The Times: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისში – ევროპის ყველაზე დაუფასებელი სარაგბო ქალაქი

AutoSharing Option
პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Times-ის ჟურნალისტმა მარკ პალმერმა, ჩელენჯ თასზე ‘კლერმონთან’ გამართული მატჩის კვირა საქართველოში გაატარა და აქაური გარემო ბრიტანელებს გააცნო:

„‘შავი ლომის’ ჩელენჯ თასში მონაწილეობამ ქართულ კულტურასთან, ისტორიასთან და ღვინოსთან გვაზიარა. ამავდროულად, მან დამატებითი ბიძგი მისცა ამბიციას, რომ საქართველო გახდეს ექვსი ერის ნაწილი.

„მიხეილ მესხის“ სტადიონზე 17 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რათა ჩელენჯ თასზე ‘შავი ლომისა’ და ‘კლერმონის’ თამაშისთვის ეყურებინა.

‘ტულუზის’, ‘ლესტერისა’ და ‘მანსტერის’ გამოკლებით, რომლებმაც ჯამში 9-ჯერ მოიგეს ჩემპიონთა თასი, „მიხეილ მესხზე“ უფრო მეტი მაყურებელი შეიკრიბა, ვიდრე ევროტურნირების
ნებისმიერ სხვა მატჩში.

Sportall.Ge

სამწლიანი შეთანხმების ფარგლებში, ეს იყო ‘შავი ლომის’ პირველი სეზონი ჩელენჯ თასზე, რომელმაც საქართველოს რაგბის კავშირის მიერ მართულ ფრენჩაიზს სასიცოცხლო მნიშვნელობა უნდა შესძინოს ელიტურ საკლუბო დონეზე.

მთელ ქვეყანაში იმედოვნებენ, რომ ამ შესაძლებლობას კარგად გამოიყენებენ, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა და უახლოეს წლებში ქართული რაგბისთვის კიდევ არაერთი ოქროს კარი გაიღება.

ქართველებს სურთ, რომ მათი ფრენჩაიზი გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში (URC) ჩაერთოს, საბოლოო მიზანს კი ექვს ერში ადგილის მოპოვება წარმოადგენს.

‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის ოთხი შეხვედრიდან სამში, კონკურენტუნარიანი იყო. შობამდე მათ დაამარცხეს ‘სქარლეთსი’, 150-წლიანი ისტორიის მქონე ‘გლოსტერს’ კი თბილისში მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩნენ.

საფრანგეთში, ‘კასტრთან’ მატჩის საყურებლად 1000-ზე მეტი ქართველი ქომაგი ჩავიდა, ერთი კვირის შემდეგ კი თბილისში ერთ დღიანი ზეიმი გაიმართა. ყველაფერი ქართული კერძების მომზადების დაიწყო, შედგა დაიანა კინგის მინი-კონცერტი, რის შემდეგაც ფანებმა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სტადიონის ტრიბუნებზე გადაინაცვლეს. თამაშის შემდეგ ქართველი და ფრანგი მაყურებელი ერთად საღამომდე ერთობოდა, სანამ ადგილობრივი სასტუმროებს მიაშურეს, სადაც ქართული ღვინის წარმოების 8-ათასწლიან ისტორიას გაცნობდნენ.

ეს არის ევროპულ რელსებზე თბილისის დამკვიდრებისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. თბილისში ორჯერ ვიყავი: პირველად 2019 წლის მსოფლიო თასის წინ შოტლანდიასთან ერთად (ტიერ1-ის გუნდის ერთადერთი ვიზიტი თბილისში), მეორედ კი გასულ კვირაში და გარწმუნებთ, ესაა მდიდარი კულტურის, ისტორიის, გასტრონომიისა და სტუმართმოყვარეობის ნაზავი.

როგორც რიჩარდ კოკერილმა თქვა, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრებისა და ‘შავი ლომის’ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა: „აქაურობა ძალიან განსხვავდება იმისგან, რისი წარმოდგენაც გვაქვს. საკვები, კულტურა, ამინდი, ღვინო: ეს შესანიშნავი ადგილია უქმეების გასატარებლად და რაგბის საყურებლად. აქ ბევრი შესაძლებლობაა და რაგბიც აშკარად იზრდება“.

Sportall.Ge

მართალია რამდენიმე წამყვანი ქართველი მორაგბე ჯერაც საფრანგეთში თამაშობს, მაგალითად ‘ლიონის’ ვარსკვლავი დავით ნინიაშვილი, მაგრამ ‘შავი ლომი’ უკვე იქცა მოთამაშეთა შენარჩუნებისა და უკან დაბრუნების საშუალებად, რაც ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. ნაკრების მოთამაშეების დაახლოებით 60% ‘შავი ლომის’ შემადგენლობაშია და ისინი შეგნებულად ამბობენ უარს უცხოურ კლუბებთან კონტრაქტის გაფორმებაზე.

მათ ერთი სეზონი გაატარეს სამხრეთ აფრიკის ქარის თასის პირველ დივიზიონში, ერთი კი ამერიკის სუპერ რაგბიში, მაგრამ ევროპასთან უფრო მჭიდრო კონტაქტების სურვილი აქვთ. სოსო ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, იხსენებს ჩელენჯ თასში საქართველოს მიღების გადაწყვეტილებას, რომელშიც დომინიკ მაკქეიმ, შოტლანდიის რაგბის კავშირის ყოფილმა ოპერაციების დირექტორმა, რომელიც EPCR-ის თავმჯდომარე გახდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

„დომინიკი ქართული რაგბის დიდი გულშემატკივარია“ – ამბობს ტყემალაძე – „მას კარგად ესმის რის გაკეთებას ვცდილობთ და რაგბის მთელს მსოფლიოში გავრცელების მნიშვნელობას აღიარებს. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ შესაძლებლობები სხვადასხვა დონეზე და ვაჩვენოთ, რომ ამას ვიმსახურებთ. EPCR-ს ეყო სითამამე ჩვენთვის კარი გაეღო“.

„ჩვენ გვიყვარს რაგბი, რადგან ის გუნდური თამაშია. როგორც გუნდს, ფანტასტიკური რამეების გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ გვსურს გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში ჩართვა და ჩელენჯ თასი პირველი დიდი ნაბიჯია ამ გზაზე. თუ 100 ქულით დავმარცხდებოდით, როგორც ეს რამდენიმე ქვეყნის გუნდებს დაემართათ ტურნირში ჩართვის პირველ დღეებში, არ იქნებოდა კარგი სიგნალი, მაგრამ უკვე ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ კონკურენტუნარიანები“.

„ყველა ექვს ერზე საუბრობს და რა თქმა უნდა იქ მოხვედრა ჩვენი სურვილია, მაგრამ მანამდე არაერთი აუცილებელი ნაბიჯია გადასადგმელი. ჩვენ ისევ გავარგძელებთ „კაკუნს“ და ვიმედოვნებთ, უფრო მეტი ადამიანი გაგვცემს პასუხს, როგორც ეს დომინიკმა და EPCR-მა გააკეთა“.





Sportall.Ge

საქართველოს დიდი ხანია ლობირებენ 18 და 20-წლამდელთა დონეზე ექვს ერში მისაღებად. მისმა 20-წლამდელებმა ბოლო წლებში ისეთი გუნდები დაამარცხეს, როგორებიც ინგლისი, შოტლანდია, არგენტინა და იტალია არიან.

არის მოლოდინი, რომ 18-წლამდელთა ფესტივალზე მიწვევას ისინი უახლოეს პერიოდში მიიღებენ, შესაძლოა, უკვე წელს. ეს იქნება შესაძლებლობა უმაღლესი დონის სარაგბო ბაზები წარმოაჩინონ, რომლებიც ქვეყანაში ბოლო წლებში შეიქმნა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, 2011 წლიდან დაახლოებით 80 მილიონი ფუნტ სტერლინგის ინვესტიცია განახორციელა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მეშვეობით, საქართველოს მთავრობას კი კავშირის წლიური 14-მილიონიან ბიუჯეტში დაახლოებით 10-მილიონიანი წვლილი შეაქვს.

მაღალი მიღწევების ფლანგს ლევან მაისაშვილი გაუძღვება, მწვრთნელი, რომელიც რიჩარდ კოკერილმა შეცვალა. საქართველომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო 13 გათამაშებიდან 12 მოიგო, ‘შავმა ლომმა’ კი რაგბი ევროპის სუპერ თასი ზედიზედ სამჯერ შემართა.

„’შავმა ლომმა’ მოგვცა შესაძლებლობა გადაგველახა სიტუაცია, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ შეგვექმნა. შიდა ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეები სულ სხვა დონეზე იყვნენ საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერებთან მიმართებაში“ – ამბობს მაისაშვილი.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ გუნდს შეგვიძლია გავუწიოთ კონკურენცია, ოღონდ ამისთვის გვჭირდება დრო და შესაძლებლობა. თამაშებისა და შეჯიბრების გარეშე ეს უაზრო დროის ხარჯვა იქნება“.

გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის (URC) ხელმძღვანელობას ალბათ არ მოუნდება ახალი ცვლილებები მას შემდეგ, რაც ტურნირს ოთხი სამხრეთ აფრიკული გუნდი დაამატა, თუმცა კოკერილი, რომელიც ადრე ‘ედინბურგს’ ავარჯიშებდა, მოხიბლულია იმ შესაძლებლობით, რისი შეთავაზებაც საქართველოსთვის შეუძლია. ის ბევრ საერთოს ხედავს ახლანდელ გუნდსა და შოტლანდიაში გატარებულ ოთხ წელიწადს შორის, სადაც მისი ერთ-ერთი ფუნქცია ეროვნული გუნდისთვის მოთამაშეების მომზადება იყო.

Sportall.Ge

„თუ URC-ს ტურნირში თამაში სამხრეთ აფრიკულ გუნდებს შეუძლიათ, ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის გამოც იგივეს გაკეთება ჩვენ არ შეგვიძლია“ – აღნიშნავს კოკერილი.

„ეს სიტუაცია არაფრით განსხვავდება იმისგან, რომლის დროსაც ტურნირში იტალიური გუნდები ჩაერთვნენ და ახლა ‘ბენეტონი’ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩვენ უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ განვითარება და დაველოდოთ მომენტს. საუბარია სიღრმეების შექმნაზე. შოტლანდიაში, სადაც 50 ათას რეგისტრირებული მოთამაშეს ცოტად თვლიან, საქართველოში მხოლოდ 3 500 რეგისტრირებული მორაგბეა“.

„ჩვენ უნდა ვიყოთ უკეთესები, გავაგრძელოთ გამარჯვებები და დავამტკიცოთ, რომ მზად ვართ ეროვნული ნაკრების დონეზე ნებისმიერ ტურნირში ჩასართავად. ‘შავმა ლომმა’ ჩელენჯ თასის პირველ სეზონში ღირსეულად ითამაშა და აუცილებელია ამ დონის შენარჩუნება“.

„ზოგიერთმა მოთამაშემ კასტრში პირველად ითამაშა ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ. ჩვენ თუ ვიქნებით საკმარისად კარგები და კონკურენტუნარიანები, მეტ ადამიანს მოუნდება ჩვენი ჩართვა საკუთარ ტურნირებში. პოლიტიკას პრეზიდენტი და მმართველობა განსაზღვრავს, მაგრამ ყურადღების მისაქცევად საუკეთესო საშუალება თამაშების მოგებაა“.

ქართველების თამაში სიამაყეს, ჟინს და ამბიციას ასხივებს. რაგბის კავშირის სტატისტიკოსმა ნიკო გიგინეიშვილმა (რომელმაც ‘ბორჯღალოსნების’ და ‘შავი ლომის’ შარფის იდეა შეიმუშავა, რომელზეც ‘კლერმონთან’ მატჩისას დიდი მოთხოვნა იყო) მიამბო თუ როგორ შექმნა აწ გარდაცვლილმა მამამისმა ზაალ გიგინეიშვილმა, ქართული რაგბის მემატიანემ, რაგბის ქართული ტერმინოლოგია, მოთამაშეთა პოზიციებისა თუ სათამაშო სიტუაციების აღსაწერად. პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა ნიკა ალავიძემ კი ამიხსნა, რომ „ბრძოლა ქართველი ერის სულშია: „ჩვენ მუდამ გვიწევდა ბრძოლა საკუთარი მომავლისთვის და ასეთი შემართება რომ არა – უბრალოდ ვერ გადავრჩებოდით“.

მაისაშვილი ამ გამძლეობის განსახიერებაა. 2021 წელს, სამხრეთ აფრიკის ტურნეს დროს ის კოვიდით დაავადდა და სიკვდილთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ გადარჩა, რათა ქართული რაგბისთვის სანიშანსვეტო გამარჯვებები მოეპოვებინა იტალიასთან და კარდიფში უელსთან.

„ორჯერ ვიყავი სიკვდილის ზღვარზე და დიდი დრო გავატარე საავადმყოფოში: ერთი თვე კომაში და კიდევ ერთი თვე სამკურნალოდ. დავბრუნდი საქართველოში და ერთ თვეზე ნაკლებ დროში გავედი მოედანზე. ყველა ფიქრობდა რომ გავგიჟდი, მაგრამ მე მოედანზე ვცხოვრობ და ეს აღდგენაში დამეხმარა“.

„კრიტიკულ სიტუაციაში ვიყავი, ყველა ელოდა გარდაცვალების მომენტს. კომიდან რომ გამოვედი 50-55 კილოგრამს ვიწონიდი, 35 კილო დავიკელი. ახლა ყველაფერი კარგადაა, ბოლომდე გამოვჯანმრთელდი. მოთამაშეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის რაც გვსურს და სწორედ ასეთი ემოციები და ქმედებები მიიყვანს ქართულ რაგბის იქამდე, სადაც მისი ადგილია“.

წყარო: Rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატება ჩვენს ბიჭებს!
გიორგი
15:40 28-01-2024
0

სიახლეები პოპულარული