U20. მსოფლიოს ჩემპიონატი: შთამბეჭდავი პროგრამა ტურნირის მონაწილეებისთვის

AutoSharing Option
ფოტოზე: ახალი ზელანდია საქართველოში
31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველოში (თბილისსა და ქუთაისში) მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი ჩატარდება, რომლის დროსაც ტურნირის მონაწილე ყველა ნაკრები სოციალურ და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩაერთვება.

მსგავსი პროექტები რაგბის სამყაროში ყველა მსოფლიოს ჩემპიონატის თანმდევი ნაწილია, სოციალურ და საგანმანათლებლო საკითხებში მოთამაშეები, მწვრთნელები და გუნდის მენეჯერები აქტიურად ერთვებიან. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება კიდევ ერთი დიდი სიკეთეა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობით მიიღებს. პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია.

ინგლისი
მედიის წარმომადგენლების ტურნირი
ინგლისის ნაკრების მოთამაშეები და მწვრთნელები გაწვრთნიან ადგილობრივი მედიის რაგბის გუნდებს
"ავჭალის სარაგბო სტადიონზე" მოწყობილი მედიატურნირის დროს.

ჰაკატონი მსოფლიოს რაგბისთვის
თანამედროვე სპორტში გამოყენებული ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული პროგრამების პრეზენტაცია. მსოფლიოს რაგბის სპეციალისტების კონფერენციის შემდეგ ჰაკატონის შეჯიბრება დაიწყება 9 ივნისს. შეჯიბრებაში 100-ზე მეტი ქართველი სტუდენტი მონაწილეობს.

ადგილობრივ ბავშვებთან შეხვედრა
"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის"- ახალგაზრდა მორაგბეებისათვის მოწყობილი სემინარის შემდეგ, მოზარდები შეხვდებიან ინგლისის ნაკრების მოთამაშეებს მათ სავარჯიშო მოედანზე, სადაც გადაიღებენ სამახსოვრო ფოტოებს.

ირლანდია
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ვიდეოანალიზის პრეზენტაცია ადგილობრივი სპეციალისტებისთვის:

1. ჯი-პი-ეს სისტემა
2. ვიდეოანალიზი
ნუტრიციის სემინარი

ირლანდიელი ნუტრიციონისტის მიერ ქართველი სპეციალისტებისათვის სემინარი სპორტულ კვებაზე:

1. ტურნირის განმავლობაში კვების ნორმები
2. მოთამაშეთა კეთილდღეობა

ადგილობრივ ბავშვებთან შეხვედრა
"პირველი ნაბიჯი" 1998 წელს, კომუნის ტიპის ინსტიტუციაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გადასარჩენად დაარსდა ირლანდიელი ჯეინ ქორბოის მიერ, რომელიც ეწვია კასპის ბავშვთა სახლს 1995 წელს. ირლანდიელი მორაგბეები მოინახულებენ ახალგაზრდებს და გადაიღებენ სამახსოვრო სურათებს.

არგენტინა
ჩაერთე რაგბიში, მოსწავლეებთან შეხვედრა
"ჩაერთე რაგბიში" - ფესტივალი მარტყოფში. ღონისძიების მასპინძლები არიან საქართველოს რაგბის კავშირი და Get Into Rugby.

კვების სემინარი
არგენტინელი ნუტრიციონისტის მიერ ქართველი სპეციალისტებისათვის სემინარი სპორტულ კვებაზე:
1. ტურნირის პერიოდში სწორი კვება
2. ახალგაზრდებში საკვები დანამატების მოხმარება

ადგილობრივ ბავშვებთან შეხვედრა
აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან, უკრაინიდან და სირიიდან დევნილ ბავშვებთან შეხვედრა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან UNHჩღ და საქართველოს რაგბის კავშირი.

სამხრეთი აფრიკა
სამწვრთნელო სემინარი
სამხრეთ აფრიკის მწვრთნელების მიერ ქართველი სპეციალისტებისთვის სამწვრთნელო მასტერკლასის ჩატარება შემდეგ თემებზე:
1. აუტი (დაცვა/შეტევა)
2. ტაქტიკური ფეხის დარტყმა

ავსტრალია
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა
ბავშვთა ჰოსპისი "ციცინათელების ქვეყანა" ოჯახური ტიპის პალატური მზრუნველობის დაწესებულებაა, სადაც უფასოდ ემსახურებიან ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს. გუნდის ჰოსპისში ვიზიტი, კედლის მოხატვა და სამახსოვრო სურათების გადაღება. სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებული წარმატებული მაგალითების განხილვა და სხვადასხვა სექტორის თანამშრომლობის სტიმულირება.

დისკუსიის შემდეგ ავსტრალიის რაგბის კავშირის წარმომადგენლები ქართულ სოციალურ საწარმოებს პროდუქციის გაყიდვაში დაეხმარებიან.

ახალი ზელანდია
სამწვრთნელო სემინარი
ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მისი ასისტენტი სამწვრთნელო მასტერკლასს ჩაატარებენ ადგილობრივი სპეციალისტებისთვის შემდეგ თემებზე:

1. კონტრშეტევა
2. შეტევის ორგანიზება და უნარები

ფიზიკური მომზადების სემინარი
ახალი ზელანდიის ფიზმომზადების მწვრთნელები ჩაატარებენ ღია ვარჯიშს ადგილობრივი სპეციალისტებისათვის შემდეგ თემებზე:

1. სპეციფიკური სარაგბო ვარჯიშები
2. სიჩქარესა და სისხარტეზე ვარჯიში

კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ ბავშებთან შეხვედრა
ახალზელანდიელი მორაგბეების შეხვედრა ადგილობრივ ბავშვებთან და მოზარდებთან. სამახსოვრო სურათების გადაღება. ახალგაზრდები თავს მოიყრიან სავარჯიშო მოედანზე, სადაც დაესწრებიან ზელანდიელი მორაგბეების ვარჯიშს.

უელსი
ფიზიკური მომზადების სემინარი
უელსის ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელები ჩაატარებენ ღია ვარჯიშს ადგილობრივი სპეციალისტებისათვის Champions Academy-ში

პარალიმპიურ თამაშებზე დასწრება
14 ივნისს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი, საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი გეგმავს ერთობლივ ღონისძიებას. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება საჩვენებელი ტურნირები: უსინათლოთა ფეხბურთში, პარაკალათბურთში, პარაფრენბურთში, ეტლით-ფარიკაობაში.

საქართველო
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
საქართველოს ნაკრების მოთამაშეები მოინახულებენ "რეას" - კერამიკულ სტუდიასა და კაფეს, სადაც შშმ ახალგაზრდები მუშაობენ.

გარემოს დაცვის დღე
საქართველოს ნაკრების წევრები მონაწილეობას მიიღებენ ისტორიული ციხე-ქალაქ უჯარმის დასუფთავებაში, სადაც გარდაიცვალა ვახტანგ გორგასალი.

შოტლანდია
სამედიცინო სემინარი
შოტლანდიის ნაკრების სამედიცინო პერსონალის მიერ ადგილობრივი სპეციალისტებისთვის სამედიცინო სემინარის ჩატარება შემდეგ თემებზე:

1. მოკროტრავმების მართვა ტურნირის პერიოდში
2. მოთამაშეთა კეთილდღეობა

უარყოფითი რიცხვები
UNICEF - ის და რაგბის კავშირის ერთობლივი პროექტის "Avchala Rugby Chellenge" - ის შედეგად შეიქმნება მხატვრული ფილმი "უარყოფითი რიცხვები". ფილმი ასახავს რეალურ ისტორიას, არასრულწლოვანთა კოლონიაში არსებულ სიტუაციას მას შემდეგ, რაც იქ დაიწყო რაგბის ვარჯიშები. გაიმართება პრეზენტაცია.

საფრანგეთი
მსოფლიო გარემოს დაცვის დღე
საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეები და ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას ბორჯომის ტყის აღორძინებაში. ისინი დარგავენ პერსონალურად ხეებს, რომლის ზრდის პროცესის ნახვის საშუალება ექნებათ ინტერნეტის საშუალებით.

იტალია
გადაცემა ადგილობრივ ტელევიზიაში
იტალიელი მორაგბეები მონაწილეობას მიიღებენ კულინარიულ გადაცემაში. გაეროს ქალთა ორგანიზაციის He For She-ის პროექტის ფარგლებში, გადაცემას ექნება გენდერული სტერეოტიპების დანგრევის ფუნქცია.

საერთაშორისო ბავშვთა დაცვის დღე
ქუთაისში ქუჩის ბავშვების და კონფლიქტური რეგიონებიდან ახალგაზრდების შეხვედრა იტალიის ნაკრების მოთამაშეებთან.

სამოა
ჩაერთე რაგბიში
"ჩაერთე რაგბიში"-ფესტივალი მარტყოფში. ღონისძიების მასპინძლები არიან საქართველოს რაგბის კავშირი და ნატახტარი Get Into Rugby-ს პროგრამა.

ყველა გუნდი
He For She კამპანია
გაეროს ქალთა ორგანიზაციის და იუსტიციის სახლის მიერ მოწყობილი ერთობლივი ღონისძიება He For She კამპანიის მხარდასაჭერად. კაცების სოლიდარობის მოძრაობა გენდერული თანასწორობისთვის. 12 გუნდის წარმომადგენლები თავს მოიყრიან და გაერთიანდებიან კამპანიის მხარდასაჭერად.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული