მამუკა გორგოძე: ყველას ვალია, სამშობლოსთვის იმაზე მეტი გაიღოს, ვიდრე შეუძლია

AutoSharing Option
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, არც „მსოფლიო რაგბის“ გამორჩენია და მამუკა გორგოძის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელმაც მოთამაშის შესანიშნავი კარიერა პანდემიის ფონზე, დაახლოებით ერთი თვის წინ დაასრულა:

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ვსაუბრობთ "ბორჯღალოსნების" ლეგენდის, მამუკა გორგოძის ვარსკვლავური საერთაშორისო კარიერის შესახებ.

მამუკა გორგოძე, რაგბის სიყვარულით, მაქსიმუმს გაიღებდა, რათა მისი შესანიშნავი კარიერა მოედანზე დასრულებულიყო. იაპონიის მსოფლიო თასზე თამაშის შემდეგ, ახლა ის უკვე ოფიციალურად დაემშვიდობა რაგბის და ვერავინ იტყვის, რომ მან დასვენება არ დაიმსახურა.

მან საერთაშორისო კარიერას 16 წელიწადი მიუძღვნა, 2003-19 წლებში საკუთარი ქვეყნის სახელით
75 მატჩი ჩაატარა და ოთხ მსოფლიო თასზე ითამაშა. ის ‘ტულონთან’ ზღაპრულ გამომშვიდობებას იმსახურებდა, მაგრამ ჯერ ტრავმამ და მერე COVID-19-მა მას ამის შესაძლებლობა არ მისცა.

„რა თქმა უნდა, გული მწყდება. ეს ის დასასრული არაა, რომელსაც წარმოვიდგენდი, მაგრამ ახლა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. კარიერის განმავლობაში გულშემატკივრისგან სითბო და აპლოდისმენტები არ დამკლებია და ამ სიყვარულს ახლაც ვგრძნობ“ – ამბობს 35 წლის მორაგბე.

ასეთი ხანგრძლივი და სახელოვანი კარიერის შემდეგ მნიშვნელოვანი თამაშის გამორჩევა იოლი არაა, მაგრამ არის ერთი შეხვედრა, რომელიც მუდამ განსაკუთრებული იქნება ადამიანისთვის, რომელსაც „გორგოძილას“ ეძახიან – საქართველოს ნაკრების გამარჯვება ტონგასთან (17:10) 2015 წლის მსოფლიო თასზე.

იმ დღეს, გლოსთერში, გორგოძე დაცვაში კლდესავით შეუვალი იყო, მკერდით შეაჩერა ტონგელთა არაერთი შეტევა და გაიტანა გამარჯვების ლელო, რასაც მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსანთა" ხმაურიანი ზეიმი მოჰყვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ მსოფლიო თასზე რეიტინგით მაღლა მდგარ მეტოქეს სძლია და მეოთხედფინალში გასვლის შანსი გაიჩინა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თამაშები წინა მსოფლიო თასებზეც ჰქონდა მოგებული, მსოფლიო თასზე ტონგას დონის ნაკრები არასდროს გვყავდა დამარცხებული. მე გუნდური მოთამაშე ვარ და ჩემი ყველაზე ძლიერი ემოციებიც სწორედ ამ თამაშს უკავშირდება, რადგან იმ დღეს მთელმა გუნდმა უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ. მხოლოდ ჩვენ გვჯეროდა, რომ ტონგას დამარცხება შეგვეძლო და ამ რწმენით გავიმარჯვეთ კიდეც“, – უყვება გორგოძე „მსოფლიო რაგბის“.

საუკეთესო საუკეთესოთა შორის

მაშინ, როდესაც ტონგასთან გამარჯვებას გორგოძე კარიერის უმაღლეს მწვერვალად მიიჩნევს, "ტულონის" რიგებში 2016 წლის ტოპ 14-ის ფინალში, ბარსელონას „ნოუ კამპზე“ "რასინგ 92"-თან წაგებული მატჩი არის ის შეხვედრა, რომლის გადათამაშებასაც ისურვებდა.

სასიხარულო ამბებს რომ დავუბრუნდეთ, 2015 წლის მსოფლიო თასზე, კარდიფში „ოლ ბლექსთან“ გამართული შეხვედრა მისთვის ასევე სასიამოვნო მოგონებად რჩება, რადგან ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს:

„ლეგენდარულ „მილენიუმზე“ „ოლ ბლექსს“ ვეთამაშებოდით. შეხვედრა 30 ქულის სხვაობით წავაგეთ, მაგრამ მე გამომარჩიეს და ასეთი ვარსკვლავების ფონზე, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს, რაც უდიდესი პატივია“.

"მონპელიეს" ყოფილი მორაგბე ამბობს, რომ რაგბიში გატარებულ დროს მხოლოდ დადებითად აფასებს:

„ყველაფერი, რაც რაგბის ეხება, მომქანცველი ვარჯიშების ჩათვლით, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. თუნდაც ის ადრენალინი, წნეხი, რომელიც ნებისმიერი თამაშის დაწყებას ახლავს და რა თქმა უნდა, მოედანზე გატარებული თითოეული წუთი. ასევე, რა თქმა უნდა, წარმატებით დასრულებული თამაში საფინალო სასტვენის შემდეგ“.

ახლა გორგოძე შინ დაბრუნებას და პოსტრაგბული ცხოვრების დაწყებას აპირებს. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც საფრანგეთში პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები მოიხსნება და საჰაერო მიმოსვლა აღდგება. მამუკა ჯერაც სამაგალითოდ რჩება სხვა მორაგბეებისთვის, თუმცა, თავად გორგოძის აზრით, ის ნაკრების სხვა მოთამაშეებისგან არაფრით გამოირჩევა:

„ყველას ვალია, რომ სამშობლოსთვის მაქსიმუმი გაიღოს, ალბათ, იმაზე მეტიც კი, ვიდრე შეუძლია. ასე ფიქრობს ყველა მორაგბე, ვისაც ნაკრების მაისური აცვია და ამაზე დიდი არაფერია. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ სხვა მორაგბეებზე მაღლა ვდგავარ ან უკეთესი ვარ“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველაფრისთვის დიდი მადლობა კაპიტანო!
888
28 ივნისი 2020 15:25
0
მამუკა, ჯიგარი ხარ დიდ პატივს გცემ მგარამ "იმაზე მეტი გაიღოს, ვიდრე შეუძლია" ოქსიმორონია - იმაზე მეტს ვიდრე შეგიძლია ფიზიკურად ვერ გაიღებ - შეიძლება იმის მაქსიმუმი გაიღო რაც შეგიძლია.
Piper
29 მაისი 2020 21:36
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული