"ბორჯღალოსნები" ქალთა უფლებებისთვის

AutoSharing Option
ზაფხულის ტესტ-მატჩებს "ბორჯღალოსნები" „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში გამართავს და კვართებზე UN Women-ის (გაეროს ქალთა ორგანიზაცია) წარწერით ითამაშებს.

2 და 9 ივლისს "ბორჯღალოსნების" მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთი აფრიკა იქნება და ამ შეხვედრას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდება, რადგან გლობალური პანდემის პირობებში, აფრიკელები 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ პირველ (და მეორე) შეხვედრას საქართველოსთან მართავენ, მერე კი "ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს" ერკინებიან.

17 ივლისს "ბორჯღალოსნები" „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ნაკრებს დაუხვდება და აქაც ანალოგიური კვართებით იქნებიან შემოსილი.

საქართველოს რაგბის კავშირის
პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე:

„ეს არის ქართველი მამაკაცების მხრიდან ქალთა მხარდაჭერის გლობალური მესიჯი, რომელსაც ამ ტესტ-მატჩების ფორმატში სამხრეთ აფრიკიდან გავაჟღერებთ. მიგვაჩნია, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მამაკაცები უნდა ზრუნავდნენ ქალბატონებზე. საქართველოში დედის კულტი მუდამ არსებობდა და იარსებებს. ისტორიას თუ გავიხსენებთ, თამარ მეფის დროს ქალი და მამაკაცი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ასე იქნება მომავალშიც“.

„მზად ვართ უარი ვთქვათ ფინანსურ სარგებელზე, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს ისტორიულ პარტნიორს სოციალურ პროგრამებში UN Women-ს და კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადოთ – ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოს რაგბის კავშირისა და ყველა მორაგბისთვის კატეგორიულად მიუღებელია!“.

"ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი:

„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება და ასეთ მნიშვნელოვან ტესტებს ამ წარწერით ვითამაშებთ. ქალთა მიმართ ძალადობა – მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა და ვუერთდებით მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, ახლა უკვე გლობალური მასშტაბით. ზოგადად ძალადობა და მით უმეტეს ქალთა მიმართ, გონიერებისგან ძალიან შორსაა და ყოვლად დაუშვებელია. მთავარი სპონსორის ადგილზე UN Women-ის წარწერა მესიჯია მთელი მსოფლიოსთვის ქალთა მხარდასაჭერად“.

"ბორჯღალოსნების" კაპიტანი მერაბ შარიქაძე:

„ჩვენთვის პატივია, რომ მონაწილეობას მივიღებთ ამ პრობლემის მიმართულებით ცნობიერების ხარისხის გაზრდაში და მეტ გლობალურ ყურადღებას მივიქცევთ ასეთი სოციალური პროექტების პოპულარიზაციის კუთხით. მოხარულები ვართ, ასეთი მესიჯით რომ გავალთ ზაფხულის ტესტების უმნიშვნელოვანეს თამაშებზე. გვსურს კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ მსოფლიოში ეს პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს და ვისაც რითი შეგვიძლია, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ სიტუაციის გამოსასწორებლად“.

საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობების შემსრულებელი თამარ საბედაშვილი

„მრავალი წელია, რაც რაგბის კავშირი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, ამ საკითხში ჩვენ თანამებრძოლები ვართ. ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ "ბორჯღალოსნები" ასეთ მნიშვნელოვან მატჩს ქალთა უფლებებსა და მათ გაძლიერებას უძღვნის“.

ინიციატივას, რომლის მიზანია 2030 წლისთვის ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, უერთდება მსოფლიო თასის გამარჯვებული, სამხრეთ აფრიკის კაპიტანი სია კოლისი:

„ამ ბრძოლაში მხოლოდ ქალები ვერაფერს გახდებიან. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ პრობლემა ჩვენშია და ვეცადოთ, გავხდეთ უკეთესები. უნდა გადავეჩვიოთ ბევრ რამეს, თუნდაც ქალებთან საუბრისას დამოკიდებულებას მათ მიმართ და ეს უნდა ხდებოდეს როგორც სახლში, ასევე სკოლაში. მნიშვნელოვანია, რომ აღვზარდოთ ჩვენი ბიჭები და არ გახდნენ გოგონები დასაცავები. ჩემი სურვილია, რომ ჩემმა 5 წლის ბიჭმა ეს შეიგნოს, რისთვისაც აღზრდის პროცესის მიმართ მომთხოვნი ვარ და მიმაჩნია, რომ ეს საუკეთესო არჩევანია“.

ქართველ მორაგბეებს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ. თანამშრომლობა ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში კაცების მონაწილეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ქართველმა მორაგბეებმა ამ მოძრაობას, გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ – UNiTE to End Violence against Women და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობა გენდერული თანასწორობისთვის HeforShe ეგიდით, არაერთი საერთაშორისო მატჩი მიუძღვნეს. ამასთან, ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ კაცებსა და ბიჭებს ხვდებიან და მათ ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის დაუშვებლობაზე ესაუბრებიან.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
eg kaia, mara meshinia cisartyelamde ar migviyvanon da erti rac dagvrcha, egec ar shegvazulon(((
Rezie
18:42 22-06-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული