U20. ირლანდია-საქართველო 35:7 - კარგად დაიწყო და ცუდად გაგრძელდა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ინგლისურ მანჩესტერში მიმდინარეობს, ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩი ლიდერთან, ირლანდიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 7:35 დამარცხდა.

"უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის" თამაში ძალიან კარგად დაიწყო და ცუდად გაგრძელდა. საწყის ხუთ წუთში ჩვენი ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და ტურნირზე პირველი ლელო მიითვალა.

ირლანდიელებს, ისევე, როგორც სხვა მეტოქეებს, შერკინებაში ვჯაბნიდით. პირველივე შერკინებაში მოწინააღმდეგე "გადავთელეთ". საჯარიმო გუნდის კაპიტანმა ვასილ ლობჟანიძემ აუტში გადაიტანა. დერეფანი, რომელიც ამ ტურნირზე ჩვენი ნაკრების ყველაზე სუსტი კომპონენტია, მოვიგეთ და მორკინალების დარტყმებით მივეძალეთ. ჯერ მეორეხაზელმა ოთარ გიორგაძემ წაიწია წინ,
შემდეგი დარტყმა მესამეხაზელმა ბექა გორგაძემ განახორციელა, წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ლობჟანიძემ აიტაცა, მარცხნივ დაიძრა, მოძრაობაში ორი ცრუ მოძრაობა გააკეთა, მეტოქეებს ხელიდან გაუსხლტა და ლელოში შეაღწია. გარდასახვა დავით მოძღვრიშვილმა გაიტანა - 7:0. მე-5 წუთი მიმდინარეობდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამის მერე ერთმანეთზე ცუდი ამბები ხდებოდა ჩვენს თავს. ჯერ, მე-8 წუთზე მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი გააძევეს თამაშის ბოლომდე მეტოქისთვის ფეხის ჩარტყმის გამო და 72 წუთის განმავლობაში კაცნაკლულნი დავრჩით ფავორიტი ირლანდიის წინააღმდეგ.

მერე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ გიორგაძე დაშავდა. პირველ ტაიმში ასევე ტრავმის გამო მიხეილ ბაბუნაშვილიც გამოგვაკლდა. თამაშის მიწურულს მსაჯმა შეცვლაზე შესული ლუკა გოგინავა გაასინბინა და შეხვედრა სულაც 13 კაცით დავასრულეთ.

შუალედში კი იყო ბრძოლა, თავდადებული, უკანდახევის და ყოველგვარი კომპრომისის გარეშე. ირლანდიელები შესანიშნავად თამაშობდნენ რაკში. შედეგად, უპირატესობას აღწევდნენ და ჩვენი გუნდის დაცვას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ. ისევ არ გამოგვივიდა დერეფანში თამაში.

თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" მხოლოდ დაცვაზე არ ფიქრობდნენ და რამდენჯერმე ხელდახელ ბურთაობითა და მორკინალების დარტყმების მონაცვლეობით შეტევების ორგანიზებაც სცადეს. სამწუხაროდ, მონაგარს ჩვენმა გუნდმა ვეღარაფერი შემატა. ირლანდიელებმა კი ოთხი ლელო გაგვიტანეს და საპრემიო ქულაც მიითვალეს.

მეტოქის გუნდიდან ყველაზე მეტი ქულა მგეზავმა ჯონი მაკფილიპსმა დააგროვა. მან ერთი ლელო, სამი საჯარიმო და ორი გარდასახვა გაიტანა (18 ქულა). მატჩის საუკეთესო მორაგბედ კი ირლანდიელთა მეორეხაზელი შონ ოკონორი დაასახელეს.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა და ახლა მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი და მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, ახალი ზელანდიის ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში აგებდა უელსის გუნდთან. "ბების ბექსმა" ბოლო წუთზე ჯორდი ბარეტის საჯარიმოს წყალობით მინიმალური სხვაობით მოიგო - 18:17. მიუხედავად ამისა, ახალზელანდიელები პირველობისთვის მებრძოლი ოთხეულის მიღმა დარჩნენ და ახლა მე-5 ადგილის დაკავებას შეეცდებიან.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის კი სამხრეთი აფრიკა, არგენტინა, ინგლისი და ირლანდია იბრძოლებენ.

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი. A ჯგუფი. III ტური
ირლანდია-საქართველო 35:7
საქართველო: 15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. სანდრო მერკვილიშვილი, 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. თორნიკე მატარაძე, 2. ლაშა საჯაია, 3. ლაშა ტაბიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ოთარ გიორგაძე, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.
16. გიორგი ხუროშვილი, 17. ლუკა გოგინავა, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. ირაკლი ცხადაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. სანდრო ილურიძე, 23. რატი შანიძე
ლ: ლობჟანიძე. გ: მოძღვრიშვილი.
ირლანდია: 15. ბრეტ კონონი, 14. ტერი კენედი, 13. ჯიმი ობრაიანი, 12. პაულ კირნანი, 11. ჰუგო კინანი, 10. ჯონი მაკფილიპსი, 9. ნიალ სანდერსი 1. ჯეიმზ ბოლარდი, 2. ვინსენტ ობრაიანი, 3. ვახტანგ აბდალაძე, 4. ევან მინტერნი, 5. შონ ოკონორი, 6. გრეგ ჯოუნზი, 7. კონალ ბონერი, 8. კელვინ ბრაუნი.
16. ადამ მაკბარნი, 17. ენდრიუ პორტერი, 18. ადამ კოლი, 19. ჯეიმზ რაიანი, 20. მაქს დიგანი, 21. სტივენ კერიენსი, 22. შონ დეილი, 23. ჯეიკობ სტოკდეილი
4ლ: პორტერი, კინანი, კენედი, მაკფილიპსი. 3გ: მაკფილიპსი (2), კონონი. 3ს: მაკფილიპსი.

უელსი-ახ.ზელანდია 17:18

სატურნირო მდგომარეობა
1. ირლანდია - 13 ქულა, 2. ახ.ზელანდია - 10, 3. უელსი - 7, 4. საქართველო - 1

B ჯგუფი
შოტლანდია-იტალია 27:19
ინგლისი-ავსტრალია 17:13

სატურნირო მდგომარეობა
1. ინგლისი - 14 ქულა, 2. შოტლანდია - 9. 3. ავსტრალია - 7, 4. იტალია - 0

C ჯგუფი
არგენტინა-იაპონია 39:20
სამ.აფრიკა-საფრანგეთი 40:31

სატურნირო მდგომარეობა
1. არგენტინა - 13 ქულა, 2. სამ.აფრიკა - 11, 3. საფრანგეთი - 5, 4. იაპონია - 0

პლეი ოფი. 20 ივნისი
IX ადგილისთვის
საქართველო-იტალია
იაპონია-საფრანგეთი

V ადგილისთვის
ახ.ზელანდია-უელსი
შოტლანდია-ავსტრალია

ნახევარფინალი
ინგლისი-სამ.აფრიკა
ირლანდია-არგენტინა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
შერკინებაში მსოფლიოში უძლიერსები ვართ დიდებშიც. სისწრაფე და ხელით თამაში - მოვიკოჭლებთ. ერთ სასიამოვნო მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება ამ მატჩში, რომელიც კომენტატორებს,ალბათ, უნებლიედ გამოეპარათ, ვინც თამაშს უყურა, მიაქცევდა ყურადღებას: სანამ შერკინება დადგებოდა, "ირლანდიელი" ვახტანგ აბდალაძე ჩვენ ბიჭებს ქართულად ელაპარაკებოდა და იქვე მდგომი ირლანდიელი მოთამაშე გაკვირვებით უყურებდა მისთვის უცხო ენაზე საუბარს მისი პარტნიორისგან თანაც ეღიმებოდა, ძან მაგარი მომენტი იყო. ვახტანგ აბდალაძეს წარმატებები მინდა ვუსურვო, კარგ ნაკრებშია და ბოლომდე მანდ დარჩეს, 6 ერს მაინც ითამაშებს და შემოსავალიც ღირსეული ექნება.
kutaisski
15:54 17-06-2016
0
კარგი ბიჭები არიან მაგრამ აშკარად ეტყობა რომ მწვრთნელი ვერ ქაჩავს ბევრი შეცდომები დაუშვეს ამ ბიჭებმა მაგრამ მწვრთნელის შეცდომები უფრო შესამჩნევია მარტო შერკინებით თამაშს ვერ მოიგებ თან შერკინება შეიძლება მომავალში საერთოდ აღარ იყოს რაგბში უკვე მიდის ამაზე ლაპარაკი ამ ბიჭებს კარგი მწვრთნელი და მოკლე დროში მაგარ გუნდს დააყენებს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული