7-კაცა | ოთხი ცვლილებით ევროპულ თამაშებზე

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა პოლონეთში გაემგზავრა, სადაც 25-27 ივნისს ევროპული თამაშების გავლით, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვებას ეცდება.

„დამოუკიდებელი საქართველოს პირველი გუნდი ოლიმპიადაზე“ – ასეთია ჩვენი გუნდის დევიზი, რომელმაც პოლონეთში გამგზავრებამდე მარტყოფის სარაგბო ბაზაზე სამდღიანი შეკრება გაიარა.

„გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ხანმოკლე შეკრებები ბევრად უფრო ეფექტურია. ასეთი მოქნილი მზადების სისტემის დროს ვარჯიშები უფრო ინტენსიურია და მასში ყველა მაქსიმალურადაა ჩართული. გავიარეთ დაცვის და შეტევის სისტემები და ვფიქრობ, პოლონეთში კარგად მომზადებული მივდივართ. მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს, რომლებიც უდიდ
ესი პასუხისმგებლობით უდგებიან საქმეს და მთელი ეს პერიოდი დისციპლინის მხრივ მინიმალური პრობლემაც არ შეგვქმნია. ყველამ თავდაუზოგავად იშრომა და ზუსტად ვიცი, მაქსიმუმს გაიღებენ სასურველი შედეგის მისაღწევად“ – ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე.

თავს არავინ დაზოგავს

მას შემდეგ, რაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე საქართველომ ფინალი ითამაშა და მეორე ადგილი დაიკავა, კრაკოვში, ევროპულ თამაშებზე "ბ" ჯგუფში ესპანეთთან, ბელგიასთან და ჩეხეთთან ერთად მოხვდა. "ა" ჯგუფში ირლანდია, გერმანია, იტალია და პოლონეთი, ხოლო "გ" ჯგუფში დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, ლიეტუვა და რუმინეთი ითამაშებენ.

„ვიცოდით, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპის შედეგები განსაზღვრავდა, თუ ვინ იქნებოდა ჩვენი მეტოქე ევროპულ თამაშებზე. ჩეხეთი და ბელგია შედარებით სუსტი მოწინააღმდეგეები არიან, თუმცა ისიც გააზრებული გვაქვს, რომ კრაკოვში ყველა გუნდი მაქსიმუმს ეცდება და იოლი თამაში არც ერთი იქნება. ვეცდებით, ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდეთ, რათა მეოთხედფინალში შედარებით იოლი თამაში გვქონდეს. პორტუგალიაში ფინალში გასვლით თამასა ძალიან მაღლა ავწიეთ, მოლოდინი გავაჩინეთ და ფაქტობრივად, უკანდასახევი გზა მოვიჭერით. ზუსტად ვიცი, რომ მიზნის მისაღწევად კრაკოვში თავს არავინ დაზოგავს და დანარჩენს უშუალოდ თამაშები დაგვანახებს“ – აღნიშნავს ხამაშურიძე.

ევროპულ თამაშებზე საქართველო 25 ივნისს ჯგუფური ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს – საქართველოს დროით 14:52 საათზე ჩეხეთთან და 20:30 საათზე ბელგიასთან. 26 ივნისს ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩია ესპანეთთან (14:30), საღამოს კი მეოთხედფინალური შეხვედრა გველის. 27 ივნისსაა დაგეგმილი ნახევარფინალები და ფინალები. ევროპული თამაშების გამარჯვებული გუნდი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებს, მეორე და მესამე გუნდი კი მიზნის მიღწევას საკონტინენტთაშორისო შესარჩევი ტურნირის მოგებით ეცდება.

გამოცდილი რაზმით

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ, ალგარვეს ეტაპზე ნათამაშევი შემადგენლობიდან, კრაკოვში ოთხი ვერ მიდის. მათ ნაცვლად 13-კაციან განაცხადში არიან "ბათუმის" გამოცდილი უკანახაზელები – გიორგი ფრუიძე და ანზორ სიჭინავა, ასევე "ლოკომოტივის" ახალგაზრდა მორაგბეები – რომან მახათაძე და ლუკა სახელაშვილი.

„ცვლილებები ძირითადად ტრავმებმა განაპირობა. ბიჭებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მათ ნაცვლად კრაკოვში გიორგი ფრუიძე და ანზორ სიჭინავა მიგვყავს. ორივეს აქვს 7-კაცას გამოცდილება და მათ ვარჯიშებს სწრაფად აუღეს ალღო. ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე ამ ბიჭების გამოცდილება ძალიან გამოგვადგება. ასევე დაგვემატნენ ახალგაზრდა რომან მახათაძე და ლუკა სახელაშვილი. რომა დიდი ხანია ჩვენთან ვარჯიშობს, ათლეტური და ენერგიული მოთამაშეა. ლუკა 20-წლამდელთა შეკრების შემდეგ შემოგვიერთდა. მას დიდი 10-იდან ვიცნობ და ფეთქებადი, ძლიერი მოთამაშეა“ – ასე ახასიათებს ახალ მორაგბეებს ხამაშურიძე.

მარტყოფში, საწვრთნელ შეკრებაზე შესვლამდე, 7-კაცა ოლიმპიურ კომიტეტში მიღებაზე იყო, სადაც ოლიმპიური ფიცი დადო, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმს გაიღებს ქვეყნის სასახელოდ.

7-კაცას შემადგენლობა ევროპულ თამაშებზე:

ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), ბექა გელხვიძე (ლელო), ირაკლი სიმსივე (აია), სოსო მათიაშვილი (შავი ლომი), სერგი ჩხაიძე (ყოჩები), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), გიორგი ფრუიძე (ბათუმი), რომან მახათაძე (ლოკომოტივი), გიორგი ჯობავა (ხვამლი), გაგა ქევხიშვილი (ლელო), ანზორ სიჭინავა (ბათუმი), ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

ფიზ. მომზადება: გიორგი მაისურაძე

ექიმი: გიორგი გვაზავა

ფიზიო: დავით კობახიძე

ვიდეო: ლადო კუპრეიშვილი

მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული