7-ქალას საუკეთესო შედეგი - მესამე ადგილი ბუდაპეშტში

AutoSharing Option
საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის ალაფის მეორე, ბუდაპეშტის (უნგრეთი) ეტაპი არსებობის ისტორიაში საუკეთესო, მესამე პოზიციაზე დაასრულა. ორი ეტაპის ჯამში, გოგონებმა ფინეთის მსგავსად 30 ქულა მოაგროვეს, თუმცა მას დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩნენ და მეოთხე ადგილს დასჯერდნენ, რაც ჩვენი გუნდის საუკეთესო შედეგია.

ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილის დაკავების შემდეგ, ჯაბა მალაღურაძის შეგირდები 1/4-ფინალში ლატვიას შეხვდნენ. თამაში საქართველოს უპირატესობით წარიმართა. თეონა ჩიტაიშვილმა ერთი, ხოლო მარიამ გოგუაძემ მეტოქეს ორი ლელო გაუტანა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია გოგუაძის მეორე ლელო, რომელიც 95-მეტრიანი შეტევის შედეგად გავიდა. სულ ბოლოს მეტოქემ ერთი ლელო
გაქვითა და შეხვედრა 15:5 დასრულდა.

ნახევარფინალში, მომავალ ჩემპიონ უკრაინასთან გოგონებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა ტაიმის ბოლოს კაცნაკლულები დარჩნენ, მეტოქე 19 ქულით დაწინაურდა და საბოლოოდ 33:0 გაიმარჯვა.

ასეთი შედეგის მიუხედავად 7-ქალა მესამე ადგილისთვის მატჩში მობილიზებული გამოვიდა და ფინეთთან ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისთვის (10:12), ღირსეული რევანში აიღო. პირველი 7 წუთი საქართველომ მეტოქის ნახევარზე გაატარა, ხისტი ბოჭვებით ფინეთს გასაქანი არ მისცა, თუმცა თავად მხოლოდ ერთ ლელოს დაჯერდა. მანონი საღარაძემ მცველი ცრუმოძრაობაზე დაიჭირა და ხაზი გაჭრა, სალომე საღარაძემ კი გარდასახა.

მეორე ტაიმში მანონიმ ერთხელაც გაიბრწყინა, ხაზი ამჯერად ჩვენს ნახევარზე გაჭრა და 60-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა. ტაიმის მიწურულს ფინეთმა შეძლო ერთი ლელო-გარდასახვის გაქვითვა, თუმცა გოგონებმა მათ მეტის საშუალება არ მისცეს და ბუდაპეშტის ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულეს.

საქართველოს 7-ქალა რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპზე (ბუდაპეშტში):

თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), სალომე საღარაძე (თბილისი), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (თბილისი), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი), ანა კაპანაძე (ოზურგეთი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანანო ხაბულიანი (ლოკომოტივი), ნინო წიკლაური (თბილისი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ გოგოებო!ასე განაგრძეთ!სამწუხაროდ,ვერსად ვნახე,სად შეიძლებოდა ყურება!
სოსო
09:46 09-07-2023
1

სიახლეები პოპულარული