შეასრულა. ძირითად შემადგენლობაში იყო და ასევე 51 წუთი ითამაშა უშანგი ჭეიშვილმა, რომლის ანგარიშზე 12 ბოჭვაა. ის ბურთით ხელში მეტოქეს 5-ჯერ მიეძალა.

ჭეიშვილის ნაცვლად, 51-ე წუთზე თამაშში მიხეილ ნარიაშვილი ჩაერთო და 7 ბოჭვა მოაგროვა. შეცვლაზე 68-ე წუთიდან ითამაშა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ. ქართველმა მეორეხაზელმა სამი შეტევით ჯამში 9 მეტრი მოიგო და დაცვაში 9 ბოჭვა შეასრულა.

ჩელენჯ ქაფი

მეორე ჯგუფში ექვსივე თამაში მოიგო და 27 ქულით პირველი ადგილი დაიკავა მამუკა გორგოძისა და ბექა გიგაშვილის "ტულონმა". ის მეოთხედფინალში საუკეთესო მაჩვენებლით გავიდა და აპრილის დასაწყისში უელსურ "სკარლეტსს" უმასპინძლებს.

დასკვნითი ტურის ფრანგულ დერბიში "ტულონმა" "ბეიონი" მიიღო და 50:6 დაამარცხა. ამაში საკუთარი წვლილი ბექა გიგაშვილს მიუძღვის, რომელმაც დუბლი შეასრულა. ის შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა და საუცხოო ტაიმი ჩაატარა. გიგაშვილმა ლელოები 47-ე და 67-ე წუთებზე დადო - პირველი ძალისმიერ სტილში, ხოლო მეორედ შეტევას მიჰყვა კარგად და ბურთი ძელებშუა დაამიწა. ქართველი ბურჯი კარგი იყო როგორც ძალისმიერ, ასევე ღია თამაშში. მან 7-ჯერ შეუტია, ორჯერ სუფთად გაჭრა ხაზი და ჯამში 46 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 4 ბოჭვა მოაგროვა.

"ბეიონის" შემადგენლობაში 50-ე წუთიდან ითამაშა იოანე იაშაღაშვილმა, რომელმაც ბურთით 2-ჯერ შეუტია, ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა და ჯამში 16 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 6 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ თერნოვერიც გაახერხა.

მესამე ჯგუფში 5 შეხვედრა მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და 26 ქულით პირველი ადგილი დაიკავა "ბორდომ". მეოთხედფინალში ის მასპინძელი იქნება და "ედინბურგს" მიიღებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ფრანგები "უოსპს" ინგლისში ეწვივნენ და 27:0 დაამარცხეს.

ფრანგთა მესამე ლელო უკანასკნელ წუთზე ბექა გორგაძემ დადო, რომელიც თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო. მოკლე დროში ბექამ ბურთით ხელში 5-ჯერ შეუტია, ორჯერ სუფთად გაჭრა ხაზი და ჯამში 48 მეტრი ირბინა.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 56 წუთში 13-ჯერ შეუტია ბურჯმა ლექსო ყაულაშვილმა. ერთხელ მან ხაზი სუფთად გაჭრა და ჯამში 32 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 5 ბოჭვა შეასრულა. მის ნაცვლად შეცვლაზე ლაშა ტაბიძე შევიდა, ბურთი 4-ჯერ მიიღო და ის ორი მეტრით წინ წასწია, ხოლო დაცვაში 4 ბოჭვა შეასრულა. ჯერ კიდევ ტრავმირებულია და არ უთამაშია "უოსპსის" ბურჯ ზურაბ ჟვანიას.

ამავე ჯგუფში "აჟენი" "ედინბურგს" შოტლანდიაში ეწვია და 0:36 დამარცხდა. ფრანგთა რიგებში პირველიდან 53-ე წუთამდე ითამაშა ბურჯმა გიორგი თეთრაშვილმა. ის განსაკუთრებით დაცვაში გამოირჩა და 12 ბოჭვა შეასრულა.

მეოთხე ჯგუფში სამი ქართული ლელოთი და ორი გარდასახვით, "ბრივმა" "სტად ფრანსეს" 33:29 სძლია და 14 ქულით მეორე ადგილზე აღზევდა, მაგრამ პლეი-ოფში ვერ გავიდა.

შერკინების შემკვრელად ძირითადში მოთამაშე ოთარ გიორგაძემ დუბლი შეასრულა. მან მე-16 წუთზე ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, შეუტია, დაახლოებით 7 მეტრი ძალისმიერ სტილში დაფარა და თავისი გუნდის პირველი ლელო გაიტანა. 44-ე წუთზე მან ლელოდან 10 მეტრში აიტაცა ბურთი და დუბლი შეასრულა. ამ ეპიზოდში "ბრივი" პირველად დაწინაურდა - 19:15. გიორგაძემ მოედანზე 52 წუთი გაატარა, 17 შეტევით ჯამში 56 მეტრი მოიგო და დაცვაში 4 ბოჭვა შეასრულა.

პირველიდან 62-ე წუთამდე ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ, რომელმაც 6 შეტევით 33 მეტრი მოიგო, ორჯერ სუფთად გაჭრა ხაზი და 57 პასი გაუშვა. 57-ე წუთზე მან რაქიდან აიტაცა ბურთი, ცრუმოძრაობით მცველი მოატყუა და ლელო გაიტანა, რასაც თედო აბჟანდაძის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. აბჟანდაძე თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო და გარდასახვა 67-ე წუთზეც გაიტანა, რითაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მას კარგად მიჰყავდა თამაში, ორჯერ თავად შეუტია და 6 მეტრი მოიგო. თედო საიმედო იყო დაცვაშიც.

ძირითად შემადგენლობაში იყო და 52 წუთი ითამაშა კვაჭმა ვანო კარკაძემ. მან 6 ბოჭვა შეასრულა, ბურთით 6-ჯერ მიეძალა და ის 2 მეტრით წინ წასწია. "სტად ფრანსეს" შემადგენლობაში პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა გიორგი მელიქიძემ, 4 შეტევით 7 მეტრი მოიგო და დაცვაში 9 ბოჭვა მოაგროვა.

პირველ ჯგუფში "ენისეი" უელსში "ნიუპორტს" ეწვია და 5:47 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ქართველი ლეგიონერი იყო. შეუცვლელად ითამაშა მესამეხაზელმა მიხეილ გაჩეჩილაძემ. მან ბურთით ხელში ყველაზე მეტჯერ, 19-ჯერ შეუტია და ჯამში 25 მეტრი მოიგო. დაცვაში მის ანგარიშზე 11 ბოჭვაა. ჯგუფური ეტაპის ინდივიდუალური სტატისტიკის მიხედვით, გაჩეჩილაძე სამ ნომინაციაში ლიდერობს. მან ყველა შეხვედრაში ერთად 86-ჯერ შეუტია და 17-ით უსწრებს უახლოეს მდევარს. შეასრულა 92 ბოჭვა და 19-ით აჯობა ვიქტორ ლებას, ხოლო 11 ოფლოუდით პირველ-მეორე ადგილები გაიყო სტეფ ევანსთან.

"ნიუპორტთან" მატჩში მოედანზე 73 წუთი გაატარა ბურჯმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა და 3 შეტევით 10 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 2 ბოჭვა შეასრულა. 60-60 წუთი ითამაშეს დავით მესხმა და დავით კაჭარავამ. მესხმა 11-ჯერ შეუტია, ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა და ჯამში 72 მეტრი მოიგო. 8 შეტევით ბურთი 18 მეტრით წასწია დავით კაჭარავამ. მან დაცვაში 3 ბოჭვა შეასრულა.

მეხუთე ჯგუფში "პომ" ინგლისური "ლესთერი" 24:17 დაამარცხა და 19 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ პლეი-ოფს მიღმა დარჩა. ფრანგთა შორის 66-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ომარ ოდიშვილმა.

პრო დე2


პრო დე2-ის მე-17 ტურში ლელო გაიტანა გიორგი ცუცქირიძემ. ქართველების "ორიაკი" სტუმრად ლიდერს, "პერპინიანს" ეთამაშებოდა და 15:38 დამარცხდა. სტუმართა შორის სრულად ითამაშეს მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ და მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს გიორგი ქართველიშვილი, ხოლო ცუცქირიძე შეცვლაზე 49-ე წუთზე შევიდა. ლელო 69-ე წუთზე გავიდა. საღინაძემ მარჯვენა ფრთაზე სუფთად გაჭრა ხაზი და დიდი მანძილი მოიგო, მერე ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა, ცუცქირიძე თანაგუნდელს კარგად მიჰყვა და მიმდინარე სეზონში პირველი ლელო დადო.

"ბეზიე" "კოლომიეს" ეწვია და 0:25 დამარცხდა. სტუმართა შორის 58-ე წუთიდან ითამაშა ჟორჟ სალდაძემ.

"ვალანსთან" სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა "რუენმა" - 24:10. სტუმართა შორის შუამარბად სრულად ითამაშა თამაზ მჭედლიძემ. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს ბურჯი მირიან ბურდული.

სტუმრად "ვანთან" 16:31 დამარცხდა "ნევერი", რომლის შემადგენლობაში დასკვნითი 25 წუთი ითამაშა ილია კაიკაციშვილმა.

"ბიარიცმა" "მონტობანს" 30:27 სძლია. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 53 წუთი გაატარა ბურჯმა გიორგი ნუცუბიძემ.

ტურის დასკვნით შეხვედრაში "გრენობლმა" "ანგულემს" 30:8 სძლია. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 45-ე წუთზე შეცვალეს დავით ქუბრიაშვილი. სტუმართა რიგებში 50-ე წუთზე გამოჩნდა ლუკა გოგინავა, ხოლო შალვა სუთიაშვილი მოედანზე 62-ე წუთიდან გამოჩნდა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული