"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკის "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს 8 ლელო დაუდეს და სამმატჩიანი სერიის პირველი შეხვედრა დიდი სხვაობით, 55:17 მოუგეს.
აფრიკელები თბილისში 24-საათიანი მგზავრობის შემდეგ ორი დღის წინ ჩამოვიდნენ და მოტივირებული ქართველების წინააღმდეგ გამძლეობა არ ეყოთ.
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" თითო ტაიმში 4-4 ლელო დადეს და 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მზადების ეტაპზე მიჯრით მეშვიდე თამაში მოიგეს.
ილია მაისურაძის თაოსნობით გუნდმა შარშან ნოემბერში და წელს იანვარში სამ-სამი საკონტროლო შეხვედრა გამართა, ტურნირამდე ერთი თვით ადრე კი, "ვესტერნ პროვინსთან" დასკვნით რეპეტიციას გადის.
ანგარიში მე-5 წუთზე ჯარიმით დავით მოძღვრიშვილმა გახსნა. მალე შერკინებიდან შოთა არეშიძემ შეუტია, მაგრამ ლელოში შესულს ბურთი დამიწებამდე გაუვარდა.
არეშიძემ ლელო მაინც დადო. მეტოქის ნახევარზე, უმეტესად 22-ში გატარებული 20 წუთის შემდეგ, მას ბურთი დერეფნის შემდეგ მიუვიდა, დაუფიქრებლად შეუტია და ლელოში შეხტა.
მოძღვრიშვილის გარდასახვას 23-ე წუთზე აფრიკელებმა ჯარიმით უპასუხეს, 4 წუთში კი, მაყურებელმა ქართველთა მეორე ლელო იხილა. ხაზის გაჭრის შემდეგ მორკინალებმა წითელ ზოლში რამდენჯერმე დაარტყეს და მიზანს რევაზ დუგლაძე მიწვდა. მოძღვრიშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა.
30-ე წუთზე "ვესტერნ პროვინსმა" თავისი ძლიერი მხარე გამოიყენა, ცენტრიდან შეტევა მარცხენა ფრთაზე გაშალა, სისწრაფეში რამდენიმე გადაცემა გაკეთდა და ლელო ძელებსშუა გავიდა. 2 წუთში ხელდახელ შეტევით ლელო "უმცროსმა ბორჯღალოსნებმაც" დადეს. იერიში ლუკა იურინმა დაიწყო, შეტევა აქაც მარცხენა ფლანგზე გაიშალა, მეორეხაზელმა ბექა საღინაძემ და გარემარბმა ლადო მიმინოშვილმა ბურთი კარგად გაითამაშეს, შებოჭილმა საღინაძემ მაინც დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო.
36-ე წუთზე ჩამორჩენა ერთხელაც შემცირდა: აფრიკელებმა ფეხით ორჯერ ითამაშეს, რითაც ჯამში 70 მეტრი მოიგეს და ბურთი ძელებსშუა დაამიწეს. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" კვლავ სწრაფი, ხელდახელ შეტევით უპასუხეს, მარჯვენა ფლანგზე მეტობა შეიქმნა, მოძღვრიშვილმა ფეხით ბურთი შეაცურა და მას დავით მესხი დაახტა. გარდასახვა კვლავ არაზუსტი იყო და ტაიმი 27:17 დასრულდა.
მეორე ტაიმმა დაძაბულობის ფონზე ჩაიარა. თითქოს გადამწყვეტი იყო, მოედანზე რამდენიმე მცირე ჩხუბი მოხდა და რეფს ორიივე გუნდიდან თითო მორაგბის გასინბინება მოუხდა ("უმცროსი ბორჯღალოსნებიდან" ლადო მიმინოშვილი), მოგვიანებით კი, აფრიკელები მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩნენ. მანამდე მასპინძლებმა დერეფნიდან კარგი შეტევა წამოიწყეს, არსენ მაჩალაძემ ხაზი გაჭრა და შეტევა გიორგი გოგოლაძემ დაასრულა. გარდასახვა შეცვლაზე შესულმა თედო აბჟანდაძემ შეასრულა.
65-ე წუთზე გოგოლაძემ დუბლი შეასრულა. შერკინებაში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ ფორვარდებმა ორჯერ დაარტყეს, მერე ბურთი ხაზზე გავიდა, აბჟანდაძემ სივრცე მონახა და მარჯვნივ გოგოლაძეს დროული გადაცემა გაუკეთა, რთული პოზიციიდან კი, თედომ თავად გარდასახა.
ათიოდე წუთში ჩვენმა შერკინებამ მეტოქეს დაახლოებით 10 მეტრით დაახევინა უკან და ბურთი კაპიტანმა, ილია სპანდერაშვილმა დაამიწა. სულ ბოლოს აბჟანდაძემ მეტოქეს ფეხით თამაშისას დაუფარა და ლელო თავადვე მიითვალა. მან მეოთხე გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და ჯამში გუნდს 13 ქულით შეეწია.
"იანვრის შემდეგ არ გვითამაშია და მარტიდან 5-კვირიანი ფიზმომზადების ეტაპი გავიარეთ. სულ 10 დღეა რაც ბურთით ვარჯიში დავიწყეთ და ვიცოდი, რომ ბიჭებს სისტემაში ჩაჯდომა გაუჭირდებოდათ. მომეჩვენა, რომ შერკინება და ხაზი ცალ-ცალკე თამაშობდა და ამის დაბალანსება მოგვიწევს. დავინახეთ შეცდომები რაქში და დერეფანში, პრობლემები გვქონდა დაცვაშიც. თუმცა ეს 3 თამაში სწორედ პრობლემების გომვლენას ემსახურება, რათა მათი აღმოფხვრა მსოფლიოს ჩემპიონატამდე მოვასწროთ.
მეტოქე ძალიან კარგი გუნდია და ეს ამ თამაშშიც გამოჩნდა. აფრიკელები 24-საათიანი ფრენის შემდეგ საქართველოში 2 დღის წინ ჩამოვიდნენ და ეს მათ თამაშზე აისახა. გარდა ამისა, რამდენიმე მოთამაშე ევროპიდან დაიმატეს და შეთამაშების პრობლემაც ქონდათ.
მიუხედავად ამისა, გამოჩნდა, რომ სწრაფი ბიჭები ყავთ კარგი ხელის ტექნიკით და დარწმუნებული ვარ 3 მაისს უკეთესი თამაში იქნება.
3 მაისისთვის ჩვენც გვექნება სიახლეები. შევცვლით შემადგენლობას და ვეცდებით ხარვეზების გამოსწორებას. ბურთის მოგების ზონაში რაც შეიძლება ძლიერები უნდა ვიყოთ, რათა უკეთესი შესატავი პლაცდარმი მივიღოთ. ვფიქრობ, წინ კიდევ ორი საინტერესო თამაში გველოდება" - თქვა ნამატჩევს "უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.
"უმცროსი ბორჯღალოსნებისა" და სამხრეთ აფრიკული "ვესტერნ პროვინსის" სამ მატჩიანი სერიის დასრულებამდე წინ 2 შეხვედრაა, რომლებიც 3 და 6 მაისს "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე გაიმართება. ორივე მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და მათზე დასწრება თავისუფალია.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით