განვლილ სეზონში "ჯიქები" დებიუტანტი იყო და ამის კვალობაზე შესანიშნავად გამოიყურებოდა. მეტიც, ის ერთხმად არის მიჩნეული სეზონის აღმოჩენად. გუნდმა პირველივე ცდაზე შეძლო პლეი ოფში გასვლა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა. რაც მთავარია, "ჯიქების" მორაგბეები უკომპრომისო, ბოლომდე თავდადებული ბრძოლით იყვნენ გამორჩეულები.
გუნდის მომავლის გეგემებზე "ჯიქების" ერთ-ერთ დამფუძნებელს, კლუბის დირექტორს ირაკლი ხუციშვილს ვესაუბრეთ:
- მოდით, დასაწყისისთვის "ჯიქების" მიერ უმაღლეს ლიგაში გატარებული პირველი
- გასული სეზონი, ცხადია, წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ. "ჯიქები" ახალგაზრდული გუნდია. ბიჭებმა მოინდომეს, იბრძოლეს, რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ბოლოს მაინც გამოუცდელობამ იჩინა თავი. ვფიქრობ, უფრო მეტის მიღწევა შეგვეძლო, ვიდრე მე-5 ადგილზე გასვლაა.
- როგორ ფიქრობთ, რა არის დებიუტანტის მიერ ასეთი კარგი თამაშის ჩვენების მიზეზი. რით იყო ეს განპირობებული?
- ყოველივე ეს, უწინარესად, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია. შესანიშნავად იმუშავა სამწვრთნელო შტაბმა. მოთამაშეებმა თავდადებით, ბოლომდე იბრძოლეს. ამასთან ერთად, ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის მორაგბეები ბავშვობიდან ერთად იზრდებიან, სულ ერთად თამაშობენ. ამიტომ მეგობრული, მებრძოლი გუნდი ჩამოყალიბდა, რომლის თითოეულ წევრს ერთმანეთის კარგად ესმის.
- წლევანდელი სეზონის წინ კლუბებს ფინანსურად გაუჭირდათ. რა მდგომარეობა იყო "ჯიქებში"?
- ძალიან გაგვიჭირდა. მარტო ჩვენ არა. კლუბები დაშლის პირას იყვნენ მისული. რომ არა რაგბის კავშირის პრეზიდენტის გიორგი ნიჟარაძის ძალისხმევა და სახელმწიფოს დახმარება, შესაძლოა, ჩემპიონატი ვერც ჩაგვეტარებინა.
დახმარება ცოტა დაგვიანებით კი მოვიდა, რის გამოც მზადება გვიან დავიწყეთ, მაგრამ ვცდილობთ ისე მოვემზადოთ, რომ შარშანდელ დონეს და უფრო მეტსაც მივაღწიოთ. თანხა ისეთი არ არის, რომ პროფესიონალმა მორაგბემ თავს მიხედოს და შეინახოს, მაგრამ ესეც არ გვქონდა.
- სეზონებს შორის შესვენებისას გუნდის შემადგენლობაში რა ცვლილებები განხორციელდა?
- გუნდი რამდენიმე მოთამაშემ დატოვა. პირველხაზელი ლექსო ყაულაშვილი საფრანგეთის ელიტური, მეორე დივიზიონის "ლა როშელში" გადაბარგდა. საფრანგეთშივე წავიდა სათამაშოდ დავით ტალახაძეც. სანაცვლოდ პირველ ლიგაში მოთამაშე "ხულიგანადან" ახალგაზრდა მორაგბეები ირაკლი სვანიძე და დევი დევიძე მოვიწვიეთ. "ლელოდან" ჩვენს გუნდში გადმოვიდა ცხრა ნომერი გიორგი ჭინჭარაული.
რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე დავიმატეთ "ჯიქების" სათადარიგო გუნდიდანაც. აქცენტს მხოლოდ ახალგაზრდებზე ვაკეთებთ და, იმედი მაქვს, რომ ისინი მალე შეძლებენ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას.
- როგორ ემზადება გუნდი ახალი სეზონისთვის?
- ახლახან ათდღიანი საწვრთნელი შეკრება გავიარეთ გონიოში. ძალიან კარგი პირობები გვქონდა წვრთნისა და დასვენებისთვის. ვფიქრობ, ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა. ერთი საკონტროლო" შეხვედრა გავმართეთ "ბათუმთან, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩემპიონატისთვის ემზადება და კარგ ფორმაშია. ეს გუნდი სამი ქულის სხვაობით დავამარცხეთ.
ამჟამად "ჯიქები" "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" ვარჯიშობს და ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ ერთი საწვრთნელი შეკრება აღარ გვექნება. ფინანსური შესაძლებლობა შეზღუდულია, ის მხოლოდ მორაგბეთა ხელფასებს და ორ საწვრთნელ შეკრებას წვდება. მეორე შეკრებას პირველ და მეორე წრეებს შორის შესვენებისას ვგეგმავთ.
- უკვე თქვით, რომ უმაღლესი ლიგის გუნდი "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" ვარჯიშობს. სად იწრთობიან კლუბის დანარჩენი გუნდები?
- ჭაბუკთა A და B ლიგის გუნდები, ასევე საფესტივალო ასაკის მორაგბეები ნუცუბიძის პლატოზე არსებულ ბაზაზე ვარჯიშობენ. სულ კლუბში 250 მოზარდი გვყავს. მოედანი კი პატარაა. ეს ბაზა რაგბის კავშირის ბალანსზეა. მისი მიმდებარე ტერიტორია ამჟამად მერიის საკუთრებაა და არაფერში იყენებენ. გვინდა მივმართოთ შესაბამის სტრუქტურებს, რათა ეს ტერიტორიაც ჩვენ გადმოგვცენ, რათა იქ სრულყოფილი ბაზა გაკეთდეს და სტანდარტული ზომის მოედანი მოეწყოს.
ეს საშური საქმე იქნება მთლიანად ქართული რაგბისთვის.
"ჯიქებს" საფუძველი სწორედ ნუცუბიძის პლატოს ბაზაზე ჩაეყარა. თავიდან B ლიგის გუნდით დავიწყეთ. მერე მეგობრები, ძველი მორაგბეები დაგვიდგნენ გვერდში. ჩვენი ფინანსებით და ახლობლების დახმარებით ნელ-ნელა ვზრდიდით მოთამაშეებს. როცა მივედით იმ ეტაპზე, რომ პროფესიონალი მწვრთნელი გახდა საჭირო, გიორგი ამირხანაშვილი მივიწვიეთ.
"ჯიქების" დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვით დავით გოცაძეს, კახა ალანიას, გოგი გიგაშვილს და იოსებ მაისურაძეს, რომელიც ამჟამად კლუბის პრეზიდენტია.
ამირხანაშვილმა უდიდესი სამუშაო გასწია არა მარტო კაცთა გუნდში, არამედ ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ასე შრომით, ნელ-ნელა წინსვლით შევედით უმაღლეს ლიგაში. ახლახან კიდევ ერთი მწვრთნელი დავიმატეთ. გოჩა კვაჭანტირაძე უკანა ხაზს გაწვრთნის. მისი გუნდში მოსვლით ამ კომპონენტში საგრძნობ გაუმჯობესებას ველით.
- "ჯიქებს" სპონსორი არ ჰყავს?
- ბოლო ორი წელიწადი ილიას უნივერსიტეტი გვეხმარებოდა ფინანსურად. მისი შემწეობით ახალგაზრდა მორაგბეები ფეხზე დავაყენეთ, გავზარდეთ. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან. სავარაუდოდ, თუ სეზონის შუაწელში არა, ბოლოსკენ ახალი პარტნიორი აუცილებლად გვეყოლება.
- რა მიზნები აქვს წლეულს თქვენს გუნდს. რა შედეგი იქნება "ჯიქებისთვის" მაქსიმუმი?
- ჩვენი მიზანი მესამე ან მეოთხე ადგილზე გასვლაა. ამის მიღწევა ძალიან ძნელი იქნება, რადგან გუნდები საკმაოდ მოღონიერდნენ. კონკურენტები ისევ ისინი იქნებიან, ვინც აქამდე იყვნენ. მეტიც, ვფიქრობ, მათ კიდევ ორი გუნდი დაემატება.
ერთი სიტყვით, ძალიან ძლიერ ჩემპიონატს ველოდებით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"