ჩელენჯ თასი | დებიუტისთვის 23 შეირჩა

AutoSharing Option
"შავი ლომის" სამწვრთნელო შტაბმა ჩელენჯ თასის სადებიუტო შეხვედრისთვის 23 მოთამაშე შეარჩია.

ქართული ფრენჩაიზი ისტორიულ მატჩს 9 დეკემბერს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ ინგლისური "გლოსტერის" წინააღმდეგ, 17 საათზე გამართავს.

ნაცადი ხაზით

თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მოთამაშეებს, "შავი ლომი" 1.5-საუკუნოვანი ისტორიის მქონე მოწინააღმდეგეს უძლიერესი შემადგენლობით ხვდება.

გასულ შაბათს რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში ესპანური "იბერიანსის" 41:0 დამარცხების შემდეგ, დამწყებ 15-ში ორი ცვლილებაა. გამთამაშებლად ბრუნდება თენგიზ პერანიძე, რომელიც ლუკა მატკავას შეუწყვილდება, გიორგი მარგალიტაძემ კი მარქაფაში გადაინაცვლა.

ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება, რომელიც "გლოსტერის"
ღირსებას 2,5-წლის განმავლობაში იცავდა, ზაფხულში სამშობლოში დაბრუნდა და ახლა "შავი ლომის" კვართით თავის ყოფილ გუნდს შეუტევს.

ფრთებზე გამოცდილი მორაგბეები, ცენტურიონი "ბორჯღალოსანი" სანდრო თოდუა და საუკეთესო მელელოვე აკა ტაბუცაძე იდგებიან, ფულბეკი კი ახალგაზრდა ლუკა ცირეკიძეა.

ცნობისათვის:"‘შავი ლომის" საუკეთესო მელელოვე აკა ტაბუცაძეა. მან მეტოქეები 20-ჯერ დაალელოვა, საუკეთესო მექულე კი ლუკა მატკავაა, რომელმაც გუნდს ჯამში 200 ქულა შესძინა.

მარქაფაში კიდევ ორი მოთამაშეა და სანაკრებო გამოცდილება ზურგს მათაც უმაგრებს. ესენი არიან თორნიკე კახოიძე და მირიან მოდებაძე, რომელიც მსოფლიო თასზე მიღებული სახის ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშებს და მოედანზე სპეციალური დამცავი ნიღბით გავა.

ერთი ცვლილება შერკინებაში

"იბერიანსთან" სარეკორდო სხვაობით გამარჯვების შემდეგ, ერთი ცვლილებაა შერკინების ხაზშიც. ბურჯმა ნიკა ხატიაშვილმა მცირე ტრავმა მიიღო, "გლოსტერთან" ჯახს ტოვებს და მის ნაცვლად მარქაფიდან დათო აბდუშელიშვილი დაწინაურდა. ზედიზედ მეორე თამაშს იწყებენ კვაჭი ირაკლი ქვათაძე და მარჯვენა ბურჯი გიორგი ჩხარტიშვილი.

ორი ცვლილებაა პირველი ხაზის მარქაფაში, სადაც დებიუტანტი ალიკო შამილიშვილი გამოჩნდა, რომელიც "შავ ლომს" ახლახან შეუერთდა. მარქაფაში დაბრუნდა მარჯვენა ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე, ქვათაძეს კი ბექა მამრიკიშვილი შეცვლის.

უცვლელია მეორე ხაზი, სადაც ნოდარ ჭეიშვილი და მიხეილ ბაბუნაშვილი შეწყვილდებიან. მარქაფიდან ჩაერთვება თამაშში დემურ ეფრემიძე.

მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს მესამე ხაზის სამეული – ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი და ილია სპანდერაშვილი. ივანიშვილი ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც "შავი ლომის" არსებობის განმავლობაში ყველა თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული. მესამე ხაზის შეცვლაზეა გიორგი კერვალიშვილი.

ზეიმი დილიდან

რაგბი თამაშთან ერთად დიდი ზეიმია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქართული რაგბისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საკლუბო ტურნირის კარი გაიხსნა.

სადებიუტო თამაშს გულშემატკივარიც განსაკუთრებული მონდომებით ელოდება და მათ „მიხეილ მესხის“ მიმდებარედ მისვლა და საზეიმო განწყობის შექმნა 13 საათიდან შეეძლებათ.

ქომაგებს ადგილზე დახვდებათ სხვადასხვა სახის საკვები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები, დიდი ეკრანი და DJ განწყობის კიდევ უფრო ასამაღლებლად. 14:30 საათზე დაიწყება „ცირკუს მირკუსის“ კონცერტი, 17 საათიდან კი "გლოსტერს" ერთიანი ენერგიით შევუტევთ.

2023/24 წლების EPCR ჩელენჯ თასი
მესამე ჯგუფი. პირველი რაუნდი
თბილისი. „მიხეილ მესხი“. 9 დეკემბერი. 17:00
შავი ლომი (საქართველო) – გლოსტერი (ინგლისი)
შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. მირიან მოდებაძე.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
დღეს რეალურად გამოჩნდება, რეალურად ქართული რაგბი რა ეტაპზეა და მისი შუქ-ჩრდილები... იმედი, მაქვს ღირსეულთა ჯახი იქნება...
გიორგი 50
13:54 09-12-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული