ჭაბუკთა B ლიგა: "ხომლი" ჩემპიონია

AutoSharing Option
ჭაბუკთა B ლიგის სატიტულო შეხვედრა "ლელოსა" და "ხომლს" შორის პირველობის ნამდვილ მშვენებად იქცა.

ავჭალის მთავარ სარაგბო არენაზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი ქომაგის აქტიურმა მხარდაჭერამ მეტოქეებს თამაშისა და გამარჯვებისკენ სწრაფვა გაუორმაგა.

ფინალს ორივე გუნდი კარგად მომზადებული შეხვდა. "ლელოს’" და "ხომლს" თავთავიანთი არენები გააჩნიათ და სრულფასოვან, ინტენსიურ წვრთნაშიც პრობლემები არ ექმნებათ. დიდ დიღმელებს ქვეყნის 6-გზის ჩემპიონ ‘ლელოს’ მოქმედი მარბიელი თორნიკე ბუბუტეიშვილი დამრიგებლობს, ‘ხვამლელებს კი სათავეში ყოფილი ბორჯღალოსანი დავით ცხვედიანი უდგას. ‘ლელო’ მიჯრით მეოთხედ ასპარეზობდა ფინალში, ფავორიტად მიიჩნეოდა და ტიტულის მოპოვებას მესამედ ლამობდა. აღსანიშნავია, რომ
უნარიანი და ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, ‘ლელოს’ ჭაბუკთა ‘ა’ და ‘ბ’ ლიგის გუნდები საქართველოს 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებს რეგულარულად სოლიდურ შევსებას აწვდიან. ხვამლელებმა კი თავიანთ სადებიუტო სეზონშივე მოიპოვეს გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება.

ცხვედიანმა ‘ხომლს’ საფუძველი 2011 წელს დაუდო და გუნდში გლდანსა და მუხიანში მცხოვრები ბავშვები იახლა. საფესტივალო ასაკიდან მოყოლებული ხვამლელები საგრძნობლად პროგრესირებდნენ და ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის პირველივე სეზონში ფინალს ერთადერთი მარცხით(ისიც ლელოსთან) უწიეს. ცხვედიანს გუნდის გაძღოლაში დიდი დახმარება საფრანგეთიდან დაბრუნებულმა ყოფილმა მორაგბემ ერეკლე ფერაძემ გაუწია, ვინაც ამჟამად მთავარი მწვრთნელის თანაშემწის ფუნქციას ასრულებს. პირველობის გადამწყვეტ შეხვედრაში ‘ლელომ’ სრულ საბრძოლო შემადგენლობას მოუყარა თავი, ‘ხომლმა’ კი დისკვალიფიცირებული ერთ-ერთი წამყვანი მარბიელი ტარიელ გვიმრაძე მოისაკლისა. ხვამლელთა ტრავმირებული კაპიტანი ზურა ლუტიძე კი თამაშში გამაყუჩებლების დახმარებით ჩაერთო.

მატჩი "ლელოს" იერიშებით დაიწყო და უკვე მესამე წუთზე ფრთაზე სწრაფად ჩათამაშებული ბურთი გარემარბმა გიორგი კოკოლაშვილმა გაიტანა, ფულბეკმა კობა ირემაშვილმა მახვილი კუთხიდან გარდასახა და ჩემპიონი 7:0 დაწინაურდა. დიდ’დიღმელები 7-ქულიან უპირატესობას ტაიმის შუაწელამდე ინარჩუნებდნენ. ხვამლელებმა თამაში სწრაფ კონტრიერიშებზე ააგეს, ფეხით თამაშში ბადალი არ ჰყავდათ და თან მეტოქეს მცირე შეცდომასაც არ პატიობდნენ. ‘ლელომ’ უამრავი უნებლიე ჯარიმა აიღო, სივრცეც სათანადოდ ვერ გამოიყენა და შეტევაში არაერთი თერნოვერი შეემთხვა. ‘ხომლის’ მარბიელ საბა კურტანიძის აქტიურობით ჯერ მგეზავმა ნიკა ცინცაძემ იხეირა, რასაც ხომლელთა გარემარბ ბაჩანა მონიავას ლელოც დაერთო და დებიუტანტი 15:10 დაწინაურდა. ტაიმის მიწურულს ლელოს გატანა უკვე თავად საბა კურტანიძემ შეძლო, თავისივე გადაკიდებული ოვალი ლელოდ აქცია და შესვენებაზე ‘ხომლი’ 7-ქულიანი უპირატესობით(13:20) წავიდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ლელომ" ჩვეულ სტილში, 30-მეტრიანი მოლი ააგორა და ჰუქერ გიორგი კანიაშვილის ძალისმიერი ეფექტური ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირა. გარდამტეხი მომდევნო 3 წუთი გამოდგა. ‘ხომლმა’ ჯერ ხაზი გაჭრა, რითაც შუამარბმა ბესო თაყნიაშვილმა იხეირა, მომდევნო შეტევაში კი ფეხით შეგორებულ ბურთს პირველმა ხვამლელთა ფულბეკმა ზურა ქობელაშვილმა მიუსწრო, 18-34. კობა ირემაშვილის ჯარიმამ მატჩის საბოლოო ანგარიში 21:34 დააფიქსირა. "ხომლი"- ჭაბუკთა B ლიგის ახალი ჩემპიონია!

"აია" მამაქალაქში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა


ფინალურ შეხვედრამდე, ავჭალაში პირველობის მესამე ადგილოსანი ქუთაისის ‘მწვანე აიასა’ და დედაქალაქელ ‘არმაზის’ შეხვედრამ გამოავლინა. რიონისპირელებს სეზონის მანძილზე მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდათ წაგებული(‘ლელოსთან’) და დათო გორდულაძის შეგირდებმა ვაზისუბნელებთან დაპირისპირება მთავარ ფავორიტად დაიწყეს. ბორის აბაშიძისა და ნიკა პინაიშვილის გუნდს ტრავმის გამო გუნდის ლიდერი, მგეზავი და წამყვანი პივოტი გივი ცინცაძე ვერ დაეხმარა. ‘არმაზმა’ მთელი სეზონის მანძილზე სრულფასოვანი წვრთნის ჩატარება ვერ მოახერხა. დროებით საკუთარი არენის გარეშე მყოფი ვაზისუბნელები უკონტაქტო ვარჯიშებს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოასფალტებულ სტადიონზე ატარებდნენ, რის გამოც გუნდის თავკაცობამ მოწინავე კვარტეტში მოხვედრა დიდ წარმატებად მიიჩნია.

"არმაზმა" რიონისპირელებს ჯეროვანი წინააღმდეგობა საწყისი 20 წუთი უწია, რის შემდგომ გაშლილ შეტევაში ალამთან ლელოს გატანა ‘აიას’ შუამარბმა თემურ კოხოძემ მოახერხა. ფულბეკ დავით გასვიანის 30 მეტრიდან გატანილმა ეფექტურმა არეკნმა ფავორიტს ტაიმი 8:0 მოაგებინა. მეორე ტაიმი ‘არმაზის’ შუამარბ ლევან ბრაგვაძის გატანილი ჯარიმით დაიწყო, 8:3. ‘აიამ’ ტემპს უმატა. ვაზისუბნელები ფეხით თამაშში მოიკოჭლებდნენ და თან რაქში გადაყრის პრობლემის მოგვარებაც ვერ შეძლეს. კონტრშეტევაზე ჯერ რიონისპირელთა ბურჯმა გელა მუშკუდიანმა მოახერხა ლელოს გატანა, შეხვედრის მიწურულს კი ‘აიას’ პირველხაზელმა ჯანო მაისურაძემ გამოიჩინა თავი. საბოლოოდ დათო გორდულაძისა და მალხაზ ჩხეტიანის შეგირდებმა 21:3 იმარჯვეს და 2 წლის წინ მოპოვებულ ჩემპიონის ტიტულს, ამჯერად ბრინჯაოს მედლები შემატეს.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ ბიჭებო!!!!ეგრე გააგრძელეთ,ყოველ წელს ახალ-ახალი ტიტულები!წარმატებები,სპორტული იღბალი და ღმერთი თქვენთან!!!ცხვედო მაგარია:))))
tazo
14:16 15-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული