თბილისის "აკადემია": ნუ წაგვართმევთ მორაგბეებს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი რაგბიში დიდი ხანი არაა, რაც დასრულდა. ქვეყანას ახალი ჩემპიონი ჰყავს - გორის "ჯიქი". "ლელოს" ოთხწლიანი ჰეგემონია დამთავრდა. შესაბამისად, ჩემპიონატი საინტერესო და მოულოდნელი მოვლენებით იყო აღსავსე.

ერთ-ერთი მოულოდნელობა თბილისის "აკადემიას" პლეი ოფში გასვლა და საბოლოოდ მეოთხე ადგილის დაკავებაა. რატომ იყო მოულოდნელი? ეს გუნდი შარშან უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა. წლეულს კი რეალური პრეტენზია ჰქონდა, რომელიმე სინჯის მედალი მაინც აეღო.

განვლილი სეზონის, გუნდში არსებული პრობლემებისა და მომავლის გეგმებზე "აკადემიას" მთავარ მწვრთნელს ლევან ობოლაძეს და მენეჯერს დიმიტრი ობოლაძეს ვესაუბრეთ.

- "აკადემიამ" წლევანდელ
ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც ბევრისთვის მოულოდნელობა იყო. შარშან ხომ გუნდი უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა...
ლევან ობოლაძე:

ცოტა შორიდან დავიწყოთ. ორი წლის წინათ "აკადემია" უმაღლესი ლიგიდან გავარდა. გუნდი ერთბაშად თვრამეტმა მორაგბემ დატოვა. მათ ნაცვლად ჩვენი სკოლის აღზრდილები ავიყვანეთ, რომლებიც იქამდე ჭაბუკთა ლიგებში და სათადარიგო გუნდების ჩემპიონატში ასპარეზობდნენ. ახალგაზრდა მორაგბეებმა, რომლებიც ჭაბუკთა ლიგებში წარმატებით ირჯებოდნენ და გამარჯვებულის, ლიდერის მენტალიტეტი ჰქონდათ, პირველი ლიგის კაცთა გუნდებთან პაექრობაში შესანიშნავი გამოცდილება მიიღეს.

უმაღლეს ლიგაში უპრობლემოდ დავბრუნდით და შარშანდელი სეზონი ამ ლიგის გუნდებთან ადაპტაციას მოვანდომეთ. რაც მთავარია, შევძელით ჩვენი გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება. არავინ დაგვიმატებია სხვა გუნდიდან. ერთადერთი საბა შუბითიძე დაგვიბრუნდა, რომელიც გორის "ჯიქში" იყო განათხოვრებული.

უმაღლეს ლიგაში, ყველა გუნდთან მეორე ნომრად ვთამაშობდით. თუ შეიძლება ითქვას, ცოტა მორიდებულნი ვიყავით. პროგრამა მინიმუმი მე-9 ადგილზე გასვლა და პლეი ოფში უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება გვქონდა. ისე გამოვიდა, რომ კონკურენტებთან ექვსი თამაშიდან ხუთი მოვიგეთ. მერე მიზნად დავისახეთ მინიმუმ ორი ძლიერი გუნდისთვის მოგვეგო. გარდატეხა ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონის, თბილისის "ლოკომოტივის" დამარცხებით მოხდა - 31:3. ამის მერე ქუთაისის "აიასაც" მოვუგეთ.

რამდენიმე ჩვენი მორაგბე საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებსა და ეროვნულ გუნდში მოხვდა. ამიტომ, წლევანდელი სეზონის დაწყების წინ, მიზნად პლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლა დავისახეთ. ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ შემადგენლობას შევინარჩუნებდით. ჩვენ დაბალბიუჯეტიანი გუნდი ვართ და ამის გაკეთება ძალიან ჭირს. ამჯერად, ეს მოვახერხეთ, საფრანგეთიდან ჩვენივე აღზრდილი თორნიკე ზოიძე დაგვიბრუნდა და საბოლოოდ ჩემპიონატში მე-4 ადგილი დავიკავეთ.

- საერთო აღიარებით რუსთავში გამართული გასავარდნი ფინალი "აკადემიასა" და "ლელოს" შორის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო მთელ ჩემპიონატში. ამ შეხვედრაში მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე იგებდით კიდეც. რა მოხდა, რატომ ვერ შეძლო გუნდმა საბოლოოდ გამარჯვების მიღწევა?
ლევან ობოლაძე:
ჩვენ ძირითადად ორი შემადგენლობა გვყავს. სულ 30 მორაგბე და რომელსაც არ უნდა ეთამაშა დიდად არაფერი იცვლებოდა. თუმცა, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ნაკრებების თამაშების განრიგი ჩვენს კალენდარს ხშირად ემთხვევა. ამიტომ, გვიწევს მორაგბეების მივლინება ეროვნულ და სხვადასხვა ასაკის ნაკრებებში. ეს იწვევს სათამაშო სისტემის მოშლას. ნაკრებში მათ სხვა სისტემით ავარჯიშებენ, კლუბში სხვა სისტემით. რამდენიმე შეხვედრაში რავა-ცხრა მოთამაშე სწორედ ამ მიზეზით გვაკლდა.

"ლელოსთან" მარცხს კი მაინც მოკლე სკამს დავაბრალებ. ტრავმირებულების გარდა, კიდევ გვაკლდა ახალგაზრდულ ნაკრებში მივლინებული ორი მოთამაშე, შერკინების კვაჭი და მგეზავი. თამაშის მიმდინარეობისას ჟინიანად ვირჯებოდით, მაგრამ ნერვიულობა ბიჭებს მაინც ეტყობოდათ. მეტოქეს ქულების აღების საშუალება ძალიან იოლად მივეცით. მე-60 წუთის შემდეგ, როცა ცვლილებების დრო დადგა, მეტოქემ გამოცდილი, სრულფასოვნად შემცვლელი მორაგბეები შეუშვა მოედანზე. სწორედ მათ შეიტანეს გარდატეხა.

მთლიანობაში, ცხადია, მიღწეული შედეგით კმაყოფილნი ვართ. შეცდომებს ვხედავთ და ვშრომობთ, რომ ისინი მაქსიმალურად აღმოვფხვრათ.

- "აკადემიაში" ერთ-ერთი გამორჩეული სოსო მათიაშვილია, რომელიც აგერ ეროვნულ ნაკრებშიცაა მიწვეული. ის თქვენი კლუბის გაზრდილია?
ლევან ობოლაძე:
სოსო მათიაშვილი აკადემიელია. ის ბავშვობაში სხვა გუნდში ვარჯიშობდა. მერე სამოყვარულო რაგბით იყო გატაცებული და ერთ-ერთმა ჩვენმა მოთამაშემ "აკადემიაში" მოიყვანა. მან სრული სეზონი პირველ ლიგაში რომ ვთამაშობდით, მაშინ ჩაატარა. მერე ნელ-ნელა გუნდის ლიდერი გახდა. ნიჭიერი, განათლებული ბიჭია და მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა.

- უკვე ითქვა, რომ "აკადემია" დაბალბიუჯეტიანი გუნდია. ფინანსების სიმცირე კი საკმაოდ დიდ პრობლემებს ქმნის. რა მდგომარეობაა ამჟამად და რას გეგმავთ ვითარების გასაუმჯობესებლად?
დიმიტრი ობოლაძე:
უწინარესად, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მორაგბეს მუხლჩაუხრელი გარჯისთვის, თავდადებისთვის, კლუბის ერთგულებისთვის. "აკადემიამ" დაიბრუნა ის ავტორიტეტი, პატივისცემა, რომელიც მას წლების განმავლობაში თავისი სათამაშო სტილით, საქმისადმი დამოკიდებულებით ჰქონდა მოპოვებული.

ჩვენი გუნდის უმთავრესი პრობლემა მორაგბეების გადინებაა. რადგან მწირი ფინანსები გვაქვს, მოთამაშეების შენარჩუნება გვიჭირს. ჩემპიონატი ახალი დასრულებულია და უკვე მაღალბიუჯეტიანი კლუბების წარმომადგენლები ჩვენი გუნდის წამყვან მოთამაშეებს, მათ შორის სოსო მათიაშვილს, თავისკენ იხმობენ, ელაპარაკებიან, მეტ ანაზღაურებას სთავაზობენ. ვფიქრობ, რომ ჩვენი კოლეგების მხრიდან ეს უსინდისობაა. ადგნენ და თვითონ გაზარდონ კარგი მორაგბეები. რატომ სარგებლობენ იმით, რომ მეტი დაფინანსება აქვთ.

წლევანდელი ჩემპიონატი საერთო აღიარებით ერთ-ერთი საუკეთესო იყო. იმიტომ, რომ ჩემპიონატში არ გვყავდა თავკომბალა გუნდი. თუ ჩვენ და სხვა დაბალბიუჯეტიან გუნდებს წამყვანი მოთამაშეები წაართვეს, ისევ შეიქმნება თავკომბალა გუნდი, ეს კი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს ყველაფერი ქართული რაგბის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს.

- "აკადემიას" არც საკუთარი სარაგბო ინფრასტრუქტურა გააჩნია...
დიმიტრი ობოლაძე:
წლის ბოლოს ახალი სარაგბო ბაზა გვექნება, რომელიც ჩვენი და "ყოჩების" საზიარო იქნება. შესაბამისად, გაუმჯობესდება, როგორც კაცთა, ისე ბავშვთა გუნდების სავარჯიშო პირობები. მომავალი წლიდან კი იქ თამაშსაც შევძლებთ და საკუთარ, საშინაო არენაზე გავმართავთ მატჩებს. თორემ, ისე გამოდიოდა, რომ მუდმივად ან სტუმარი ვიყავით, ან ნეიტრალურ მოედანზე გვიწევდა თამაში.

ეს ძალიან კარგი ამბავია. უბრალოდ, ცუდი ისაა, რომ სპონსორები პასიურობენ. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, რათა ეს თვითმყოფადი გუნდი შევინარჩუნოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სპონსორებო წოტა იაქტიურეთ რაა.... მეტად დაუდექით მხარში ისეთ ძლიერ ქართულ პროექტს როგორიც რ ა გ ბ ი ა ! ყველაფერს მხოლოდ კომერციის თვალით ნუ შეხედავთ. თანაც რაგბში ხომ არ არის საუბარი დიდ თანხებზე. სულ მცირედიც კი რომ გაიღოს თითოეულმა თქვენთაგანმა, მთლიანობაში დამერწმუნეთ უდიდეს ეროვნულ საქმეს გააკეთებთ.
levani
19:24 28-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული