დავიწყოთ საერთო შეფასებით. წლევანდელი გათამაშება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა უწინდელზე, როგორც მინიმუმ, წინა ათ ჩემპიონატზე ბევრად უკეთესი ხარისხის იყო. ყველა მატჩი დაძაბულ, უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობდა, ისე, რომ წინასწარ გამარჯვებულის გამოვლენა, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელი იყო.
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, სანახაობრივად ლამაზი და მაღალი დონის შეხვედრად კი,
თამაშის ხარისხზე საუბრისას, უწინარესად, ვგულისხმობთ გუნდების მიერ არჩეულ გზას, რაც შეიძლება მეტი ითამაშონ ხელით, ხშირად ცვალონ შეტევის მიმართულება და ასე გაჭრან მეტოქის დაცვის ხაზი. ვისაც ეს ყველაზე უკეთ გამოსდიოდა, ჩემპიონიც სწორედ ის გახდა.
ახლა ჩემპიონზეც ვთქვათ. "ჯიქი", უწინარესად, არის რაგბის დიდი სიყვარულის, თავდადების, მუხლჩაუხრელი შრომისა და ბრძოლის ნაყოფი. ეს გუნდი წლების განმავლობაში, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევდა და ქართული რაგბის მწვერვალამდეც მიაღწია - ბრინჯაოს მედლები, რომელსაც შარშან დაეუფლნენ, წლეულს ოქროზე გაცვალა.
"ჯიქმა" ჩემპიონატი მძიმედ დაიწყო. სტარტზე, ოთხ მატჩში ორი წაგება და ამდენივე მოგება ჰქონდა. პირველი წრე კი სამი წაგებით, ერთი ფრითა და ხუთი მოგებით დაასრულა. არც მეორე წრის დასაწყისი იყო წარმატებული. საწყის სამ მატჩში გორელთა გუნდი ორჯერ დამარცხდა და მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო. თუმცა მერე, მე-13 ტურში ბათუმში გამარჯვების შემდეგ 21:19, გუნდს გათამაშების ბოლომდე აღარ წაუგია.
ერთი საგულისხმო დეტალი: "ჯიქმა" ყველაზე მეტი საპრემიო ქულა მოიპოვა - 11. მას სამი ქულით უკვე ყოფილი ჩემპიონი "ლელო" ჩამორჩა. თუნდაც ეს მაჩვენებელი თვალნათლივ მიუთითებს ამ გუნდის ხასიათზე. ის ბოლომდე მებრძოლი და ისეთი "ბიჭია", თავს იოლად რომ არავის აჩაგვრინებს. "ჯიქი" წაგებულ მატჩშიც ხეირს ეძებდა და საპრემიო ქულებით მონაგარს ავსებდა.
კიდევ ერთი მაჩვენებელი, თუ რატომ იმსახურებდა ეს გუნდი ჩემპიონობას, წერილის ბოლოსაა მოცემული. საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მექულე "ჯიქის" გარემარბი რამაზ ხარაზიშვილია. ოთხ საუკეთესო მელელოვეს შორის კი სამი "ჯიქის" მორაგბეები, ნიკა ბიწაძე, ბექა მამრიკიშვილი და რამაზ ხარაზიშვილი არიან. მათ მხოლოდ ქუთაისის "აიას" გარემარბი გიორგი აბრამიძე უსწრებს 12 ლელოთი.
ფინალში "ბათუმის" გასვლა მოულოდნელი არ ყოფილა. კაცმა რომ თქვას, უცნაური არც მისი ჩემპიონობა იქნებოდა. ამ გუნდში "ჯიქთან" შედარებით ბევრად გამოცდილი მორაგბეები თამაშობენ, ისეთებიც, რომლებმაც ქვეყნის ჩემპიონობით გამოწვეული სიხარულის გემოც რომ იციან. ამიტომ მათგან ფინალში ბევრად უფრო აკადემიურ, აუღელვებელ თამაშს ველოდით. სადღაც, ალბათ, ასეც მოხდა, მაგრამ გამარჯვებას, უფრო კი ჩემპიონობას მოწყურებულ "ჯიქს" ბოლომდე წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
"ბათუმი" თანაბრად კარგად დაკომპლექტებული გუნდია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ყველაზე მძიმე და მძლავრი შერკინება ჰყავს. თუმცა, მის სათამაშო კლასს მაინც რაღაც აკლია, ის, რაც ჩემპიონობის მოპოვებამდე არ ეყო. ბათუმელებმა რეგულარული გათამაშება სტაბილურად გაიარეს და პირველადგილოსან "ჯიქს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩნენ.
მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედლები ბოლო ოთხი სეზონის გამარჯვებულს, თბილისის "ლელოს" ხვდა წილად. თუ ამ გუნდის შემადგენლობით ვიმსჯელებთ, მას ზედიზედ მეხუთედაც უნდა მოეგო ჩემპიონატი, მაგრამ ბათუმური ბარიერი ვერ გადალახა და მესამე ადგილს დაყაბულდა.
"ლელოს" ასეთი, თუ შეიძლება ითქვას, წარუმატებლობის მიზეზი ერთია. გუნდში მრავლად არიან ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების წევრები, რომლებიც ხშირად საერთაშორისო ასპარეზზე ირჯებიან და კლუბს აკლდებიან. ეს შეთამაშებას, სტაბილურობას ხელს არაფრით უწყობს და შედეგიც სახეზეა.
ყველაზე მოულოდნელი დასრულებულ ჩემპიონატში თბილისის "აკადემიას" კარგი თამაში და შესაბამისად, შედეგიცაა. ეს გუნდი შარშანდელ ჩემპიონატში ერთ-ერთი აუტსაიდერი იყო. ახალი სეზონიც ისე დაიწყო, თითქოს ისევ გადარჩენისთვის უნდა ებრძოლათ. თუმცა, თვითონ მორაგბეები და გუნდის ხელმძღვანელები ასე არ ფიქრობდნენ. "აკადემია" პლეი ოფში გავიდა და მედლების მოპოვებაზე განაცხადა პრეტენზია. ვინ იცის, გზად გასავარდნ ფინალში მაინცდამაინც "ლელო" რომ არ გადაჰყროდა, იქნებ მედლისთვისაც გამოეკრა ხელი.
მოულოდნელი იყო ასევე წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთი ლიდერის, ქუთაისის "აიას" მეექვსე ადგილი, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონ თბილისის "ლოკომოტივზე". ეს უკანასკნელი, ჩემპიონატში რაც უნდა არასტაბილურად ირჯებოდეს, პლეი ოფში მუდამ ახერხებს სათანადოდ კონცენტრირებას და ჩემპიონობის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი ხდება. ამჯერად ასე არ მოხდა. "ლოკომოტივს" გზად "ლელო" გადაეყარა და ფარ-ხმალი დააყრევინა.
აი, ქუთაისის "აიას" მარცხი კი, შინ თბილისის "აკადემიასთან" დღემდე ამოუხსნელ გამოცანად რჩება.
დასანანია, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დატოვება ბოლნისის "ყოჩებს" მოუწიათ. ძნელი სათქმელია, რამ მიიყვანა აქამდე ეს ძალიან დიდი ტრადიციების მქონე გუნდი. მის ადგილს მომავალ სეზონში პირველ ლიგაში გამარჯვებული რუსთავის "ხარები" დაიკავებს, რომელსაც ასევე არანაკლები ტრადიციები გააჩნია და "ყოჩების" მსგავსად, არაერთი მორაგბე გაუზრდია ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებებისთვის.
საუკეთესო მექულეები
1. რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი) - 199 ქულა, 2. სოსო მათიაშვილი (აკადემია) - 153, 3. ირაკლი ყიასაშვილი (ლელო) - 143, 4. ბექა ურჯუკაშვილი (არმია) - 135, 5. ბახვა კობახიძე (ბათუმი) - 131.
საუკეთესო მელელოვეები
1. გიორგი აბრამიძე (აია) - 12 ლელო, 2. ნიკა ბიწაძე (ჯიქი) - 11, 3. ბექა მამრიკიშვილი (ჯიქი) - 10, 4. რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი) - 9, 5. გიორგი შკინინი (ლოკომოტივი) - 8
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ყოჩების გავარდნა მართლაც სამწუხაროა. ყოჩების მორაგბე ნიკა ცირეკიძე (13-14) მაგარი ბიჭი ჩანს.