საქართველოს XXIV სარაგბო ჩემპიონატის I ტური: საუკეთესო შვიდეული

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე სტარტი აიღო საქართველოს XXIV სარაგბო ჩემპიონატმა.

უმაღლეს ლიგაში პირველი ტურის მატჩები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და სტადიონზე მისული გულშემატკივარი უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩენილა.

გთავაზობთ საწყისი ტურის საუკეთესო შვიდ მოვლენას.

1. სანდრო ესაკია
სანდრო ესაკია "ბოლნისის ყოჩების" მოთამაშე-მწვრთნელია. მისმა გაწვრთნილმა გუნდმა "ლელოსთან" პირველი ტაიმი თითქმის ყველა ასპექტში დათმო და შესვენებაზე 7-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა - 6:13. მატჩის მეორე ნახევარში გამოცდილი ბურჯი თავად ჩაერთო შეხვედრაში. თავისი დამაჯერებელი გარჯის წყალობით უმალ მოაწესრიგა შერკინების მწყობრი თამაში როგორც ხელდახელ, ასევე სტატიკურ მდგომარეობაში, რამაც დასაბამი დაუდო
"ბოლნისის ყოჩების" გამარჯვებას.

2. შავლეგ მახარაშვილის და თემურ სოხაძის დუეტი
"ლელოსა" და "ბოლნისის ყოჩების" დაპირისპირების 53-ე წუთზე დაძაბულობამ პიკს უწია. ტაბლო ფრეს გვიჩვენებდა - 13:13. "ყოჩები" თავგამოდებით ცდილობდნენ ლელოს გატანას, თუმცა რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი მოქმედი ჩემპიონები წარმატებით იცავდნენ თავს.

სწორედ ამ დროს ბოლნისელთა ფულბეკმა შავლეგ მახარაშვილმა გაიტანა არეკნი და დააწინაურა საკუთარი გუნდი - 16:13, ხოლო რამდენიმე წუთში მგეზავმა თემურ სოხაძემ რთული პოზიციიდან ანალოგიური გაიმეორა - 19:13, რამაც "კვანძი" საბოლოოდ გახსნა და ხელი შეუწყო "ყოჩების" დამაჯერებელ, 19-ქულიან გამარჯვებას - 32:13.

3. ზვიად მაისურაძე
"არმიისა" და "აკადემიის" დაპირისპირებისას მკაფიოდ გამოჩნდა, თუ როგორი წარმატებული ტრანსფერი განახორციელა ნიკო ჭავჭავაძემ სეზონის წინა პერიოდში, როდესაც საკუთარ გუნდში გადმოიბირა "ლოკომოტივის" ყოფილი ლიდერი ზვიად მაისურაძე.

"აკადემიასთან" დაპირისპირებისას "არმიამ" აქცენტი ძალისმიერ თამაშზე გააკეთა და პირველ ტაიმში წარმატებულად აგორებული მოლების შედეგად ორი ლელოც გაიტანა. გუნდის ახალწვეული ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა გახლდათ შეტევასა და დაცვაში. იგი ძალიან კარგად "კრავდა" მოლს, აქტიურად ხელმძღვანელობდა თანაგუნდელებს და ლომის წილიც დაიდო გამარჯვებაში.

4. "არმაზი"
დავით ვართანიანის გაწვრთნილმა "არმაზმა" კლუბის არსებობის ისტორიაში ყველაზე ძლიერ შემადგენლობას მოუყარა თავი. მათზე დაკისრებულმა პასუხისმგებლობამაც იმატა და მეტოქეებიც გაორმაგებული კონცენტრაციით გადიან მათთან სათამაშოდ. პირველ ტურში "არმაზს" ვერ ეხმარებოდა ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ჰავბეკი ირაკლი აბუსერიძე, მაგრამ მიუხედავად ამისა, გუნდმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა - "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" 22-ქულიანი სხვაობით დაამარცხა "ბათუმი" და მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანით (ლელოები 5-2) ერთი პრემიალური ქულაც დაიმსახურა, რამაც საშუალება მისცა "არმაზს", სატურნირო ცხრილს სათავეში მოქცეოდა.

5. თემურ ბენდიაშვილი
თემურ ბენდიაშვილის დამოძღვრილმა "ლოკომოტივმა" უმაღლესი ლიგის პირველ ტურში ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა "ჯიქები" - 19:17 და გამარჯვებისათვის განკუთვნილი 4 ქულაც ირგუნა. გამოცდილმა მწვრთნელმა თამაშის მიმდინარეობისას დროულად იგრძნო, რომ მის გუნდს მატჩის სადავეები ხელიდან გაურბოდა და მე-20 წუთზე სარისკო გადაწყვეტილება მიიღო. მან ორმაგი ცვლილება განახორციელა და ორივე ბურჯი გამოცვალა, რამაც საბოლოო ჯამში გაამართლა.

მატჩის მიწურულს სწორედ პირველხაზელთა აქტიური თამაშის წყალობით რკინიგზელებმა საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ბექა წიკლაურმა უპრობლემოდ გაიტანა და "ლოკომოტივს" გამარჯვება მოუტანა.

6. დავით ლოსაბერიძე
საფრანგეთის ჩემპიონატიდან მშობლიურ, ქუთაისის "აიაში" დაბრუნებულმა დავით ლოსაბერიძემ მშვენიერი დებიუტი მოიწყო. ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში ქუთათურები რუსთავის "ხარებს" მასპინძლობდნენ და მთელი შეხვედრის განმავლობაში უშეღავათო ბრძოლა გახლდათ გაჩაღებული.

ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 22 წლის შუამარბი ერთ ერთი საუკეთესო გახლდათ ორივე გუნდის შემადგენლობაში. მატჩის მე-15 წუთზე "ლუიმ" ბურთი თანაგუნდელისაგან საკუთარ 22-მეტრიან ზონაში მიიღო, თითქმის მთელი მოედანი გადაირბინა, გზად ცრუ მოძრაობებით რამდენიმე მოწინააღმდეგე ჩამოიცილა და ბრწყინვალე ლელო გაიტანა.

7. ძალათა თანაფარდობა
რაგბის კავშირის მიერ გაწეულმა შრომამ შედეგი გამოიღო. მთავრობის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების შემდეგ უმაღლესი ლიგის ყველა კლუბი ფინანსურად მომძლავრდა, რამაც საშუალება მისცა მათ, სეზონს გაცილებით უფრო გაძლიერებული შემადგენლობით შეხვედროდნენ.

შედეგიც სახეზეა, წინა სეზონისგან განსხვავებით, ფაქტობრივად, შეხვედრებში ვერ ვხედავთ ანგარიშში გამანადგურებელ სხვაობებს, რადგან მეტ-ნაკლებად სათამაშო დონე გათანაბრდა და იოლად დასაჩაგრი გუნდი უმაღლეს ლიგაში აღარ მოიძებნება.

გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული