4 ჩემპიონითა და ყველაზე ახალგაზრდა ქართველით - რაგბის მსოფლიო თასი იწყება

AutoSharing Option
დღეს, 20 სექტემბერს, რაგბის ისტორიაში პირველად, აზიის მიწაზე, კერძოდ კი, იაპონიაში მსოფლიო თასი იწყება.

აქამდე რაგბის მსოფლიო თასი ევროპაში, ავსტრალია-ოკეანეთში იმართებოდა, ერთხელ კი რაგბის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირს სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა. იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასი ისტორიაში მე-9 იქნება. აქამდე მხოლოდ 4 ნაკრებს მოუგია აღნიშნული ტურნირი - ახალ ზელანდიას (3), ავსტრალიას (2), სამხრეთ აფრიკასა (2) და ინგლისს.

მსოფლიო თასზე ზედიზედ მეექვსედ 20 ნაკრები იასპარეზებს. მოგეხსენებათ, პირველ 3 მსოფლიო ჩემპიონატზე (1987, 1991, 1995) მონაწილეობას 16 გუნდი იღებდა. წელს მსოფლიოზე რუსეთი იასპარეზებს, რომელიც
გახსნით შეხვედრაში იაპონიას დაუპირისპირდება. რუსეთის ნაკრები ტურნირზე რუმინეთისა და ესპანეთის დისკვალიფიკაციის გამო დაუშვეს.

აღნიშნულ მსოფლიო თასს 12 მოედანი უმასპინძლებს. ყველაზე ტევადი არენა იოკოჰამას საერთაშორისო სტადიონი გახლავთ, რომელიც 72,327 მაყურებელზეა გათვლილი. ყველაზე მცირე ტევადობის სტადიონი კი კამაიშის არენაა, სადაც გამართულ თამაშებს მაქსიმუმ 16,020 ადამიანი დაესწრება. ფინალი, ბუნებრივია, იოკოჰამაში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 5 ნაკრებს თავის შემადგენლობაში ლეგიონერი არ ჰყავს - ინგლისს, საფრანგეთს, ირლანდიას, ახალ ზელანდიასა და იაპონიას. ავსტრალიას მხოლოდ 1 ლეგიონერი ჰყავს, რუსეთს - 2. ტონგას შემადგენლობაში კი არცერთი მორაგბე არ თამაშობს თავის ქვეყანაში, სამოაში კი ასეთი მოთამაშე მხოლოდ ერთია.

მსოფლიო თასზე მონაწილე 20 ნაკრებიდან 14-ს უცხოელი მწვრთნელი უდგას სათავეში. მათ შორის 7 ახალზელანდიელია.

მსოფლიო თასზე 13 ისეთი მორაგბე ითამაშებს, რომლებსაც ეროვნულ გუნდში 100-ზე მეტი შეხვედრა აქვთ ჩატარებული. მათ შორის რეკორდსმენი იტალიელი სერჟიო პარისე გახლავთ 140 კეპით. ქართველ დავით კაჭარავას 116 თამაში აქვს ჩატარებული "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში და მასზე მეტი მატჩი მსოფლიო თასის მხოლოდ 4 მონაწილეს აქვს.

მსოფლიო თასზე ჩატარებული მატჩებით კი მოქმედი მორაგბეებიდან ლიდერი ავსტრალიელი ადამ ეშლი კუპერი გახლავთ 17 შეხვედრით.

მსოფლიოს 2019 წლის თასის ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე 19 წლის "ბორჯღალოსანი" ვანო კარკაძეა, რომელიც 2000 წლის 25 ივნისს დაიბადა. ხოლო ყველაზე ასაკოვანი მორაგბე იაპონიის ნაკრების წევრი, წარმოშობით ახალზელანდიელი ლუკ ტომპსონია, რომელიც 38 წლის არის.

მსოფლიო თასზე გულშემატკივარი 48 შეხვედრას იხილავს. ფინალი 2 ნოემბერს გაიმართება. გამარჯვებისთვის ყველაზე მეტს საკუთარი ქვეყნის რაგბის კავშირისაგან ავსტრალიის ნაკრები მიიღებს - მსოფლიო თასის მოგების შემთხვევაში თითოეულ მორაგბეს 200 000 დოლარის ბონუსი ჩაერიცხება, თითოეულ მატჩში კი 10 000 დოლარს მიიღებენ. "ოლ ბლექსის" მორაგბეები ჩემპიონობის შემთხვევაში 150 000 დოლარს მიიღებენ.

პირველი მატჩი იაპონიასა და რუსეთს შორის დღეს, 20 სექტემბერს, თბილისის დროით 14:45 საათზე დაიწყება. რაც შეეხება "ბორჯღალოსნებს", ის პირველ შეხვედრას 23 სექტემბერს უელსთან, ჩვენი დროით 14:15 საათზე გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი- იმ 5 არ ჰყავც ლეგიონერი და ჩვენ რა-გ ვ ყ ა ვ ც ?
გიორგი ჯანიკაშვილი
14:04 20-09-2019
3
წარმატებები!
გრიშო
12:16 20-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული