2023 წლის მსოფლიო თასი - ნიკა ამაშუკელი ცენტრალურ მსაჯად!

AutoSharing Option
2023 წლის მსოფლიო თასი გარდამტეხი იქნება ქართული და ზოგადად ტიერ 2 სარაგბო ქვეყნებისთვის.

1987 წლიდან დღემდე, მსოფლიო თასი მე-10-ედ ტარდება და აქამდე არასდროს მომხდარა, რომ იქ ტიერ 2 სარაგბო ქვეყნის წარმომადგენელს ემსაჯა. ეს „ტრადიცია“ ჩვენმა ნიკა ამაშუკელმა დაუღალავი შრომით დაარღვია – მსოფლიო რაგბმა საქართველოს საუკეთესო მსაჯი საფრანგეთში გასამართ მსოფლიო თასზე მოედნის მსაჯად მიიწვია!

„მნიშვნელოვანია, რომ სისტემა ერთიანად იზრდება – როგორც მორაგბეები, ასევე მსაჯები და ქომაგები. ის ფენომენი, რაც მსოფლიო რაგბმა ნიკა ამაშუკელში იპოვა, რომელსაც ქვია ქართული წესიერება, თავდაჯერებულობა, სიმშვიდე, ამ
ახალგაზრდა ბიჭში ერთად იყრის თავს. მისი ყოფნა მსოფლიოს საუკეთესო მსაჯებს შორის, ჩვენთვის დიდი მხარდაჭერაა. ის გამორჩეულია თავისი ინტელექტით და საჩვენებლი პიროვნებაა მოედანზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არა მხოლოდ ნიკას, არამედ მთლიანად ქართულ რაგბს წაადგება. მინდა მივოლოცო მას და ქვეყანას ეს უდიდესი აღიარება!“

„ხაზგასმით აღსანიშნავია ბატონი დავით შუბითიძის ღვაწლი საქართველოში სამსაჯო გუნდის ჩამოყალიბებაში, ასევე დევიდ მაკქიუ, რომელიც ქართული რაგბისა და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრს აკეთებს და ეს ადამიანი ყველამ უნდა იცოდეს. უღრმესი მადლობა მათ ამისთვის. რაგბის კავშირში სამსაჯო რეფორმა ჩემს მოსვლამდე დაიწყო და ვთვლი რომ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა, რომელიც უკვე გვაძლევს შედეგებს“.

„ნიკამ უკვე აიღო პასუხისმგებლობა და ტიერ 1-ის გუნდების რამდენიმე შეხვედრა იმსაჯა. იყო მკაცრი და ზოგან 2 ყვითელი, ზოგან კი წითელი ბარათი გამოიყენა. მსოფლიო საზოგადოება მას პოზიტიურად უყურებს და მნიშვნელოვანია ამ მოლოდინების გამართლება. რაგბს მთელს მსოფლიოში 1,1 მილიარდი მაყურებელი ყავს და ნიკა ამაშუკელი მათ საფრანგეთიდან ეტყვის, რომ რაგბი ჩვენი, ქართველების თამაშია!“ – აღნიშნა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

მსოფლიო თასზე ნიკა ამაშუკელის მოედნის მსაჯად დანიშვნის მნიშვნელობაზე საუბრობს რაგბის კავშირის მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელი დავით შუბითიძე:

„ნიკა ამისთვის იბრძოდა, ფაქტობრივად ყველაფერი გადადებული ქონდა და ზღვა სიხარული მოგვანიჭა. ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა, რადგან ვხედავდით ნიკას შრომას და ვიცოდი დაუფასდებოდა. მსოფლიო თასზე მსაჯი ზოგიერთ ტიერ 1-ის ქვეყნებსაც არ ყოლია, რადგან ამ საქმეს დიდი გამოცდილება ჭირდება. იოლი არაა მოხვდე იმ ადამიანებს შორის, რომლებიც გამოირჩევიან რაგბის ცოდნით, სამართლიანობით და მსაჯისთვის აუცილებელი კრიტერიუმებით და ნიკამ ეს შეძლო“.

„მადლობა ყველას, რაგბის კავშირის ძველ და ახალ ხელმძღვანელობას, ყოფილ მსაჯებს თუ მასწავლებლებს, რადგან მათ გარეშე ეს შედეგი არ გვექნებოდა. 6-7 წლის წინ, მაშინდელმა ირლანდიელმა მასწავლებელმა დევიდ ო’ბრაიენმა მითხრა, რომ რუმინეთსა და იტალიაზე კი არა, ჩვენი სამსაჯო კორპუსი შოტლანდიის სამსაჯო სკოლაზე წინ იყო და ეს არაა მხოლოდ ლოკალური წარმატება, რადგან ქართული სამსაჯო სკოლის სიძლიერესა და პერსპექტიულობაზე მთელი მსოფლიო საუბრობს“.

„კარგი იქნება თუ ამ წარმატებას ახალგაზრდებიც გაიაზრებენ და შესაბამისი შრომის შედეგად, ყველას ექნება მაღალი დონის მსაჯად ჩამოყალიბების შესაძლებლობა“.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასზე სულ 19 მსაჯი იქნება წარმოდგენილი – მათგან 12 მოედნის და 7 კიდის. ამაშუკელი სწორედ 12 რჩეულს შორის, მოედნის მსაჯადაა მიწვეული, რასაც რაგბის კავშირის მსაჯთა კომიტეტის მენეჯერი ლუკა კილასონია მოულოდნელობად მიიჩნევს:

„ბოლო პერიოდში ნიკას რეგულარულად იწვევდნენ ექვსი და ოთხი ერის, ასევე ჩემპიონთა თასის ფლეი ოფების მატჩების სამსაჯოდ, რაც იძლეოდა იმის საფუძველს, რომ ნიკას მსოფლიო თასზე მიიწვევდნენ. მაგრამ ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მქონდა ფიქრი, რომ მომავალი მსოფლიო თასისთვის აკვირდებოდნენ, ან საფრანგეთში გვერდით მსაჯად დაუძახებდნენ. საბოლოოდ ყველაფერი საუკეთესო სცენარით განვითარდა ეს მთელი სამსაჯო კორპუსისთვის უდიდესი სიხარულია. ამ წარმატებაში უამრავ ადამიანს მიუძღვის წვლილი, ყველაზე დიდი შრომა კი თავად ნიკამ ჩადო, რომელიც იმდენს შრომობდა, დღე-ღამეში 24 საათი არ ყოფნიდა“.

ახდენილი ოცნება

„ოცნება ასრულდა“ – ასეთი იყო თავად ნიკა ამაშუკელის რეაქცია, როდესაც ამ დანიშვნის შესახებ შეიტყო. მას, შოთა თევზაძესთან ერთად, საერთაშორისო დონეზე პირველი გასვლა 2015 წელს ჰქონდა. გავიდა სულ რაღაც 8 წელიწადი და ამ პერიოდში ამაშუკელმა შეძლო თავისი უმთავრესი ოცნების ასრულება. აღსანიშნავია, რომ ნიკა ჯერ მხოლოდ 28 წლისაა, ყველაზე უმცროსია საფრანგეთში წამსვლელ მსაჯებს შორის და იმ იშვიათ სპეციალისტებს მიეკუთვნება, რომლებმაც ასე ადრეულ ასაკში მოახერხეს მსოფლიო თასზე მსაჯობა.

„ვინც თვალს ადევნებს ჩემს კარიერას, იცის რა სირთულეები გამოავიარე და ადამიანურად ბედნიერი ვარ. არა მხოლოდ შრომა, ყოველწამიერი ფიქრი დამიფასდა. მოხვდე მსოფლიო თასზე ცენტრალურ მსაჯად ტიერ 2-ის ქვეყნიდან, თანაც 28 წლის ასაკში, იოლი არ არის. თითქმის ყველა ტოპ-მსაჯი, რომელსაც მსოფლიო იცნობს, თავის პირველ მსოფლიო თასზე გვერდითი მსაჯის რანგში წავიდა. მხოლოდ უეინ ბარნსი მახსენდება, რომელმაც 28 წლისამ 2007 წლის მსოფლიო თასზე ცენტრში იმსაჯა. ალბათ სიმბოლურია, რომ ეს იყო პირველი მსოფლიო თასი რომელსაც ვუყურე და რომელმაც რაგბი ასე ძლიერ შემაყვარა“ – ამბობს ამაშუკელი და განაგრძობს:

„ეს არის არაერთი ადამიანის კოლოსალური შრომის შედეგი და არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის, რომელმაც მთელი ეს პერიოდი ძალიან ბევრს გაუძლო. ასევე სამსაჯო სამსახურის უფროსის დავით შუბითიძის, მენეჯერი ლუკა კილასონიასი, პირადი მასწავლებლის დევიდ მაკქიუსი, რომელიც ფაქტობრივად ჩემი ოჯახის წევრია და ბაბუასაც კი ვეძახი, და რა თქმა უნდა რაგბის კავშირის, რომელიც მუდმივად მხარში მედგა ლოჯისტიკური, ფინანსური თუ სხვა საკითხების მოგვარებაში. მოემსახურო პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას, არა მხოლოდ ჩემი და ამ ადამიანებს, მთელი ქვეყნის გამარჯვებაა. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც მთელი ეს პერიოდი გვერდში მედგა. მადლობა ჩვენი ფიზ. მომზადების მწვრთნელს ოლეგ კასოევს, რომელიც ყოველ დილით გვამზადებს მძიმე ფიზიკური დატვირთვებისთვის“.

„მოუთმენლად ველოდები ამ საოცარი მსოფლიო თასის დაწყებას, დიდი პატივია ჩვენი ქვეყნის სახელის დაცვა ეროვნულ ნაკრებთან ერთად, რომელიც ეცდება კიდევ უფრო მკაფიოდ აბრახუნოს ელიტური რაგბის კარზე. ჩემის მხრივ, ვეცდები ვიყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. მწირი ადამიანური რესურსით, ქართულმა სამსაჯო კომიტეტმა ისტორიული ფურცელი ჩაწერა. ეს არა მხოლოდ ქართული, ზოგადად ტიერ 2 სარაგბო ქვეყნების დიდი გამარჯვებაა. წლების განმავლობაში მესმოდა, რომ რადგან ვიყავი ქართველი, დიდ ტურნირებს ვერ ვიმსაჯებდი, ახლა კი ეს სტერეოტიპი დაიმსხვა, გამოჩნდა, რომ შეუძლებელი არაფერია, რაც თამაშის გლობალიზაციისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“.

12 საუკეთესოს შორის

მსოფლიო რაგბმა 2023 წლის მსოფლიო თასისთვის კანდიდატების შერჩევა 3 წლით ადრე დაიწყო. გაფართოებული ჯგუფი ნელ-ნელა მცირდებოდა, საბოლოოდ კი, 24 კანდიდატიდან საფრანგეთში წამსვლელი 19 შეირჩა, საიდანაც 12 მოედნის მსაჯია, 7 კი კიდის. ამაშუკელი 12 ცენტრალურ მსაჯს შორისაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეულ თამაშებში კიდის მსაჯი არ იქნება, ისევე, როგორც ნებისმიერი ამ 12-იდან:

„ეს არის მსაჯთა ძალიან ძლიერი ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია საოცარი ინდივიდუალისტებისგან. აქ არიან გამოცდილი და შედარებით ახალგაზრდა მსაჯები. ეს ერთის მხრივ არის გამოცდილება და მეორეს მხრივ მოტივაცია. ეს ადამიანები უდიდეს წნეხს უმკლავდებიან და ყველა ეპიზოდზე აქვთ პასუხი. რაგბი ყველაზე რთულად სამსაჯო სპორტია და მოედანსა თუ მის მიღმა ბევრი რამ მოგეთხოვება. ბედნიერი ვარ, რადგან ამ ჯგუფის ნაწილი ვარ და ჩვენ აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სიტყვას“.

„მთავარი მიზანია, რომ მოედანზე შეუმჩნევლები ვიყოთ, რაც დღევანდელ რეალობაში ურთულესია. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მთელი მსოფლიოს კრიტიკა დაგვატყდეს თავს, მაგრამ ასეთია ჩვენი პროფესია. წლევანდელ მსოფლიო თასზე მსაჯებს შორის ასაკით ყველაზე უმცროსი ვარ და პოტენციურად, მომავალი მსოფლიო თასებისთვის საკმარისი დრო მაქვს. მსოფლიო თასზე მოხვედრით სწავლა და განვითარება არ მთავრდება“.

„რეალისტი ვარ და მიყვარს იმ სირთულეებთან ჭიდილი, რაც ჩემს წინაშე დგას. ვეცდები ჯგუფური ეტაპის ყველა იმ თამაშზე, რომელსაც მანდობენ, თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო და ვნახოთ ფლეი ოფების ეტაპზე რა იქნება. როგორც მინიმუმ, მაქვს იმედი, რომ იქ თანამსაჯის რანგში მაინც მოვხდები. ჩემი შრომა ყოველთვის დაფასდა და იმედი მაქვს ახლაც ასე იქნება“.

გასახურებელი მატჩები მსოფლიომდე

მსოფლიო თასამდე ნიკა ამაშუკელს სარაგბო გრანდების გასახურებელი თამაშები ელის. 28 წლის რეფერისთვის უპირველესი ამოცანა სწორედ ამ გასახურებელი მატჩების მაღალ დონეზე ჩატარებაა:

„ძალიან მაგარი თამაშები მელის, რომლებმაც საფრანგეთში გამგზავრებამდე უნდა შემახუროს. ასეთ თამაშებს „ბანანის ქერქსაც“ ეძახიან და კარგად უნდა მოვემზადო მსოფლიო თასზე დიდი წნეხის ქვეშ რომ არ აღმოვჩნდე. უკვე დაწყებული მაქვს ლოჯისტიკური და ფიზიკური მომზადება, რასაც ემატება ნუტრიცია და სხვა უამრავი დეტალი“.

„როდესაც ექვსი და ოთხი ერის თამაშებს მსაჯობ, ყველა შენს ქმედებას გამადიდებელი შუშით აკვირდებიან, მსოფლიო თასზე კი ეს წნეხი როგორც მორაგბეებზე, ასევე მსაჯებზე, გაასმაგებულია. აქ უკვე აღარ მუშაობს ადამიანური ფაქტორი, რის გამოც შესაძლოა შეცდომა მოგივიდეს და გაპატიონ. ძალიან მკაცრი გარემოა და საჭიროებს შესაბამის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და მენტალურ მზაობას. ეს აუცილებელია, რადგან ფაქტობრივად 3 თვის განმავლობაში უნდა ვიცხოვრო ოჯახისგან შორს, მუდმივ ლოჯისტიკურ პროცესებსა და დიდ თამაშებთან ჭიდილში, რასაც თან ერთვის კრიტიკა და ამ სირთულეებს მზად უნდა შევხვდე“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა ქვეყნისთვის დაუმტკიცოს მთელ მსოფლიოს რომ ჩვენც შეგვიძლია ვიყოთ დისციპლინირებული შრომისმოყვარე და ჭკვიანი პროფესიონალები დაამსხვრია სტერეოტიპი რომ ქართველები მხოლოდ ემოციურები და ნაკლებად შრომისმოყვარე ხალხი ვართ ყოჩაღ მადლობა თავდადებისთვის ქვეყნის წარმოჩენისთვის წარმატებები ღმერთი გფარავდეს.
კახა
00:36 12-05-2023
0
ძალიან მაგარია. ვულოცავ ნიკას, ქართულ რაგბს, ქართულ სპორტს და საქართველოს და ყველა ქართველს... წინ კიდევ დიდი გამარჯვებები იქნება... მრავალჟამიერ...
ქუთათური
21:04 11-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული