ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში

AutoSharing Option
ნოემბრის სანაკრებო მატჩების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო საინტერესო ხდება, რა ფორმაში არიან ქართველი ლეგიონერები. შედეგიანობის კუთხით ყველაფერი წესრიგშია. ტოპ 14-ის და პრო დე2-ის მე-8 ტურში სამმა მათგანმა ლელო გაიტანა, თედო აბჟანდაძემ კი გუნდს 16 ქულა შესძინა.

ლიონში, "სტად მატმუტზე", ორი ქართული ლელო გავიდა. მასპინძელთა ფულბეკმა დავით ნინიაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა, მე-15 წუთზე მიიღო ბურთი, პასის იმიტირებით მცველი დააბნია და პირველი საპასუხო ლელო გაიტანა. მატჩის მიწურულს "პოს" კაპიტანმა ბექა გორგაძემ, რომელმაც ასევე შეუცვლელად ითამაშა, კარის წინ რაქიდან შეუტია და ლელო ძელებშუა
გაიტანა, რითაც თავის გუნდს ბონუსი მოუპოვა. "ლიონმა" 31:27 გაიმარჯვა. სტუმართა შორის შეცვლაზე 55-ე წუთიდან ითამაშა გურამ პაპიძემ.

"რასინგ 92"-ისა და "მონპელიეს" შეხვედრაში პარიზელებმა პირველი ტაიმის მიწურულს და მეორის დასაწყისში 4 ლელო გაიტანეს და 38:31 მოიგეს. მათ რიგებში 50-ე წუთზე გამოჩნდა გურამ გოგიჩაშვილი.

გიორგი თეთრაშვილის "პერპინიანი" "ბაიონთან" სტუმრად 20:24 დამარცხდა და ნუგეშ-ქულას დასჯერდა. ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე 49-ე წუთიდან ითამაშა.

"ბრივი" "სტად ფრანსეს" ქართველი ლეგიონერების გარეშე ეწვია და 0:27 დამარცხდა. გამარჯვებულთა შორის 31-ე წუთიდან ითამაშა გიორგი მელიქიძემ.

"ტულონმა" "კასტრს" 28:20 სძლია. გამარჯვებულთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს ბექა გიგაშვილი.

ფრედ, 23:23 დასრულდა "კლერმონისა" და "ბორდოს" შეხვედრა. "ვულკანების" მარქაფაში იყო და მოედანზე 32-ე წუთიდან გამოჩნდა დუდუ ქუბრიაშვილი.

პრო დე2

ქართველი ლეგიონერების 21-მა ქულამ ვერ მოაგებინა "მონტობანს", რომელიც "გრენობლს" მასპინძლობდა და მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა – 33:34. არადა, მეორე ტაიმის შუაში მასპინძლები 30:13 იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

"მონტობანის" ძირითადში სამი ქართველი იყო. ოთარ გიორგაძემ შერკინების შემკვრელად 62-ე წუთამდე ითამაშა, მე-20 წუთზე 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია და ლელო გაიტანა. მანამდე მისმა გუნდმა შერკინებით საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, შესვენების წინ კი თედო აბჟანდაძემ მეტოქის 22-ში ფეხით შეაცურა ბურთი და მესამე ლელო გავიდა. აბჟანდაძემ სრულად ითამაშა, ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და 4 ჯარიმაც (13, 15, 56, 63) გაიტანა. შერკინების პირველ ხაზში 59 წუთი გაისარჯა მირიან ბურდული.

ლაშა მაჭარაშვილის "მონ-დე-მარსანი" "აჟენთან" 11:33 დამარცხდა. ქართველმა ლეგიონერმა შესვენებაზე 56-ე წუთიდან ითამაშა.

"ნევერმა" "პროვანსი" მიიღო და 26:9 დაამარცხა. მასპინძელთა შორის შეუცვლელად ითამაშა ლაშა ჯაიანმა; თორნიკე მატარაძე 53-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 5 წუთში მოედანზე მოუწია დაბრუნება; 53-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში და მეორე ხაზში ჯაიანს შეუწყვილდა ლადო ჩაჩანიძე.

უშანგი ჭეიშვილის "მასი" "ვანთან" სტუმრად 3:36 დამარცხდა. ქართველმა ბურჯმა 48-ე წუთიდან ითამაშა. "რუანთან" 22:26 დამარცხდა, ნუგეშ-ქულას დასჯერდა "ანგულემი", რომლის რიგებში 55-ე წუთიდან ითამაშა ომარ ოდიშვილმა.

"კარკასონმა" "ორიაკს" 27:9 მოუგო და თან ბონუსიც აიღო. მოედანზე 7 ქართველი ვიხილეთ. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 60 წუთი ითამაშა სოსო ბეკოშვილმა. "ორიაკის" პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა 20 წლის დაჩი პაპუნაშვილს და ფრთის პოზიციაზე სრულად ითამაშა. ფულბეკის პოზიციაზე ასევე შეუცვლელად გაისარჯა გიორგი გოგოლაძე. ძირითადში იყვნენ და მეორე ტაიმში შეცვალეს ბურჯი გიორგი ქართველიშვილი (45) და მესამეხაზელი ბექა შვანგირაძე (57). შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა კვაჭმა ლუკა ნიორაძემ.

ტური "ბიარიცისა" და "კოლომიეს" ლელოუხვი შეხვედრით დასრულდა – 48:31. მასპინძელმა "ბიარიცმა" 4-ის წილ 7 ლელო გაიტანა და ბონუს-ქულაც ჩაიწერა. მათ რიგებში შეცვლაზე 55-ე წუთიდან ითამაშა თორნიკე ჯალაღონიამ, მე-60-ედან კი - ლუკა ჭელიძემ.

კვესელაძე შეუცვლელია

ინგლისის პრემიერშიფში ზედიზედ სამი ტურია თამაშს ძირითად შემადგენლობაში იწყებს გიორგი კვესელაძე. "ბათთან" ის შეუცვლელად გაისარჯა, "ბრისტოლთან" მოედანზე 76 წუთი გაატარა, ხოლო "ლონდონ აირიშთან" - 57. სექტემბერში მან პრემიერშიფის თასზე 80-80 წუთი ითამაშა "ვუსტერისა" და "ბათის" წინააღმდეგ.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული