სუპერთასი | "შავი ლომი" მეოთხე ტიტულს სექტემბრიდან შეუტევს

AutoSharing Option
ქართული პროფესიული ფრენჩაიზი "შავი ლომი" სექტემბერსა და ოქტომბერში რაგბი ევროპის სუპერთასის ზედიზედ მეოთხე ტიტულისთვის იბრძოლებს.

შარშანდელის მსგავსად, გუნდები სიძლიერის მიხედვით ორ ჯგუფად არიან გაყოფილი, თუმცა 8-ის ნაცვლად, მასში 7 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. წელს სუპერთასზე ვერ ითამაშებს ისრაელის "თელავივ ჰითი", რის გამოც "ა" ჯგუფში სამი გუნდი იასპარეზებს და ტურნირი პლეი-ოფის გარეშე, ჯგუფურ ეტაპთან ერთად დასრულდება.

ამრიგად, "შავი ლომის" მეტოქეები ესპანური "იბერიანსი" და პორტუგალიური "ლუზიტანუში" იქნებიან. სუპერთასის 2024 წლის გათამაშება 7 სექტემბერს დაიწყება და ქართული გუნდი პირველ ტურში დაისვენებს.

სექტემბრის შუა რიცხვებში
"შავი ლომი" ევროპაში გაემგზავრება და 15-ში "იბერიანსს" ბურგოსში, ხოლო 21-ში "ლუზიტანუშს" ლისაბონში ერკინება. 28 სექტემბერს ის "იბერიანსს", ხოლო 12 ოქტომბერს "ლუზიტანუშს" თბილისში, "ავჭალის" სტადიონზე უმასპინძლებს.

"ბ" ჯგუფში რუმინული "ვულვზი", ნიდერლანდური "დელტა", ბელგიური "დევილსი" და ჩეხური "ბოჰემია" ითამაშებენ. სუპერთასის 2024 წლის სეზონი 20 ოქტომბერს დასრულდება.

შეგახსენებთ, სუპერთასის მერე "შავი ლომი" დეკემბრიდან ჩელენჯ თასში ჩაერთვება, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ფრანგულ "ვანსა" და "ბაიონა"’, უელსურ "სქარლეთს" და შოტლანდიურ "ედინბურგს" შეხვდება.

რაგბი ევროპის სუპერთასი 2024

15 სექტემბერი. ბურგოსი


იბერიანსი (ესპანეთი) – შავი ლომი (საქართველო)

21 სექტემბერი. ლისაბონი

ლუზიტანუში (პორტუგალია) – შავი ლომი (საქართველო)

28 სექტემბერი. თბილისი

შავი ლომი (საქართველო) – იბერიანსი (ესპანეთი)

12 ოქტომბერი. თბილისი

შავი ლომი (საქართველო) – ლუზიტანუში (პორტუგალია)

Rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგია ეგ ყველაფერი და სასურველია კიდევ უფრო მაღალი დონის ტურნირებში ჩაერთოს შავი ლომი და როგორც პროფესიული კლუბი დიდი ათის წევრიც იყოს ან უკონკურსოდ ითამაშოს მაინც თუ დებულება არ მისცემს საშუალებას.
ასე მუდმივად ფორმაში იქნებიან ბიჭები და საქართველოს ჩემპიონატსაც მეტი ხიბლი მიეცემა.
წარმატებები საქართველოს ყველგან და ყველაფერში!
ბათუმელი ექსპერტი
19:18 08-08-2024
0
რა გამოდის, ოთხი თამაში აქ და მერე კიდევ ოთხი ჩელენჯზე. თუ ჩელენჯზე ჯგუფიფან ვერ გავედით, მაშინ სულ ეს რვა თამაში აქვს შავ ლომს მთელი წლის განმავლობაში?

არადა, აუცილებელია ასეთი ძლიერი კლუბი რომ გვყავდეს საქართველოში, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ რომ მეტი თამაში გვქონდეს.

პირველ რიგში, სუპერთასის განვითარებაზე უნდა იზრუნოს რაგბის კავშირმა და შეეშვას უსაშველო კაკუნს UFს-სთან. იქ ჯერ მაინც ვერ მიგვიღებენ, რადგან ადგილი არ აქვთ და ვერ ჩაგვსვამენ.

აქ უნდა განავითარონ, შემოიყვანონ ახალი გუნდები და ფორმატი უფრო გრძლელვადიანი გახადონ. თავისუფლად შეიძლება - გერმანული, პოლონური, შვეიცარიული გუნდების დამატება. ასევე, იტალიის ჩემპიონატის რამდენიმე კლუბიც არ იტყოდა უარს. ამავე დროს, საქართველოს ჩემპიონის დამატებაც შეიძლება, თუ სათამაშო გრაფიკში ხელს შეუწყობენ და ხარჯებს აუნაზღაურებენ.

სხვა შემთხვევაში, შავი ლომი მალე დაკარგავს არსებობის აზრს და ეს კარგი წამოწყება წყალში გადაიყრება. იმედია, მომავალ წელს ამ ყველაფერს გამოასწორებენ და რაგბი ევროპის მართვაში მეტ მონაწილეობას მიიღებენ.

აუცილებელია რაგბი ევროპის კავშირში ჩვენი მეტი ჩართულობა და წამყვან პოზიციებზე ქართველების მოსვლა, თუ რაგბის განვითარება გვინდა.
თამაზ პეტრიაშვილი
11:19 12-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული