U20. საქართველო VS არგენტინა - მომავალი ვარსკვლავები ხელისგულზე

AutoSharing Option
დღეს, 31 მაისს, თბილისსა და ქუთაისში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი იწყება, რომელშიც პლანეტის 12 საუკეთესო 20-წლამდელთა ნაკრები 18 ივნისამდე პირველობისთვის იბრძოლებს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები პირველ მატჩს ჯგუფურ ეტაპზე არგენტინელ თანატოლებთან ავჭალის სარაგბო სტადიონზე 18:00 სთ-ზე გამართავს.

შეხვედრები 13:00 სთ-დან დაიწყება და პირდაპირ ტელეტრანსლაციებს "პირველი არხი" წარმოადგენს.

A ჯგუფი: ინგლისი, სამოა, ავსტრალია, უელსი
B ჯგუფი: ახალი ზელანდია, შოტლანდია, ირლანდია, იტალია
C ჯგუფი: საქართველო, არგენტინა, სამხრეთი აფრიკა, საფრანგეთი

* * *
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ საბრძოლო რაზმი დაასახელა. ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი
ლეგიონერია - პირველხაზელი ლაშა ტაბიძე (ბორდო), რომელსაც შარშან გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე და ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს.

თადარიგში კი ოთხი ლეგიონერია. ესენია: პირველხაზელები, უშანგი ჭეიშვილი (მონპელიე) და გურამ პაპიძე (ლიონი), მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი (ექსეტერი) და უკანახაზელი გიორგი გოგოლაძე (მონპელიე).

მაისურაძემ არგენტინელებთან ძირითად შემადგენლობაში დააყენა ცხრა ნომერი გელა აფრასიძე (ლელო) და მგეზავი თედო აბჟანდაძე (აია). თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს წყვილი საუკეთესოა აქამდე ასაკობრივ ნაკრებში მოთამაშე ამავე პოზიციების დუეტებს შორის. ყოველ შემთხვევაში, მათ მეტი პოტენციალი გააჩნიათ, დიდი რაგბი ითამაშონ. იმედია, ორივე მათზე გაცემულ ავანსებს გაამართლებს და გუნდს სანახაობრივ, გამართულ რაგბის ათამაშებს.

ცხადია, თავისი საუკეთესო შემადგენლობით ითამაშებს არგენტინელთა გუნდი. აქ გამორჩეული მესამეხაზელი მარკოს კრემერია. ის შარშან, მანჩესტერში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა, სადაც არგენტინამ მესამე ადგილი დაიკავა. კრემერს თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში დებიუტი ახალი ზელანდიის ნაკრებთან მატჩში ჰქონდა.

ილია მაისურაძე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი: 
"შემადგენლობა ისე დავაკომპლექტეთ, რომ შემცვლელები თამაშში ახალ იმპულსს შეიტანენ. ჯგუფურ ეტაპზე თავის გამოჩენის საშუალება ყველა მორაგბეს მიეცემა. გუნდში კარგი განწყობაა და ახლა იმაზე ვმუშაობთ, რომ წინასატურნირო ემოცია ვმართოთ.

შევხვდით მსაჯთა ხელმძღვანელ ალან როლანს, რომელმაც წესებში განხორციელებული ცვლილებები გაგვაცნო. უმოკლეს დროში მოგვიწევს შეგუება. მაქსიმალური ყურადღება უნდა მივაქციოთ დისციპლინას. ეს ტურნირი მორაგბეებისთვის დიდი გამოცდა იქნება. ესაა მათთვის კარი, რომლის გავლითაც დიდ რაგბიში უნდა შეაბიჯონ.

არგენტინელებმა შეკრება ახალ ზელანდიაში გაიარეს და ზე რაგბის თანატოლთა გუნდებს ეთამაშნენ. მათ ტრადიციულად დაბალანსებული გუნდი ეყოლებათ. სწრაფები არიან, ტექნიკურები და რაკში კარგად თამაშობენ.

არგენტინელებმა განვითარების გზა ჩვენზე ადრე გაიარეს. მათი ყველა ასაკობრივი ნაკრები დღითიდღე წინ მიდის. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შეტევებისთვის არეალი არ მივცეთ და ორგანიზებულად ვიმოქმედოთ დაცვაში.

ბედნიერებაა, ასეთი ტურნირი საქართველოში რომ ტარდება. ველოდებით სავსე ტრიბუნებს. მაყურებლის მხარდაჭერა ჩვენთვის დიდი სტიმულის მომცემი იქნება. ბიჭების უმეტესობას მსგავს გარემოში არასდროს უთამაშია. ამისთვის ცალკე ვემზადებით".

საქართველო
2017 წლის განთესვა: 10
საუკეთესო შედეგი: მეათე ადგილი (2016)
უარესი შედეგი: 10 (2016)
20-წლამდელთა ჩემპიონატზე: 5 თამაში: 1 მოგება, 4 წაგება, 58 ქულა, 7 ლელო
ეროვნულში დაწინაურდა: 34 მორაგბე (3 ჩემპიონატიდან, 31 ალაფიდან)
საუკეთესო შედეგის მქონე მორაგბე: ლაშა ხმალაძე (53 ტესტი)
შენიშვნა: ვასილ ლობჟანიძე გახდა მსოფლიო თასების ისტორიის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, 8 თვის შემდეგ კი პირველად ითამაშა 20-წლამდელთა ჩემპიონატში.
მწვრთნელი: ილია მაისურაძე
კაპიტანი: ილია სპანდერაშვილი
ვის დავაკვირდეთ: გელა აფრასიძეს

საქართველო დაჯილდოებულია ნიჭიერი და ახალგაზრდა ცხრა ნომერზე მოთამაშე მორაგბეებით. ვასილ ლობჟანიძე საქვეყნოდაა ცნობილი, როგორც მსოფლიოს თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე. თუმცა გელა აფრასიძის შესაძლებლობებს "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ასევე მაღალ შეფასებას აძლევს და უახლოეს წლებში ცხრა ნომრის პოზიციაზე ეროვნულ ნაკრებში დიდი კონკურენცია იქნება.

აფრასიძისთვის ეს მეორე 20-წლამდელთა ჩემპიონატია. მას შეუძლია ამ ტურნირში მესამედაც ითამაშოს, რადგან 20 წელი იანვარში უსრულდება. აღსანიშნავია, რომ აფრასიძეს მგეზავადაც შეუძლია თამაში. წლის დასაწყისში "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა.

არგენტინა
2017 წლის განთესვა: 3
საუკეთესო შედეგი: მესამე ადგილი (2016)
უარესი შედეგი: მე-11 (2009)
20-წლამდელთა ჩემპიონატზე: 45 თამაში: 23 მოგება, 22 წაგება, 975 ქულა, 108 ლელო
ეროვნულში დაწინაურდა: 57 მორაგბე
საუკეთესო შედეგის მქონე მორაგბე: მარტინ ლანდახო (65 ტესტი)
შენიშვნა: არგენტინელი მოთამაშეების დიდი ნაწილი, რომლებიც 20-წლამდელთა ჩემპიონატში თამაშობენ, კარიერას ეროვნულ ნაკრებში აგრძელებს. მათ შორის არიან ნიკოლას სანჩესი, მარტინ ლანდახო და ტომაშ კუბელი, რომლებმაც 50 კეპზე მეტი მოიხვეჭეს.
მწვრთნელი: გასტონ კონდე
კაპიტანი: ტომას მალანოსი
ვის დავაკვირდეთ: მარკოს კრემერს

მას შეუძლია როგორც მეორე, ასევე მესამე ხაზში თამაში. კრემერი იყო ერთ-ერთი გამორჩეული იმ არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში, რომელმაც 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენა, ორჯერ დაამარცხა სამხრეთი აფრიკა და მესამე ადგილი დაიკავა. მან უკვე ითამაშა არგენტინა XV-ის შემადგენლობაში ამერიკის ჩემპიონატში.

ეროვნულ გუნდში დებიუტი მსოფლიოს ჩემპიონის, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ოთხი ერის გათამაშებაში ჰქონდა. მას ზე რაგბიში თამაშის გამოცდილებაც აქვს. ეროვნული გუნდის თავკაცი დანიელ ურკადე მისი დიდი ქომაგია.

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი. I ტური
31 მაისი
საქართველო-არგენტინა
საქართველო (15-9) მოდებაძე, მიმინოშვილი, გავაშელიშვილი, წიკლაური, მესხი, აბჟანდაძე, აფრასიძე. (1-8) გოგიჩაიშვილი, პაპიძე, ტაბიძე, საღინაძე, ჯიმშელეიშვილი, ნუცუბიძე, სპანდერაშვილი, მაჩალაძე.
(16-22) ზამთარაძე, ჭეიშვილი, პაპიძე, ჯაიანი, ჯალაღონია, დვალიშვილი, გოგოლაძე, კვესელაძე.
არგენტინა (15-9) დელგუი, მალანოსი, ფერარიო, კასტილიონი, გონსალესი, ალბორნოსი, საუსე (1-8) პულეჯა, გონსალესი, ლუნა, მოლინა, პაულოსი, სტავილე, კრემერი, რუისი.
(16-22) ოვიედო, მარტინესი, ტარტერი, მილანი, მოლინა, გარსია, დაირო, კარერასი.

დღის სხვა მატჩები
ინგლისი-სამოა 13:00
ახ. ზელანდია-შოტლანდია 13:00
ს. აფრიკა-საფრანგეთი 15:30
ირლანდია-იტალია 15:30
საქართველო-არგენტინა 18:00
ავსტრალია-უელსი 20:30

II ტური
4 ივნისი
არგენტინა-საფრანგეთი
ირლანდია-შოტლანდია
ავსტრალია-სამოა
ახ. ზელანდია-იტალია
საქართველო-ს. აფრიკა
ინგლისი-უელსი

III ტური
11 ივნისი
უელსი-სამოა
შოტლანდია-იტალია
არგენტინა-ს. აფრიკა
ირლანდია-ახ. ზელანდია
საქართველო-საფრანგეთი
ინგლისი-ავსტრალია

13 ივნისი
ნახევარფინალები

18 ივნისი
ფინალი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა წარმატებები ქართველებოოოო
levo
10:42 31-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული