"შავი ლომი" | ტრავმირებულთა ნაწილი ისრაელში ბრუნდება

AutoSharing Option
"შავი ლომის" ტრავმირებულ მოთამაშეთა ნაწილმა რეაბილიტაცია დაასრულა და გუნდს რაგბი ევროპის სუპერთასის მე-4 ტურში, ისრაელში "თელავივ ჰითის" წინააღმდეგ ითამაშებს.

"ჰითი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც ქართულ ფრენჩაიზს აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ წრეში ქულები აართვა. ქუთაისში ერთი თვის წინ გამართული შეხვედრა ფრედ 25:25 დასრულდა. მას შემდეგ "შავმა ლომმა" რუმინული "ვულვზი" დაამარცხა (43:21) და სატურნირო ცხრილს 12 ქულით ლიდერობს, ებრაელები კი 6 ქულით მეორე ადგილზე არიან.

სუპერთასის მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშებს ლაშა ხმალაძე, რომელსაც პირველი წრე ტრავმის გამო გაუცდა. ის ფულბეკის პოზიციაზე მირიან მოდებაძეს ჩაანაცვლებს,
რომელიც დაშავდა და ისრაელსა და რუმინეთში ვერ ითამაშებს. მერაბ შარიქაძის ტრავმის ფონზე, თელ-ავივში გუნდს სწორედ ხმალაძე უკაპიტნებს.

შარიქაძის ნაცვლად ცენტრში თამაშს ლაშა ლომიძე იწყებს. მან "ვულვზთან" ტრავმა მიიღო, თუმცა ახლა მწყობრშია და ცენტრში დემე თაფლაძეს შეუწყვილდება. ფრთაზე ზედიზედ მეოთხე თამაშს იწყებს აკა ტაბუცაძე, სანდრო თოდუა კი ძირითადში მესამედაა. მიმდინარე სეზონში მგეზავის პოზიციაზე თამაშს პირველად იწყებს გიორგი ბაბუნაშვილი, 9 ნომრის პოზიციაზე კი ზედიზედ მეოთხედ ვიხილავთ თენგიზ პერანიძეს.

შერკინებაში ზედიზედ მეოთხე თამაშს იწყებენ მარჯვენა ბურჯი ნიკა პატარაია, მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი და მესამეხაზელები – სანდრო მამამთავრიშვილი და ლუკა ივანიშვილი. მარცხენა ბურჯი გოგა ქადარია იქნება, ხოლო კვაჭად გიორგი ჭყოიძეს ვიხილავთ. ტრავმის შემდეგ ძირითადში ბრუნდება მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი. ძირითადში ზედიზედ მესამედაა მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე.

"შავი ლომის" პირველ ხაზს მარქაფიდან შალვა მამუკაშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი და გიორგი ჩხარტიშვილი გააძლიერებენ. მეორე ხაზში შეცვლაზე გიორგი კერვალიშვილი, ხოლო მესამეში პაატა გალდავას ვიხილავთ. 9 ნომრის პოზიციაზეა გიორგი მარგალიტაძე, მგეზავად ლუკა მატკავა, რომელიც წინა სამივე შემთხვევაში ძირითადში იყო, ხოლო ხაზში ოთარ ლაშხი გამოჩნდება.

ერთი თვის წინ "ჰითთან" ფრედ ნათამაშებ მატჩთან შედარებით, სასტარტო შემადგენლობაში 4 ცვლილებაა. ძირითადში არიან ხმალაძე, თაფლაძე, ბაბუნაშვილი და ქადარია. "ვულვზთან" სამი კვირის წინ მოგებული მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 5 ახალი მორაგბეა – 2 ხაზში და 3 შერკინებაში. თამაშს იწყებენ ხმალაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ქადარია, ჭყოიძე და მიხეილ ბაბუნაშვილი.

"ჰითისა" და "შავი ლომის" შეხვედრა კვირას საქართველოს დროით 15 საათზე დაიწყება.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ჯგუფური ეტაპი. IV ტური
16 ოქტომბერი. თელავივი. 15:00
თელავივ ჰითი (ისრაელი) – შავი ლომი (საქართველო)
შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (კაპ.), 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. გოგა ქადარია, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გიორგი კერვალიშვილი, 20. პაატა გალდავა; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლუკა მატკავა, 23. ოთარ ლაშხი.

Rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
სად ბუკა და სად ლომიძე. ტექნიკის ნატამალი არ გააჩნია
ეუფ
23:29 15-10-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული