თასის ნახევარფინალში თამაში ორივე გუნდს განაღდებული აქვს. "შავმა ლომმა" პირველ ტურში ესპანური "იბერიანსი" დაამარცხა ბონუსით (თბილისში 39:19), ორი დღის წინ კი ლისაბონში პორტუგალიურ "ლუზიტანუშს" სძლია (22:0) და მაქსიმუმი, 10 ქულა მოაგროვა. ორივე თამაში ბონუსით მოიგო "ჰითმაც" – "ლუზიტანუშთან" ლისაბონში 31:23 და ვალიადოლიდში "იბერიანსთან" 38:20.
"შავი ლომი" "ჰითს" დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნის და პირველ ადგილს ფრის შემთხვევაშიც ინარჩუნებს. "ცირიონ სთადიუმზე" შეხვედრა საქართველოს დროით
მზადება პორტუგალიაში
„იყო ალბათობა, რომ "ჰითთან" პარიზში გვეთამაშა. ამიტომ, ტურნე თავიდანვე ასე დავგეგმეთ. ლისაბონში მოვემზადებით, ლიმასოლში ოთხშაბათს გავფრინდებით“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და "ლუზიტანუშთან" განვლილ შეხვედრას აფასებს:
„ისევე, როგორც "შავი ლომი" საქართველოსთვის, "ლუზიტანუში" პორტუგალიის სანაკრებო ბირთვია და კარგად ვიცით, რასაც თამაშობენ. ამ გუნდს ისეთივე ტაქტიკა დავუპირისპირეთ, როგორიც მსოფლიო თასზე პორტუგალიას. ორიენტირებულები ვიყავით კონტაქტის არეში უპირატესობის მოპოვებაზე და მთელი 80 წუთი ვდომინირებდით. მეტოქე შეჯგუფებებში პირწმინდად დავჯაბნეთ და სხვაობა გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო, თუმცა ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. აგრესიულები ვიყავით დაცვაში და მეტოქეს ქულის აღების შესაძლებლობა არ მივეცით. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, რადგან რაც დავგეგმეთ – ბონუსით მოგება – შესრულებულია!“.
ტრავმირებულები
მომავალი თამაშისთვის ტრავმირებული მოთამაშეებიდან "შავ ლომს", შესაძლოა, ნოდარ ჭეიშვილი და გიორგი ჩხარტიშვილი დაუბრუნდნენ. ოდნავ მოგვიანებით ელიან მირიან მოდებაძის, დემე თაფლაძისა და თენგიზ ზამთარაძის დაბრუნებას. სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში გუნდს ვეღარ დაეხმარებიან შალვა მამუკაშვილი და მიხეილ გაჩეჩილაძე.
„ტრავმირებული მოთამაშეთა ნაწილი ეტაპობრივად დაგვიბრუნდება. სამწუხაროდ, გვყავს ისეთები, რომლებისთვისაც ეს სეზონი დასრულდა. აღსანიშნავია, რომ განვლილ თამაშებში "შავი ლომის" შემადგენლოობაში ახალი სახეები მრავლად გამოჩნდნენ და მათი ინტეგრაცია ძალიან კარგად მიმდინარეობს“ – აღნიშნა მაისაშვილმა.
ურთიერთშეხვედრები
აქამდე "შავ ლომსა" და "ჰითს" ერთმანეთში 5-ჯერ უთამაშიათ. სუპერთასის პირველ გათამაშებაში "ჰითს" ორივე შეხვედრა ბონუსით მოვუგეთ – თბილისში 33:10 და ფეთაჰ თიქვაში 52:28. 2022 წელს ისრაელის გუნდს ჯგუფურ ეტაპზე ვერცერთხელ ვაჯობეთ. თბილისში თამაში ფრედ, 25:25 დასრულდა, თელ-ავივში კი მასპინძლებმა 24:18 მოიგეს. ორიოდე თვეში "ჰითს" უკვე სუპერთასის მეორე გათამაშების ფინალში შევხვდით და „ავჭალაზე“ 29:17 დავამარცხეთ.
მომავალი მეტოქის შესახებ მაისაშვილი ამბობს:
„ისინი ყოველ წელს აახლებენ შემადგენლობას. მუდამ ცდილობენ პრობლემური რგოლების უკეთესი მოთამაშეებით გაძლიერებას და შეჯგუფებში წინა წლებთან შედარებით გაცილებით ძლიერად გამოიყურებიან. ისინი უკეთესები არიან შერკინებაში და განვლილ ორ შეხვედრაში მოლით არაერთი ლელო გაიტანეს. ტრადიციულად, არსად წასულა მათი ინდივიდუალიზმი. მგეზავი უნარიანად მართავს თამაშს და კარგი ფეხი აქვს“.
„თუმცა ამ გუნდს აქვს სისუსტეებიც და თუ სისტემურად გამართულ რაგბის ვითამაშებთ, უპირატესობა აუცილებლად გვექნება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სუპერთასის მოგების გარდა, ჩვენი მიზანი ჩელენჯ თასისთვის სელექცია და მომზადებაა“.
rugby.ge