ლეგიონერები | ნინიაშვილმა და გოგოლაძემ ანგარიში გახსნეს

AutoSharing Option
გასულ კვირაში საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონებში უკანახაზელებმა თითო-თითო ლელო გაიტანეს.

ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში "ლიონის" ქართველ ლეგიონერებს ზედიზედ მეორე ტურია ლელო გააქვთ. თუ პირველ ტურში ბექა საღინაძე გამოირჩა, ამჯერად სეზონის პირველი 5 ქულა დავით ნინიაშვილმა მიითვალა. "ლა როშელთან" მატჩის 57-ე წუთზე მან ლელო ალამთან გაიტანა (5:13) და მასპინძელთა მხრიდან პირველი ქულები აიღო, თუმცა "ლიონი" საბოლოოდ 21:23 დამარცხდა. ნინიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

"კასტრმა" "სტად ფრანსე" მიიღო და სეზონის პირველი გამარჯვება იზეიმა – 30:20. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ და 63-ეზე
ყვითელი ბარათი მიიღო. სტუმართა რიგებში 45-ე წუთიდან გამოჩნდა გიორგი მელიქიძე.

სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა "ბეიონმა", "რასინგ 92"-ს 31:25 სძლია. გამარჯვებულთა შორის მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა კოტე მიქაუტაძე. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო გია ხარაიშვილი, თუმცა 26-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა. შეცვლაზე 52-ე წუთიდან ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა.

ტოპ 14-ში, "კლერმონის" რიგებში დებიუტი ჰქონდა 20 წლის ბურჯ გიორგი ძმანაშვილს. "პოსთან" მატჩში ის შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა. ორი ქართველი იყო სტუმართა მარქაფაში – ბექა გორგაძე და გურამ პაპიძე თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთვნენ. "კლერმონმა" შეხვედრა 33:24 მოიგო.

პირველ ტურში საკუთარ მოედანზე მარცხის შემდეგ, "ბრივმა" სტუმრად "პერპინიანს" 17:6 სძლია და სამი უპასუხო ლელოს გატანისთვის ბონუსიც მიითვალა. ამ წარმატებაში საკუთარი წვლილი ვასილ ლობჟანიძემ, ლუკა ჯაფარიძემ და ვანო კარკაძემ შეიტანეს. "ბორჯღალოსანთა" 9 ნომერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65 წუთი ითამაშა, პირველხაზელები კი შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდნენ. ჯაფარიძე 10 წუთში შეცვალეს.

ტოპ 14-ის ჩემპიონმა "მონპელიემ" ახალ სეზონში პირველი გამარჯვება "ბორდოსთან" მოიპოვა – 29:19. მათ რიგებში დასკვნითი 20 წუთი ითამაშა გელა აფრასიძემ.

"ტულონი" "ტულუზას" ეწვია და 8:28 დამარცხდა. სტუმართა შორის პირველიდან 59-ე წუთამდე ითამაშა ბექა გიგაშვილმა.

პრო დე2

პრო დე2-ის მესამე ტურში მიმდინარე სეზონის პირველი ლელო გაიტანა გიორგი გოგოლაძემ. 30-ე წუთზე ის შეტევას ფრთაზე მიჰყვა და ანგარიში 10:12 გახადა. სტუმრად მოთამაშე "ორიაკმა" საბოლოოდ "ანგულემი" 19:15 დაამარცხა. გოგოლაძემ შეუცვლელად ითამაშა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 31-ე წუთზე შეცვალეს გიორგი ქართველიშვილი, 61-ეზე კი ის თამაშში დაბრუნდა. მარქაფაში იყვნენ გიორგი ჯავახია (შევიდა 47-ე წუთზე) და მიხეილ ალანია (52). მასპინძელთა რიგებში პირველიდან 48-ე წუთამდე ითამაშა ომარ ოდიშვილმა.

"გრენობლი" "ოიონას" ეწვია და 13:46 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62 წუთი ითამაშა ლუკა გოგინავამ. მან 27-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

"ნევერმა" "მასი" სტუმრად მინიმალური სხვაობით, 16:15 დაამარცხა. გამარჯვებულთა ძირითადში იყვნენ თორნიკე მატარაძე (57-ე წუთზე შეცვალეს) და ლადო ჩაჩანიძე (54-ეზე შეცვალეს).

ასევე მინიმალური სხვაობით, 17:16 დაამარცხა "კოლომიემ" "პროვანსი". მასპინძლებმა გამარჯვების ჯარიმა ბოლო წუთზე გაიტანეს. მათ რიგებში 64-ე წუთიდან ითამაშა ბექა შეყლაშვილმა.

"აჟენს" გამარჯვების ჯარიმა 73-ე წუთზე გაუტანა და ერთი ქულით, 26:25 მოუგო "მონტობანმა". გამარჯვებულთა შორის პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა ოთარ გიორგაძემ, ხოლო მირიან ბურდულმა მოედანზე 2 წუთით მეტი გაატარა.

"კარკასონმა" "ბეზიე" მიიღო და 26:24 დაამარცხა. გამარჯვების ჯარიმა მასპინძლებმა აქაც ბოლო წუთზე გაიტანეს. მათ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54 წუთზე შეცვალეს სოსო ბეკოშვილი, თუმცა დასკვნით 8 წუთში კვლავ მოედანზე დააბრუნეს. სტუმართა შორის შეცვლაზე 49-ე წუთზე შევიდა გიორგი ახალაძე.

"ბიარიცი" "მონ-დე-მარსანს" დაუხვდა და მხოლოდ ნუგეშის ქულას გამორჩა – 27:29. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ორი ქართველი ლეგიონერი იყო. ლაშა ტაბიძე შესვენებისას შეცვალეს, ხოლო თორნიკე ჯალაღონიამ მოედანზე 55 წუთი გაატარა. 73-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ლუკა ჭელიძემ.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული