ჩვენი გუნდი მაისში მოპოვებულ ტიტულს 17 დეკემბერს, 16 საათზე, "ავჭალაზე" დაიცავს და მისი მეტოქე "თელავ-ივ ჰითი" იქნება. სუპერთასი მეორედ თამაშდება და გადამწყვეტ შეხვედრას თბილისი პირველად უმასპინძლებს. პირველი გათამაშების ფინალი ლისაბონში გაიმართა და მაშინ "შავმა ლომმა" პორტუგალიური "ლუზიტანუში" 17:14 დაამარცხა.
მომავალი ფინალისტები სუპერთასის აღმოსავლეთ კონფერენციაში თამაშობდნენ და პირველ-მეორე ადგილი დაიკავეს. "შავმა ლომმა" 4 თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთში მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა. საგულისხმოა, რომ
4 დეკემბერს, ნახევარფინალში, ლევან მაისაშვილის შეგირდებმა "ავჭალაზე" ესპანური "იბერიანსი" ლამაზ სტილში, 41:9 დაამარცხეს, "ჰითმა" კი "ლუზიტანუშს" პორტუგალიაში 30:22 მოუგო და სწორედ ამ შეხვედრის შედეგმა არგუნა თბილისს ფინალური მატჩის მასპინძლობა.
"გარდა იმისა, რომ ფინალია, სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი თამაში გველის, რადგან ვხვდებით გუნდს, რომელთანაც წელს ერთი შეხვედრა დავთმეთ და ახლა რევანშის შესაძლებლობა გვექნება. "ჰითი" პირველადაა ფინალში, თასის მოგების ასეთი შანსი არასდროს ჰქონია და დარწმუნებული ვარ, მაქსიმალური მონდომებით ითამაშებს. მეტოქეს კუნძულელი და აფრიკელი, კარგი ინდივიდუალისტები ჰყავს. რაც მთავარია, ზუსტად ვიცით, რა უნდა დავუპირისპიროთ მეტოქეს და ვეცდებით, ჩვენი ნაფიქრი მოედანზე გადავიტანოთ", - ამბობს მაისაშვილი და განაგრძობს:
"გასული კვირა ძირითადად აღდგენას დავუთმეთ, გვქონდა ვარჯიშებიც, ორშაბათიდან კი "შევარდენზე" შევიკრიბეთ. გვაქვს მცირე ტრავმები და ხვალ-ზეგ გაირკვევა, ვინ შეძლებს თამაშს და ვის მოუწევს ფინალის გამოტოვება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფინალს საკუთარ მოედანზე ვატარებთ. ამით მგზავრობასთან დაკავშირებულ სირთულეებს ავირიდებთ. სამწუხაროდ, ნახევარფინალურ შეხვედრაზე მაყურებლის დასწრება კრიტიკას ვერ უძლებდა, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ფინალის სანახავად ბევრი ქომაგი მოვა. ამ ბიჭების 55% სანაკრებო ბირთვს წარმოადგენს. ეს არის სანაკრებო ფრენჩაიზი, რომელიც მთელ ქვეყანას წარმოადგენს და მას მხარდაჭერა ისევე სჭირდება, როგორც ნაკრებს“.
Rugby.ge
მერედა, ვინ გიშლით ხელს, რო ასეთი თამაშები თბილისს არ შეტენოთ? არ აინტერესებს დედაქალაქს არც შავი ლომი, არც ნაკრები, მანდ "ტუსოვკებზე" მიეჩქარება ხალხს. გასასამართლებელი საბუთიც სულ აქვთ, ზაფხულში ცხელა, ზამთარში ცივა. რა გიშლით ხელს რომ შავი ლომის თამაშები სრულად რეგიონებში გაიტანოთ. მშვენიერი ბაზები გვაქვს: ფოთში, ასპინძაში, გორში, თელავში, იქ ხალხს ნაკრების ბიჭების ნახვა უხარია და გაივსებოდა სტადიომები. დასწრება უკეთესი იქნებოდა ქუთაისში, ბათუმში და რუსთავშიც. რამდენი წელია ეს პრობლემაა და არაფერი გაკეთებულა მის მოსაგვარებლად!