ბაგრატი-აია 11:10 - დაინდო თუ არა?!

AutoSharing Option
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ბოლო ტურის შეხვედრებს ბევრი რამ უნდა გადაეწყვიტა. აქეთ რეგულარული გათამაშების გამარჯვებულის ვინაობა იყო გამოსავლენი, იქით კი აუტსაიდერის, რომელიც უმაღლეს ლიგას დაემშვიდობებოდა.

სანამ უშუალოდ მატჩზე ვისაუბრებდეთ, უნდა ვთქვათ, რომ ბოლო შეხვედრებს ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. წინა ტურში "ყოჩებსა" და "არმაზს" შორის დაფიქსირებული საყაიმო შედეგი 17:17 ბევრმა საეჭვოდ მიიჩნია. გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს ორი გუნდი შეთანხმებით მოქმედებდა. ამ გზით თავად უმაღლეს ლიგაში დარჩენას ლამობდნენ, ქვედა ლიგაში გასტუმრებას კი "ბარატს" უპირებდნენ.

ბოლო ტურის წინ ისეთი ვითარება იყო,
რომ "ყოჩებს" ლიგაში დასარჩენად "არმიასთან" მოგება სჭირდებოდა. უმჯობესი იყო, ამას პრემიალური ქულით თუ მოახერხებდა. თანაც, "ყოჩები" უმაღლეს ლიგაში იმ შემთხვევაში დარჩებოდნენ, თუ ქუთაისურ დერბიში ჩემპიონობისთვის მებრძოლი "აია" "ბაგრატს" დაამარცხებდა. თუკი მოვლენები ზემოაღნიშნული სცენარით განვითარდებოდა, უმაღლესი ლიგის დატოვება "ბაგრატს" მოუწევდა...

მოკლედ, ძალიან სახათაბალო ვითარება იყო შექმნილი და ამიტომაცაა, რომ ამ ორ შეხვედრაში დაფიქსირებულ შედეგებს ბევრი ეჭვის თვალით უყურებს. "არმიასთან" "ყოჩების" გალაღება - 14:47, ცალკე თემაა. აი, "ბაგრატი"- "აიას" მატჩს კი გულშემატკივრები არაერთგვაროვნად აფასებდნენ. ზოგის აზრით, "აიამ" კონკურენტებისგან განწირული თანაქალაქელი "ბაგრატი" არ გასწირა და ლიდერობის დათმობის ფასად ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა.

ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ "ბაგრატმა" (რომელსაც მეორე წრეში შეხვედრა არ ჰქონდა მოგებული) მისთვის უმნიშვნელოვანეს, ფინალის ტოლფას მატჩში ყველაფერი ჩადო და უმაღლეს ლიგაში ადგილი დიდი ბრძოლის შედეგად შეინარჩუნა.

რაიმეს დაბეჯითებით მტკიცება ძალიან რთულია და დასკვნების გამოტანა თქვენთვის მოგვინდვია.

შეხვედრა "ბაგრატის" აქტიურობით დაიწყო და რეზო ჯინჭველაშვილმა საკმაოდ შორი მანძილიდან ზუსტი საჯარიმო დარტყმით ნომინალური მასპინძლები დააწინაურა - 3:0. მე-14 წუთზე აუტის მოგების შემდეგ, ბაგრატელებმა ჯინჭველაშვილს სივრცე გაუსუფთავეს და მანაც ზუსტი არეკნით ანგარიში 6:0 გახადა.

ტაიმის ბოლოს "აიამ" მძლავრად შეუტია. ბექა სხულუხიას შეგირდებმა, რომლებიც ბაკურ გოშაძის სინბინის გამო მოედანზე 14 კაცით იყვნენ დარჩენილნი, რამდენჯერმე შეაჩერეს მათი შეტევა, მაგრამ "სტუმრებმა" თავისი მაინც გაიტანეს. მათი მრავალფაზიანი იერიში გიორგი აბრამიძემ დააგვირგვინა, რომელმაც ბურთი ლელოში ძელებთან ახლოს დაამიწა. გიორგი ბაბუნაშვილმა ლელო გარდასახა და "აია" წინ გაიყვანა -7:6.

მატჩის მეორე ნახევარში ბაბუნაშვილმა საჯარიმო დარტყმით სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა - 10:6. ქუთაისელთა მგეზავს მოგვიანებით კიდევ ერთხელ მიეცა ჯარიმიდან "ბაგრატის" დასჯის შესაძლებლობა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა.

"ბაგრატმა" გავარდნის საფრთხე იგრძნო და მძლავრად შეუტია. მრავალფაზიანი იერიშის შემდეგ ზვიად ოდიშარია მარჯვენა ფრთაზე მეურვეებს გაექცა და ბურთი ლელოში დაამიწა. ჯინჭველაშვილმა მახვილი კუთხიდან გარდასახვა ვერ გამოიყენა - 11:10.

მატჩის მიწურულს "ბაგრატი" რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. "აიამ" პირდაპირ კარის წინ საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვა. ბაბუნაშვილმა ძალზე ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა და სწორედ ამ ეპიზოდმა გამოიწვია გარკვეული ეჭვები. თუმცა, "აიას" ვეტერანები და გულშემატკივრები ბაბუნაშვილის მიერ გაცუდებულ საჯარიმოსა და "აიას" მარცხს ფსიქოლოგიურ ფაქტორს მიაწერენ.

"ამ შეხვედრას ბევრი რამ უნდა გაერკვია და მორაგბეები დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყვნენ. გიორგი ბაბუნაშვილს კარგად ვიცნობ, მას დიდი ხნის მანძილზე ვავარჯიშებდი და ვიცი, რომ ძალად ბურთის აცილებას არ იკადრებდა. ალბათ, ეს შეცდომა სტრესული სიტუაციის გამო მოუვიდა.

თუ გახსოვთ, ანალოგიური ერთ-ერთ პორტუგალიელ მორაგბეს დაემართა საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაში, როცა ჩვენი გუნდი სტუმრად ორი ქულით იგებდა და ბოლო წუთზე პორტუგალიელებმა საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს. მაშინ პორტუგალიელმა თითქმის ასეთივე პოზიციიდან ააცილა.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ "აიამ" "ბაგრატს" რაიმე დაუთმო. ამ გუნდების პირველი ტურის შეხვედრა გავიხსენოთ. ბოლო წამებზე სალელოვე შეტევისას ფრუიძეს ხელიდან ბურთი რომ არ გავარდნოდა, იმ შეხვედრაშიც "ბაგრატი" იმარჯვებდა" - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ვეტერანმა მორაგბემ, დიმა ფულარიამ.

ასეა თუ ისე, "აიამ" მოგების შანსი ხელიდან გაუშვა, ლიდერობა დაკარგა, მესამე საფეხურამდე დაქვეითდა და ჩემპიონობისთვის უფრო რთული და გრძელი გზით მოუწევს ბრძოლა. "ბაგრატმა" კი ამ მოგებით უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

დიდი 10. XVIII ტური
ბაგრატი-აია 11:10
ბაგრატი (15-9) ს.კვერნაძე, ოდიშარია, კუხიანიძე (ჯ.ბალანჩივაძე), თუთბერიძე, საკანდელიძე, ჯინჭველაშვილი, გოშაძე; (1-8) ასათიანი (ბოგვერაძე), კობახიძე, ნ.ბალანჩივაძე (ჭელიძე), კიკვაძე (არჩვაძე), კენჭაძე, ჩიქვინიძე (იობიძე), გუდაძე, თხელიძე (ქარჩხაძე)
ლ: ოდიშარია. ს, ა: ჯინჭველაშვილი
სინბინი: გოშაძე, ოდიშარია
აია (15-9) ძნელაძე, კიკვაძე (ლაღაძე), ჩხიკვაძე, ირემაძე (ლომსიანიძე), აბრამიძე, გ.ბაბუნაშვილი, როხვაძე (თუთბერიძე); (1-8) რატიაშვილი (ერემეიშვილი), გ.ტორაძე, წაქაძე (ხარებავა), მ.ბაბუნაშვილი (ჩიტეიშვილი), შალამბერიძე, რევიშვილი (ხანთაძე), დანგაძე, მღებრიშვილი (ვარდანიძე)
ლ: აბრამიძე ს. გ: ბაბუნაშვილი
არბიტრი: თენგიზ გვირჯიშვილი.

სხვა მატჩები
ლელო-ლოკომოტივი 37:10
არმაზი-ჯიქი 18:58
აკადემია-ბათუმი 17:34
არმია-ყოჩები 14:47

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ჯიქი 18 12 1 5 +204 61 11
2. ბათუმი 18 12 2 4 +186 59 7
3. აია 18 13 0 5 +126 59 7
4. ლელო 18 11 3 4 +114 58 8
5. ლოკომოტივი 18 10 2 6 +86 51 7
6. აკადემია 18 9 0 9 0 42 6
7. არმია 18 8 0 10 -78 37 5
8. ბაგრატი 18 4 0 14 -303 22 6
9. არმაზი 18 3 1 14 -168 19 5
10. ყოჩები 18 3 1 14 -167 19 5

პლეი ოფი
23 აპრილი
ლელო-ლოკომოტივი
აია-აკადემია

შესარჩევი ფინალი
30 აპრილი
ჯიქი-ბათუმი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /

ქოცობა შეიჭრაა რაგბშიც ?!

ანუ ცბიერება,ცინიზმი,უპასუხისმგებლობა,ნეპოტიზმი,დაუდევრობა,კარიერიზმი,არაკომპეტენტურობა...

ძ ა ლ ი ა ნ სამწუხაროა!
glaxuna
17:44 10-04-2017
0
ეჰ რაგბშიც დაიწყო მაიმუნობები. თუ ასე გაგრძელდა აქაც იგივე მოხდება რაც ფეხბურთს ჭირს და გულშემატკივარს დაკარგავენ
irakli81
16:10 10-04-2017
0

სიახლეები პოპულარული