ჯიქი-ბათუმი 25:6 - დიდი მიზნები, ლამაზი სანახაობა

AutoSharing Option
"ჯიქი" ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობს და უკვე იმ მწვერვალს შეუტია, ქართულ საკლუბო რაგბიში ყველაზე უმაღლესი რომაა. ამ გუნდისთვის აქამდე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა და მერე იქ ღირსეული თამაში თუ მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნეოდა, ახლა გასულ სეზონში დაკავებული მესამე საპრიზო ადგილიც იცოტავა.

მიმდინარე სეზონში რეგულარული უკვე მოიგო და პირველად ითამაშა შესარჩევ ფინალში, თუმცა არც ამით დაკმაყოფილებულა და ახლა დიდ ფინალში გასული თავისი ისტორიის ოქროს ფურცლის დაწერას შეეცდება.

"ბათუმთან" დაპირისპირებაში ანგარიშში მასპინძლები უკვე მე-3 წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც შერკინების ჩაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო რამაზ ხარაზიშვილმა
ზუსტად დაარტყა - 3:0.

აქვე დავძენთ, რომ ამ შეხვედრაში შერკინების ჩაქცევა არ ყოფილა იშვიათი შემთხვევა და ამასთან, თვალში მოსახვედრი იყო ორივე გუნდის მიერ დერეფნის მოწოდებისას დაშვებული ხარვეზები. საგულისხმოა, რომ ამ გარკვეულ ხარვეზებსაც პაექრობის მნიშვნელობა, დაძაბულობა და მაყურებლის აქტიური ქომაგობა აბათილებდა და ამიტომ სანახაობა ნამდვილად კარგი გამოვიდა.

ანგარიშში წონასწორობის აღსადგენად ზღვისპირელებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ. თემურ სოხაძემ დაახლოებით 25 მეტრიდან მშვენიერი არეკნით გაიტანა. ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის შემდეგ უფრო შორი მანძილიდანაც დაარტყა არეკნი, მაგრამ კარს ააცილა, იქამდე კი საჯარიმოს შესრულებისას დააკლდა სიზუსტე.

ტაიმის მიწურულს "ჯიქი" ენერგიულად მიეძალა მეტოქეს, ლელოს ხაზიდან 5 მეტრში დერეფნის მოწოდების უფლება მიიღო, კარგად შეკრა მოლი და ბექა მამრიკიშვილმა დაამიწა ბურთი - 8:3.

შესვენებამდე ბათუმელთაგან ისევ სოხაძემ ივარგა და თითქმის 35 მეტრიდან ზუსტად დაარტყა საჯარიმო - 8:6. სოხაძეს მეორე ტაიმის დასაწყისშიც შეეძლო გატანა, მაგრამ გაუცუდდა საჯარიმო. სამაგიეროდ, იმავე კომპონენტში რამაზ ხარაზიშვილი გაისარჯა უშეცდომოდ და 48-ე წუთზე უკვე "ჯიქი" 11:6-ს იგებდა.

მალე ოდონაჰიუმ ორივე გუნდის პირველხაზელები - ორაგველიძე და პატარაია გააძევა. აღსანიშნავია, რომ ყვითელ ბარათს ხშირად იყენებდა რეფერი და ერთხანს გუნდები 14-13-ზეც თამაშობდნენ.

"ჯიქმა" განსაკუთრებით მეორე ტაიმში იგრძნო თავი თამამად მეტოქის ნახევარზე, რაშიც ქარიც ეხმარებოდა მასპინძლებს, თუმცა 64-ე წუთზე მის დაუხმარებლადაც მეტოქის მიერ დერეფნიდან მოწოდების შემდეგ ბურთი მოიპოვეს, მოლი შეკრეს და გოგა კაკოვინმა ლელოც გაიტანა. ხარაზიშვილმა კი ამჯერადაც ზუსტად გარდასახა - 18:6.

აი, აქ უკვე უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს სტუმრებმა და ვითარების გამოსწორებას შეეცადნენ, თუმცა ხეირს ვერ ნახულობდნენ; მეტიც, ერთხელ საჯარიმო ხარაზიშვილს ძელისთვის რომ არ გაერტყა, კიდევ უფრო წინ გაიჭრებოდა "ჯიქი".

ოღონდ აქ მხოლოდ დროებით გადარჩა "ბათუმი". შეხვედრის მიწურულს მათივე შეტევისას რაქიდან გამოვარდნილი ბურთი ფეხით რამდენიმე დარტყმით გორელებმა შუა ხაზს იქით გადაიტანეს და ზღვისპირელებს ისღა დარჩენოდათ, ბიწაძე წესების დარღვევით შეებოჭათ, რის გამოს საჯარიმო ლელო ჩათვალა მსაჯმა.

მატჩის ბოლო წერტილი კი ხარაზიშვილმა დასვა ზუსტი გარდასახვით - 25:6.

დიდი 10. პლეი ოფი. II წრე
ჯიქი-ბათუმი 25:6
ჯიქი (15-9) სვანიძე, ბიწაძე, ჯინჯიხაძე, სამხარაძე, ხარაზიშვილი, მ. ნინიძე, ზაბახიძე (ბროძელი 62), (1-8) ორაგველიძე (კაკოვინი 73), მამრიკიშვილი (სუთიძე 50), დონაძე (გურგენაძე 73), გოგოლიძე, ა. ტრაპაიძე, შენგელია, მჭედლიშვილი, სუხაშვილი (დიდებულიძე 20, კაკოვინი 56)
3ლ: მამრიკიშვილი, კაკოვინი, საჯარიმო.. 2ს,2გ: ხარაზიშვილი
სინბინი: ორაგველიძე,
ბათუმი (15-9) კობახიძე, ბებიაშვილი (დ. ტრაპაიძე 35), გოგიტიძე (ნინიძე 77), გაბროშვილი, ტუჩაშვილი, სოხაძე, თუთბერიძე (1-8) ერისთავი, მატკავა (თაგაური 64), პატარაია, ცხადაძე, მიქაძე (ფუტკარაძე 64), კორტავა (ამირანაშვილი 41), ალიქაძე, თხილაიშვილი
ს,ა: სოხაძე
სინბინი: კორტავა, პატარაია
მსაჯი: ტომი ოდონაჰიუ (ირლანდია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ არის საშუალება, რომ თამაშის ვიდეომომენტები დაიდოს თქვენ საიტზე? თუნდაც სამოყვარულო კამერით გადაღებული. ძალიან კარგი იქნებოდა
gogig
14:19 01-05-2017
0

სიახლეები პოპულარული