ქარის თასი - "შავი ლომი" დაუმარცხებელი "გრიფონსის" წინააღმდეგ

AutoSharing Option
ხვალ ვილკომში, საქართველოს დროით 17:00 საათზე, "შავი ლომი" ქარის თასის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდ "გრიფონსს" ეთამაშება.

მოცემულობა შესაძლოა სხვაგვარი ყოფილიყო, მაგრამ რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალსა და ფინალში თამაშის გამო "შავი ლომი" აპრილის მიწურულს სამხრეთ აფრიკაში ვერ ჩავიდა და მეტოქეს მოგება ჩაეთვალა.

ნებისმიერ შემთხვევაში "გრიფონსი" ტურნირის უძლიერესი გუნდია. მან 8-იდან 7 თამაში ბონუსით მოიგო და 4 ლელო მხოლოდ "ელეფანტს" ვერ დაუდო, თუმცა გასვლით შეხვედრაში გამარჯვება მაინც მოახერხა – 23:13. საბოლოო ცხრილში ჩვენმა მომდევნო მეტოქემ 44 ქულა მოაგროვა, გაიტანა 51 ლელო და 435
ქულა, თავად კი 20 ლელო და 174 ქულა გაუშვა.

"შავი ლომის" სამწვრთნელო შტაბისთვის "გრიფონსთან" თამაში ყველაზე მეტად საინტერესოა და მას ნაადრევ ფინალად განიხილავენ, მით უმეტეს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ "ბორჯღალოსანთა" ნაწილი სამშობლოში დაბრუნდება, ძალებს აღიდგენს და ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის მზადებას შეუდგება.

გასულ კვირაში "გრიფონსი" ისვენებდა, "შავმა ლომმა" კი "ლეოპარდს" 24:14 აჯობა, 4 ლელოს გატანისთვის ბონუსიც მიითვალა და საპლეიოფო ოთხეულში ადგილი დაიმკვიდრა.

იმ თამაშის შემდეგ ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში 4 ცვლილებაა. ფრთაზე ბრუნდება ალექსანდრე თოდუა, ცენტრში კი - დემე თაფლაძე, რომელმაც "ლეოპარდსთან" ფრთაზე ითამაშა. ხაზის მოთამაშეებიდან ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს თენგიზ პერანიძემ, ლუკა მატკავამ, მერაბ შარიქაძემ, აკა ტაბუცაძემ და მირიან მოდებაძემ.

სამი ცვლილებაა შერკინებაში. კვაჭის პოზიციაზე მოედანზე პირველივე წუთებიდან გავა შალვა მამუკაშვილი, თენგიზ ზამთარაძემ მარქაფაში გადაინაცვლა. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილის ნაცვლად თამაშს იწყებს მიხეილ ბაბუნაშვილი. ძირითადში ბრუნდება მესამეხაზელი სანდრო მამამთავრიშვილი.

შერკინებაში ადგილი შეინარჩუნეს ნიკა აბულაძემ, ნიკა ხატიაშვილმა, ლაშა ჯაიანმა, ლუკა ივანიშვილმა და თორნიკე აქუბარდიამ.

მარქაფაში ორი ახალი სახეა – ბურჯი გოგა ქადარია და ხაზში ოთარ ლაშხი. გუნდს შეცვლებიდან გააძლიერებენ თენგიზ ზამთარაძე, ნიკა პატარაია, სანდრო ქოიავა, კოკი თხილაიშვილი, გიორგი ბეგაძე და გიორგი ბაბუნაშვილი.

ქარის თასი. ნახევარფინალი. 17 ივნისი

Pelatona Projects Stadium. 17:00 (საქ. დრო)

შავი ლომი – გრიფონსი

შავი ლომი

ხაზი:
15. მირიან მოდებაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა პატარაია, 19. სანდრო ქოიავა, 20. კოკი თხილაიშვილი; 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. ოთარ ლაშხი.

ელეფანტსი – იგლზი (18 ივნისი)

rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
,,გრიფონსი'' ძლიერი გუნდია, სწრაფ რაგბს თამაშობს და ბევრ ლელოებს დებს. ჩვენ მათ სწრაფ და არეულ თამაშში ვერ ვაჯობებთ. გახსოოვთ, ფიჯის ჩაკეტილი თამაში რომ ვეთამაშეთ და ფრედ დასრულდა ის მატჩი, ზუსტად იმ სტილში უნდა ვითამაშოთ, თამაში ჩავკეტოთ, ტემპი დავუგდოთ, გუნდმა აკოს და თოდუას ფლანგური გარღვევები უნდა უზრუნველყოს და შერკინებაში უნდა მივჯირყვნოთ... აქცენტირება მამა-პაპურ მოლზე უნდა მოხდეს .... ლევან, ჭკვიანო კაცო, დაიმახსოვრეთ, მხოლოდ ესაა ჩვენი შანსი...
გიორგი-50
01:54 17-06-2022
0

სიახლეები პოპულარული