17:55 15-05-2017
ჯიქი-ბათუმი 28:22 - ისტორიული გამარჯვება [VIDEO]
AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ტრადიცია არ დაირღვა. რეგულარული გათამაშების გამარჯვებულმა პლეი ოფი ამჯერადაც მოიგო და ჩემპიონი გახდა.
ორივე გუნდი, "ბათუმიც" და "ჯიქიც" საქართველოს ჩემპიონატის ფინალში პირველად თამაშობდნენ. თუმცა, ბათუმელი მორაგბეების ნაწილი მეტოქე მორაგბეებზე ამ მხრივ ბევრად გამოცდილი და არაერთ ბრძოლაგამოვლილი იყო.
ალბათ, სწორედ ამის ბრალია, რომ "ბათუმი" თავიდან მეტოქეზე ბევრად თავდაჯერებულად გამოიყურებოდა და უფრო დალაგებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
"ჯიქი", დიდი მცდელობის მიუხედავად, ბათუმელთა 22-მეტრიან ზონაში პირველად 26-ე წუთზე შევიდა. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ დროისთვის ანგარიში მხოლოდ 3:3 იყო, ანუ მეტოქეს დაცვაში მედგრად დაუდგნენ და დაწინაურების საშუალება არ მისცეს.
თავიდან "ბათუმი" მეტოქეს შერკინებაშიც ჯაბნიდა, მაგრამ გორელებმა ამასაც აუღეს ალღო და დანიშნულ შერკინებაში აღარაფერს თმობდნენ.
38-ე წუთამდე ანგარიშში საგრძნობლად დაწინაურებას ვერცერთი ახერხებდა. "ჯიქის" გარემარბის, რამაზ ხარაზიშვილის ორ საჯარიმოს "ბათუმის" ფულბეკმა ბახვა კობახიძემ ორითვე უპასუხა - 6:6.
ტაიმის დასრულებას რამდენიმე წუთი აკლდა, როცა მატჩის ირლანდიელმა არბიტრმა ფრენკ მერფიმ "ბათუმის" მესამეხაზელი ჯონდი კორტავა გაასინბინა. ზღვისპირელები კაცნაკლულნი დრჩნენ, რაც "ჯიქმა" შესანიშნავად გამოიყენა. მეტობის მდგომარეობაში გორელებმა ორი ლელო გაიტანეს და ჯამში 12 ქულა მიითვალეს.
პირველი ტაიმის მიწურულს "ჯიქმა" საჯარიმო კარში არ დაარტყა და, როგორც შემდეგ გაირკვა, სწორადაც მოქცეულა. ხუთმეტრიანი დერეფანი გორელებმა სუფთად მოიგეს, მოლი ააგორეს და ლელო შერკინების კვაჭმა ბექა მამრიკიშვილმა გაიტანა. ხარაზიშვილმა გარდასახა - 13:6. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ "ჯიქი" აქტიურად ეკვეთა მეტოქეს, მორკინალებს უკანა ხაზმაც აუბა მხარი. გაჩაღდა ხელდახელ ბურთაობა. გორელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ წუნი გადაცემებში მინიმუმამდე იყო დაყვანილი. ასე რომ, მეორე ტაიმში ლამის პირველივე შეტევა "ჯიქმა" ლელოთი დაასრულა. იერიშისას მიმართულება რამდენჯერმე შეიცვალა და ბოლოს, მარცხენა ფრთაზე გუნდის კაპიტანმა გურამ შენგელიამ იყოჩაღა. ხარაზაშვილმა ვერ გარდასახა - 18:6.
ნელ-ნელა "ჯიქი" სრულად დაეუფლა სათამაშო უპირატესობას. ძნელია, გამარჯვებულ გუნდში ვინმე გამოარჩიო, ყველა იბრძოდა, ყველამ მაქსიმუმი გაიღო, მაგრამ მაინც ყველაზე თვალშისაცემი შუამარბის, რევაზ ჯინჯიხაძის თამაში იყო - შეტევაში ხაზის გამგლეჯი, დაცვაში შეუდრეკელი. მისი ასეთი გარჯა ერთგვარი სიურპრიზიც იყო.
და ხარაზიშვილი, გუნდის სული და გული. 68-ე წუთზე მის მიერ გატანილი ლელო, რომელმაც საბოლოოდ გადაწყვიტა მატჩის ბედი, მართალია, მთელი გუნდის შემოქმედება იყო, მაგრამ რომ არა რამაზის ინდივიდუალური ოსტატობა, იერიში შეიძლება კიდევ დიდხანს და უშედეგოდ გაგრძელებულიყო.
"ბათუმი", მას შემდეგ, რაც მეტოქეს 12 ქულით ჩამორჩა, თითქოს გამოსავალს ვერ პოულობდა. მწვრთნელებმა, რატომღაც, გარემარბი აქლექსანდრე ტუჩაშვილი შეცვალეს. თამაშის დამთავრებას ათი წუთი აკლდა, როცა სათადარიგოთა სკამზე მგეზავი თემურ სოხაძეც დასვეს. მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ნინიძემ თქვა - მათ დაღლილობა დაეტყო და იმიტომ შევცვალეთო.
ბათუმელებმა 58-ე წუთზე ერთი ლელოს გატანა მაინც შეძლეს. დერეფნიდან აგორებულ მოლში მთელი გუნდი ჩაერთო და ჩათვლის მოედანში ბურთი ბახვა კობახიძემ დაამიწა. ლელო თვითონვე გარდასახა და ჩამორჩენა ხუთ ქულამდე შეამცირა. ამაზე ახლოს "ბათუმი" "ჯიქს" აღარ მიახლოებია.
როგორც უკვე ვთქვით, 68-ე წუთზე ხარაზიშვილის გატანილი ლელოთი "ჯიქი" კიდევ ერთხელ დაწინაურდა 12 ქულით. ბათუმელმა კობახიძემ კი ეს ჩამორჩება დარჩენილ დროში ორი საჯარიმოს წყალობით მხოლოდ ექვს ქულამდე შეამცირა და გამარჯვება "ჯიქს" დარჩა - 28:22.
წუთი-წუთზე
მე-2 წთ: დაინიშნა პირველი შერკინება "ბათუმის" სასარგებლოდ.
მე-4 წთ: დაინიშნა პირველი საჯარიმო "ბათუმის" სასარგებლოდ.
მე-7 წთ: პირველი სალელოვე შეტევა, რომლის დროსაც თემურ სოხაძის ფეხით დაკიდებული ბურთი ალექსანდრე ტუჩაშვილმა ვერ დაიჭირა.
მე-9 წთ: "ბათუმმა" ბახვა კობახიძის საჯარიმოთი ანგარიში გახსნა - 3:0.
მე-11 წთ: რამაზ ხარაზიშვილმა საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა - 3:3.
მე-15 წთ: ბათუმელმა კობახიძემ საჯარიმო ვერ გაიტანა.
26-ე წთ: "ჯიქი" პირველად შევიდა მეტოქის 22-მეტრიან ზონაში.
27-ე წთ: ხარაზიშვილმა საჯარიმო ვერ გაიტანა.
29-ე წთ: თემურ სოხაძემ არეკნით სცადა "ჯიქის" კარის დალაშქვრა, მაგრამ უშედეგოდ.
32-ე წთ: ხარაზიშვილმა ცენტრიდან გატანილი საჯარიმოთი "ჯიქი" დააწინაურა - 6:3.
34-ე წთ: კობახიძემ ასევე ცენტრიდან დაარტა საჯარიმო და ანგარიში გაათანაბრა - 6:6.
37-ე წთ: მსაჯმა ბათუმელთა მესამეხაზელი ჯონდი კორტავა გაასინბინა.
38-ე წთ: ხუთმეტრიანი დერეფნიდან "ჯიქმა" მოლი ააგორა და ლელო შერკინების კვაჭმა ბექა მამრიკიშვილმა გაიტანა, ხარაზიშვილმა გარდასახა - 13:6.
43-ე წთ: "ჯიქის" მრავალფაზიანი, ხანგრძლივი შეტევა მარცხენა ფრთაზე ლელოთი გურამ შენგელიამ დაასრულა. ხარაზიშვილმა ვერ გარდასახა - 18:6.
58-ე წთ: "ბათუმმა" მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში დერეფანი მოიგო, მოლი შეკრა, რომელშიც მთელი გუნდი ჩაერთო და ჩათვლის მოედანში ბურთი ფულბეკმა ბახვა კობახიძემ დაამიწა. მანვე გარდასახა - 13:18.
62-ე წთ: ხარაზიშვილმა საჯარიმოთი კიდევ უფრო დააწინაურა "ჯიქი" - 21:13.
66-ე წთ: კობახიძემ ასევე საჯარიმოთი უპასუხა - 16:21.
68-ე წთ: "ჯიქის" მორიგი მრავალფაზიანი, ხანგრძლივი შეტევა. ხარაზიშვილმა ერთ მომენტში ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა. მანვე გარდასახა - 28:16.
74-ე წთ: კობახიძემ საჯარიმო დარტყმით ანგარიში შეამცირა - 19:28.
79-ე წთ: კობახიძემ კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა და ანგარიშში სხვაობა ექვს ქულამდე დაიყვანა - 22:28.
ჯიქი-ბათუმი 28:22
ჯიქი: (15-9) კიკნაძე (სვანიძე 53), ბიწაძე, ჯინჯიხაძე, სამხარაძე (ხუციშვილი 68), ხარაზიშვილი, ნინიძე, ზაბახიძე (ბროძელი 49). ორაგველიძე (კაკოვინი 66), მამრიკიშვილი (სუთიძე 54, მამრიკიშვილი 73), დონაძე (გურგენაძე 66), გოგოლიძე (ჯიმშიტაშვილი 79), ტრაპაიძე, შენგელია, მჭედლიშვილი, სუხაშვილი (დიდებულიძე 74).
3ლ: მამრიკიშვილი, შენგელია, ხარაზაშვილი. 3ს,2გ: ხარაზიშვილი.
ბათუმი: (15-9) კობახიძე, ტუჩაშვილი (ტრაპაიძე 46), გოგიტიძე (ნ. ნინიძე 53), გაბროშვილი, ბებიაშვილი, სოხაძე (ჯაბნიძე 70), თუთბერიძე. (1-8) ერისთავი, მატკავა, პატარაია (ბალიაშვილი 66), ფუტკარაძე, მიქაძე (ცხადაძე 45), კორტავა (ამირანაშვილი 50), ალიქაძე, თხილაიშვილი
ლ: კობახიძე. 5ს,გ: კობახიძე
სინბინი: კორტავა.
მსაჯი: ფრენკ მერფი (ილანდია)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
პალიკომ დიდი წვლილი შეიტანა ქართული რაგბის წარმატებაში,როგორც მოქმედმა სპორტსმენმა და ახლაც აგრძელებს ამ გზას.ის ძალიან კარგი ადამიანია და ამაშიც ჩემპიონია.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული