დიდი 10. XV ტურის წინ: ვინ გაიმყარებს პოზიციას?

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურიღა დარჩა. საპლეიოფო ექვსეულში გასასვლელად კი, რეალურად, შვიდი გუნდი იბრძვის.

წესით, მათი რიცხვი რვა უნდა ყოფილიყო, მაგრამ უეცრად რაღაც დაემართა უმაღლესი ლიგის დებიუტანტ "ბაგრატს", რომელსაც 14 ტურში სამი გამარჯვება აქვს და სამივე სტუმრად მოიპოვა. პირველი წრის ბოლო ტურებიდან მოყოლებული ბაგრატელები თამაშს თამაშზე აგებენ.

საკმაოდ საინტერესო ბრძოლა მიმდინარეობს სატურნირო ცხრილის სათავეში. პირველ-მეორე ადგილის დასაკავებლად, რაც პირდაპირ, შესარჩევის გარეშე პლეი ოფში თამაშის უფლებას იძლევა, ერთბაშად ექვსი გუნდი იბრძვის. თვალსაჩინოებისთვის - ლიდერს, თბილისის "ლელოს" 45 ქულა აქვს,
მე-5 ადგილზე მყოფი "ლოკომოტივი" კი მას ოთხი ქულით ჩამორჩება.

პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლთა შორის ცალკე გამოსაყოფია თბილისის "აკადემია", რომელმაც მეორე წრის ხუთი მატჩიდან ხუთივე მოიგო. მათ შორის მიყოლებით დაამარცხა გორის "ჯიქი", თბილისის "ლოკომოტივი" და ქვეყნის ჩემპიონი "ლელო". აკადემიელები ისედაც ბოლომდე მებრძოლი გუნდის რენომეთი სარგებლობდნენ. ახლა კი მათ გამართული, სოლიდურად მოთამაშე გუნდის სახელიც დაიგდეს.

"აკადემიას" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე სოსო მათიაშვილი, რომელიც საუკეთესო მექულეებს შორის მე-2 ადგილზეა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მილტონ ჰეიგის მხედველობის არეში მოხვდა და ესპანეთში საწვრთნელ შეკრებაზე იახლა. "ბორჯღალოსნებს" შორის არის ასევე საბა შუბითიძე. აქამდე ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ახალგაზრდა ანზორ სიჭინავაც იყო.

ერთი სიტყვით, თუ "აკადემიამ" პლეი ოფში გასვლა შეძლო, მისი იოლად ძლევა შეუძლებელი იქნება. ამ გუნდის უშუალო კონკურენტი "არმიაა", რომელიც ასევე ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდია და კონკურენტს მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება. მე-15 ტურში, ერთმანეთის პირისპირ სწორედ ეს გუნდები წარსდგებიან. შეხვედრა კვირას, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გაიმართება.

ტურის ცენტრალური მატჩი კი ბათუმში ჩატარდება, სადაც მესამე ადგილზე მყოფი ადგილობრივი გუნდი გათამაშების ლიდერს, თბილისის "ლელოს" დაუპირისპირდება. ამ გუნდებს ერთმანეთთან მხოლოდ ორი ქულა აშორებს. ამიტომ, გამარჯვებული სერიოზულად გაიმყარებს პოზიციას.

საუკეთესო მექულე
1. ბექა ურჯუკაშვილი (არმია) - 129 ქულა,
2. სოსო მათიაშვილი (აკადემია) - 99
3. ბახვა კობახიძე (ბათუმი) - 96
4. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი) - 92
5. გიორგი ხარაზიშვილი (ჯიქი) - 91

საუკეთესო მელელოვე
1. გიორგი აბრამიძე (აია) - 8 ლელო
2. ნიკა ბიწაძე (ჯიქი) - 8 ლელო
3. ბექა მამრიკიშვილი (ჯიქი) - 6 ლელო

დიდი 10. XV ტური
4 მარტი
ყოჩები-ლოკომოტივი
ბათუმი-ლელო

5 მარტი
ჯიქი-ბაგრატი
აია-არმაზი
აკადემია-არმია

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ლელო 14 9 2 3 +59 45 5
2. აია 14 10 0 4 +49 44 4
3. ბათუმი 14 9 1 4 +134 43 5
4. ჯიქი 14 8 1 5 +127 43 9
5. ლოკომოტივი 14 8 2 4 +61 41 5
6. აკადემია 14 8 0 6 +23 36 4
7. არმია 14 7 0 7 -10 32 4
8. ბაგრატი 14 3 0 11 -196 18 6
9. არმაზი 14 3 0 11 -80 16 4
10. ყოჩები 14 2 0 12 -167 11 3

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული