სეზონი უაღრესად დაძაბული და საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგან რაგბის კავშირის დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და სახელმწიფომ დამატებითი ფინანსური დახმარება გამოუყო ქართულ სარაგბო კლუბებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, უკეთესი ხარისხის რაგბი ითამაშონ.
დანარჩენი ევროპის მსგავსად, გათამაშება შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ჩატარდება. უმაღლეს ლიგაში კვლავინდებურად 10 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც პირველობას ორ წრედ ჩაატარებენ, რის შემდეგაც საუკეთესო ექვსეული პლეი ოფის საგზურს მოიპოვებს.
პლეი ოფის პირველ ეტაპზე რეგულარული გათამაშების საუკეთესო ორი გუნდი დაისვენებს, მესამეადგილოსანი - მეექვსეს, მეოთხეადგილოსანი
იქაც ერთმატჩიანი ჯახები იქნება, რის შემდეგაც გამოვლინდება ორი ფინალისტი და ჩემპიონის ვინაობაც გაირკვევა გადამწყვეტ მატჩში.
რაც შეეხება ქვედა გუნდებს: ბოლოადგილოსანი დატოვებს უმაღლეს ლიგას და მას პირველი ლიგის გამარჯვებული ჩაანაცვლებს, ხოლო მე-9-ეადგილოსანი ორრაუნდიან ბრძოლაში დაუპირისპირდება პირველი ლიგის მეორე გუნდს.
რეგულარულ გათამაშებაში ქულათა დარიცხვის სისტემა უცვლელი დარჩება: გამარჯვებისათვის გუნდი 4 ქულას მიიღებს, ფრის შემთხვევაში - 2-ს. იმოქმედებს პრემიალური სისტემაც - 7 და ნაკლები ქულით მარცხი, ასევე, მეტოქეზე სამი და მეტი ლელოს გატანა (ლელოებით 3:0, 4:1, 5:2 მხოლოდ გამარჯვებული გუნდისათვის) ერთ პრემიალურ ქულას მოუტანს.
ქართული სარაგბო სეზონისწინა მიმოხილვაში წარმოგიდგენთ უმაღლესი ლიგის ათივე გუნდს. თემას ვხსნით გასული სეზონის ტრიუმფატორით.
ლელო
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ლელო" კვლავინდებურად ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. გონივრულად ნაწარმოები ტრანსფერებისა და კლუბში არსებული გამართული ინფრასტრუქტურის ხარჯზე კლუბმა წინა სეზონში სრულიად დამსახურებულად მოიპოვა უძლიერესის წოდება.
თბილისელთა სათამაშო სტილის ხერხემალს წარმოადგენს სწრაფი და კომბინაციური რაგბი, სადაც შეტევაში უდიდესი როლი ეკისრება უკანა ხაზს.
სავარაუდოდ, არც წლეულს შეიცვლის სათამაშო ნირს ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი და სტადიონზე მისულ გულშემატკივარს კვლავ ლამაზ და ლაღ რაგბის შესთავაზებს.
მათი მთავარი მიზანი ჩემპიონობის შენარჩუნება იქნება. სეზონის წინა პერიოდში გუნდი დატოვა რამდენიმე პერსპექტიულმა და გამოცდილმა მორაგბემ, თუმცა შევსებაც საკმაოდ სოლიდური მოვიდა.
შერკინება
ლელოელებს საკმაოდ დაბალანსებული შერკინება ეყოლებათ: ფრანგული "მაკონიდან" დაიმატეს პირველხაზელი შოთა მელიქიძე, ქუთაისის "აიადან" მოვიდა შერკინების კვაჭი დავით ლომთაძე, მწყობრში არიან რევაზ ბელქანია და ნიკა პატარაიაც.
გუნდი დატოვა და საფრანგეთში სათამაშოდ წავიდა მეორეხაზელმა ნოდარ ჭეიშვილმა, თუმცა სანდრო ქოიავას და ზურაბ ხორბალაძის სახით გუნდს ღირსეული შემცვლელები ჰყავს.
დიდი კონკურენციაა მესამე ხაზში და სამწვრთნელო შტაბს ნამდვილად ასარჩევად აქვს საქმე: ელგუჯა სურგულაძე, ვახტანგ მძინარიშვილი, გიორგი ჭყოიძე და ბაჩანა კოლელიშვილი.
უკანა ხაზი
"ლელოს" ერთ-ერთი საუკეთესო უკანა ხაზი ეყოლება ეროვნულ ჩემპიონატში: 9 ნომრის პოზიციაზე გიორგი კაჭარავა ითამაშებს, მგეზავად - ლაშა ხმალაძე, თუმცა მას საზარდულის ტრავმა აწუხებს და შესაძლოა, სასტარტო ტურების გამოტოვება მოუწიოს. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, 10 ნომრის პოზიციაზე ბოლო დროს ფულბეკად დაწეული ირაკლი ყიასაშვილი ვიხილოთ.
შუამარბებად თორნიკე ცერცვაძე-გიგა კორკელიას დუეტი იქნება, ხოლო გარემარბებად - ალექსანდრე ნიჟარაძე და ლექსო გუგავა, ფულბეკად - გოდერძი ჯოგლიძე.
სამწვრთნელო ჯგუფი
მთავარი მწვრთნელი 37 წლის ლევან მაისაშვილია, რომელსაც, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, დიდი სამწვრთნელო გამოცდილება უმაგრებს ზურგს. მას პრაქტიკულად ყველაფერი აქვს მოგებული (საქართველოს ჩემპიონატი, საქართველოს თასი, შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატი), გავლილი აქვს FIRA AER-ის სტაჟირება აჟენში, ბრიუსელში, მალიორკასა და სამხრეთ აფრიკის პროვინცია ნატალიში.
სამწვრთნელო ჯგუფშია საქართველოს ნაკრების ყოფილი პირველხაზელი მიხეილ სუჯაშვილი, რომელიც, ძირითადად, შერკინების მომზადებაზე იქნება ორიენტირებული. გუნდის ფიზიკურ კონდიციებზე კი გამოცდილი ნონო ანდღულაძე იზრუნებს.
შემადგენლობა
პირველი ხაზი: გიორგი სანიკიძე, ვასილ კვერნაძე, აბესალომ სარჯველაძე, შოთა მელიქიძე, ნიკა პატარაია, რევაზ ბელქანია, გიორგი ლომთაძე;
მეორე ხაზი: ზურაბ ხორბალაძე, სანდრო ქოიავა, ბექა ნიკოლაიშვილი, დავით გოგოლაშვილი;
მესამე ხაზი: ვახტანგ მძინარიშვილი, ელგუჯა სურგულაძე, გიორგი ჭყოიძე, ბაჩო კოლელიშვილი, ბექა არველაძე, ლევან ხიზანიშვილი;
#9: გიორგი კაჭარავა, სანდრო მინდიაშვილი;
#10: ლაშა ხმალაძე;
#12-13: თორნიკე ცერცვაძე, გიგა კორკელია, გურამ ქიზიყურაშვილი, ნოდარ ანდღულაძე
#11-14: დაჩი კოპაძე, ლექსო გუგავა, ზურაბ ზაალიშვილი;
#15: უჩა მჭედლიშვილი, ირაკლი ყიასაშვილი, გოდერძი ჯოგლიძე.
გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"