"რაგბი ევროპის" მიზანია, ევროპულ საკლუბო ტურნირებში რაც შეიძლება მეტი ქვეყნის გუნდი ჩართოს. წლეულს ამ გათამაშებაში საქართველოს, რუმინეთის, პორტუგალიისა და გერმანიის თითო გუნდი ითამაშებს. ოთხი კლუბით იქნება წარმოდგენილი იტალია.
"ბათუმი" B ჯგუფში მოხვდა, თუმცა მატჩებს მხოლოდ A ჯგუფის წარმომადგენლებთან გამართავს. ესენია: "როვიგო" (იტალია), "ვიადანა" (იტალია), "ტიმიშოარა" (რუმინეთი) და "ჰაიდელბერგი" (გერმანია). B ჯგუფში ბათუმელებთან ერთად "კალვიზანო" (იტალია), "პადოვა" (იტალია) და "უნივერსიტეტი" (პორტუგალია) იქნებიან.
ჩვენი
ამასთან ერთად, ჯგუფებში გამარჯვებულები ფარისთვის ბრძოლაში ფინალურ მატჩს მომავალი წლის მაისში, ბილბაოში გამართავენ "სან მამესის" სტადიონზე. აქვე გაიმართება ჩემპიონთა თასისა და "ჩელენჯ კაპის" ფინალური მატჩები.
მეტოქეები
როვიგო - ეს კლუბი 1935 წელს პადოველმა სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტმა დავიდე ლანზონიმ დააარსა. "როვიგო" მას შემდეგ 12-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. ეს ტიტული ბოლოს გუნდმა 2016 წელს მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ "როვიგო" ქართველი მორაგბეებისთვის კარგად ნაცნობი კლუბია. აქ საუკუნის დასაწყისში თამაშობდნენ საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბეები: აქვსენტი გიორგაძე, ილია ზედგინიძე, ბესიკ ხამაშურიძე, არჩილ ქავთარაშვილი.
ვიადანა - "ვიადანა" შედარებით ახალგაზრდა გუნდია. ის 1970 წელს დაარსდა, თუმცა იტალიის ჩემპიონის ტუტულის მოპოვება ხუთჯერ მაინც შეძლო. ეს კლუბი მეტწილად, იტალიური რაგბის საშუალო დონის გუნდად ითვლება და რაიმე ხელშესახები წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე არ ჰქონია.
ტიმიშოარა - 1949 წელს დაარსებულმა გუნდმა დიდებას მხოლოდ ბოლო ხუთ წელიწადში მიაღწია. აქამდე კი ის მუდმივად რუმინული გრანდების, ბუქარესტის "დინამოსა" და "სტიაუას" ჩრდილქვეშ იყო. რუმინულ რაგბიში ახლა ყველაფერი შეიცვალა და ეს ორი დედაქალაქური "ვეშაპი" "ტიმიშოარამ" და "ბაია მარემ" ჩაანაცვლა.
"ბათუმის" მომავალი მეტოქე რუმინეთის 2017 წლის ჩემპიონია. ის ამ ტიტულს 2012 და 2013 წლებშიც ფლობდა.
ჰაიდელბერგი - ეს გერმანული გუნდი ჩვენს მეტოქეებს შორის ყველაზე ძველია. ის 1872 წელს დაარსდა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 15-ჯერ მოიპოვა.
"ჰაიდელბერგი 1872" დღესდღეობით გერმანული რაგბის ფლაგმანია. 2010 წლიდან დღემდე, მან მხოლოდ ერთხელ, 2016 წელს ვერ შეძლო ქვეყნის ჩემპიონობის მოპოვება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"