მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მურთაზ კაპანაძემ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო. მას ასევე მოეხსნა 15 000-ლარიანი გირაო და დაუბრუნდება ავტომობილი, რომელიც ავტოსადგომზე იყო.
პროცესს ესწრებოდა თავად მერაბ კვირიკაშვილი.
დღეს პროცესზე რეპლიკები წარმოთქვეს მხარეებმა. პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდების მხარემ ყველა მტკიცებულება წარმოადგინა, რაც კვირიკაშვილის ბრალეულობას ადასტურებდა.
ვალერი კუჭუხიძის თქმით, კვირიკაშვილმა გამოძიების დროს ნამდვილი დამნაშავის შესახებ არ მიაწოდა ინფორმაცია გამოძიებას, რითაც დასტურდება, რომ ღია ფერის ავტომობილი არის გამოგონილი. მისივე თქმით, ექსპერტების კვლევები არაკვალიფიციურია.
შენიშვნებს არ დაეთანხმა დაცვის მხარე.
მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუგზარ კვინიკაძემ განმარტა, რომ მოწმეების ჩვენებებითაც ჩანს, როგორ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მან ასევე განმარტა, რომ მოწმეებმა მეორე გამოკითხვის დროს დაადასტურეს ღია ფერის ავტომობილის არსებობა, რომელმაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა.
მოსამართლის განცხადებით, სასამართლოს აბსოლუტური ჭეშმარიტების დადგენა არ შეუძლია და სასამართლო ექსპერტების ჩვენებებს და საქმეში არსებულ მასალებს დაეყრდნო. მასალებით კი არ გამოიკვეთა კვირიკაშვილის ბრალეულობა.
შეგახსენებთ, 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი, მათ შორის კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლა.
წყარო: ipn.ge
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია