საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის II ტური: საუკეთესო შვიდეული

AutoSharing Option
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში მეორე ტურის მატჩებიც მიილია.

გასულ უქმეებზე გამართულ შეხვედრებში სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა ყველა ის სარაგბო ასპექტი იხილა, რისთვისაც ასე უყვართ მათ სპორტის ეს სახეობა: თავდაუზოგავი ბრძოლა, დრამატიზმში გადაზრდილი მატჩის ბოლო წუთები, შესანიშნავად გათამაშებული კომბინაციები და ლელოები, აგრესიული დაცვის დემონსტრირება და მწვრთნელთა მიერ შემუშავებულ ტაქტიკურ მონახაზთა ჭიდილი.

გთავაზობთ გასული ტურის 7 ყველაზე გამორჩეულ მოვლენას.

1. რაგბის ზეიმი რუსთავში
რუსთავის "ხარებს" 23-წლიანი სარაგბო ტრადიცია გააჩნია და ამ დროის განმავლობაში მათ ეროვნულ ჩემპიონატში თითოჯერ ყველა სინჯის მედლის მოგება მოახერხეს: 1993 წელს
- ოქრო, 1994 - ვერცხლი, 1997 - ბრინჯაო.

კლუბს თავისი არსებობის ისტორიაში არაერთი მსოფლიო დონის მორაგბე აღუზრდია, რომელთაც წარმატებით გაუტანიათ საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ.

გუნდმა არაერთგზის გამოიარა ძნელბედობის პერიოდი, სამწვრთნელო შტაბს და მოთამაშეებს დიდი ხნის განმავლობაში არ გააჩნდათ ვარჯიშისა და თამაშის ელემენტარული პირობები, თუმცა რაგბის სიყვარულით ანთებული თაობა ჯიუტად მიიწევდა წინ - წარმატებისკენ. 2009 წელს რუსთაველები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ დაბრუნდნენ უმაღლეს ლიგაში და მეოთხე წელიწადია, სტაბილურად ინარჩუნებენ ადგილს უძლიერესთა შორის.

რაგბის კავშირის დაუღალავი შრომისა და მთავრობის ხელშეწყობით, წლეულს რუსთავში უმაღლესი დონის სარაგბო ბაზის მშენებლობა დასრულდა და "ხარებმაც" ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში "არმიას" საკუთარ სტადიონზე უმასპინძლეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდის წევრები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რაგბის პოპულარობას რუსთავში.

2. არმიელთა 8 წუთი
რუსთავის "ხარებისა" და "არმიის" მატჩში პირველი წუთებიდანვე უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა.

თავდაპირველად სტუმრები დაწინაურდნენ ადრიანი ლელოთი, თუმცა მასპინძლებმა დროულად მოახერხეს კონცენტრაცია და 24-ე წუთისთვის უკვე თვითონ გავიდნენ წინ - 11:10.

"არმიის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო ჭავჭავაძემ შექმნილი ვითარებიდან დროული დასკვნები გამოიტანა და საკუთარი გუნდის ტაქტიკა გადააწყო - "არმიამ" თამაში გაშალა და შეტევაში ძირითადი აქცენტი უკანახაზელ მოთამაშეებზე გააკეთა - შედეგმაც არ დაახანა: პირველი ტაიმის დასრულებამდე 8 წუთით ადრე გარემარბმა რატი ნუცუბიძემ დაალელოვა მეტოქე.

სამიოდე წუთში იგივე შუამარბმა ვანო გაბროშვილმა შეძლო, ხოლო ბოლო წამებზე გიორგი შკინინის ლელოთი სტუმრებმა საბოლოოდ გატეხეს მეტოქე - 31:11.

3. სანახაობა "შევარდენზე"
კვირას "შევარდენის" სარაგბო ბაზაზე მისულ გულშემატკივარს ნამდვილად არ უნანია: მათ უმაღლესი დონის მატჩი იხილეს "ჯიქებისა" და "ბოლნისის ყოჩების" შესრულებით.

ორივე გუნდი უკომპლექსო, სანახაობრივ რაგბის თამაშობს და საბოლოოდ დაფიქსირებული შედეგიც ალბათ კანონზომიერია.

თავდაპირველად გიორგი ამირხანაშვილის დამოძღვრილმა "ჯიქებმა" მოიპოვეს უპირატესობა და პირველ ტაიმში 16:5 დაწინაურდნენ, თუმცა ბოლო წუთზე ბორჯღალოსან გიორგი ბეგაძისგან დასანანი ლელო გაუშვეს და მატჩის პირველი ნახევარიც 16:12 დასრულდა.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვება. 79-ე წუთზე თემო სოხაძის ფეხჩუბინობის წყალობით ბოლნისელები 3-ქულიანი სხვაობით გავიდნენ წინ - 22:19. თითქოს გამარჯვებაც მათ დარჩებოდათ, თუმცა "ჯიქების" რიგებში ბრწყინვალედ მოასპარეზე რამაზ ხარაზიშვილმა მსაჯის მიერ ძირითად დროს დამატებულ მეორე წუთზე ზუსტი საჯარიმო დარტყმით პირადი მონაგარი 22 ქულამდე აიყვანა და საბოლოო ანგარიშად ფრე - 22:22 დაფიქსირდა.

4. მუშტი-კრივი
"აკადემიისა" და "ლელოს" თბილისური დერბი ყოველთვის გამოირჩეოდა დაძაბულობით და ემოციებიც ჭარბობდა ხოლმე, მაგრამ რაც მეორე ტურის მატჩში მოხდა, ეს ყველანაირ საზღვრებს სცილდება: მთელი მატჩის განმავლობაში ორივე გუნდის მოთამაშეთა მხრიდან დაფიქსირდა მსაჯთან გაუთავებელი კამათი ამა თუ იმ სადავო სიტუაციაზე, რაც ყოვლად დაუშვებელია.

მოთამაშეთა უკმაყოფილება მოგვიანებით რამდენიმე ჩხუბში გადაიზარდა: 45-ე წუთზე ატეხილ მუშტი-კრივში მსაჯმა "აკადემიელთა" მხრიდან გიორგი ჩაბრაძე დაადანაშაულა და გააძევა ყვითელი ბარათით, ხოლო "ლელოდან" - ელგუჯა სურგულაძე.

20 წუთში ვითარება სტადიონზე კიდევ უფრო დაიმუხტა, მსაჯთან შელაპარაკების გამო აკადემიკოსთა მარბიელმა დავით ნიბლაძემ 10-წუთიანი სინბინი მიიღო, სულ მალე კი ხელმეორედ ატყდა გუნდური ჩხუბი, რომელმაც 2 წუთს გასტანა - ამჯერად მთავარი არბიტრი გაცილებით უფრო მკაცრი იყო და წითელი ბარათის გამოყენებით დაითხოვა თამაშიდან გიორგი ქოპილაშვილი (აკადემია) და სანდრო მინდიაშვილი (ლელო), ხოლო გიორგი ლომთაძეს ყვითელი აკმარა.

რაგბი კონტაქტური თამაშია და ხშირია მატჩის დროს გაწევ-გამოწევა, თუმცა ეს ტრადიციად არ უნდა იქცეს. იმედია, მომხდარი უსიამოვნო ფაქტი კონკრეტულად მხოლოდ ამ მატჩის შემადგენელ ნაწილად დარჩება და არა ამ გუნდებს შორის გასული სეზონის შეხვედრაში მომხდარი დაპირისპირების ქრონოლოგიურ გაგრძელებად.

5. ირაკლი აბუსერიძე ეროვნულ ჩემპიონატში
თბილისის "არმაზი" ყოველწლიურად პროგრესირებს და მიმდინარე სეზონში საპრიზო სამეულში შესვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის ხელმძღვანელობამ საკმაოდ იაქტიურა და საფრანგეთის ფედერალ დივიზიონში მოასპარეზე "ოსერიდან" ირაკლი აბუსერიძე დაიმატა.

"აბუ" დიდი ხნის განმავლობაში ბორჯღალოსანთა კაპიტანი გახლდათ, კარიერის განმავლობაში მის ანგარიშზე 85 სანაკრებო კეპი და 7 გატანილი ლელოა.

უდიდესი გამოცდილების მქონე ჰავბეკის დებიუტი "არმაზის" რიგებში მეორე ტურის მატჩში შედგა "ლოკომოტივის" წინააღმდეგ. მოლოდინისამებრ, აბუსერიძემ მაღალი დონის რაგბი ითამაშა და დიდი წვლილი შეიტანა რკინიგზელთა დამარცხებაში - 21:7.

6. დავით ლოსაბერიძის გადამწყვეტი ლელო
ზღვისპირა ქალაქში გამართული დაპირისპირება "ბათუმსა" და "აიას" შორის უაღრესად დაძაბული გამოდგა.

ქუთაისელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და ანგარიშში წინაც გავიდნენ, თუმცა ლევან მგელაძის დამოძღვრილი გუნდი თავის შანსს ელოდებოდა - მატჩის 69-ე წუთზე სტუმრები 4-ქულიანი ჰანდიკაპით იყვნენ წინ და გამარჯვებულის ბედი ჯერ კიდევ სასწორზე იყო, როდესაც მთავარმა მსაჯმა "აიას" მეორეხაზელი თორნიკე ძაგნიძე ყვითელი ბარათით დასაჯა.

ეს მასპინძელთათვის რეალური შანსი იყო და ისინი მთელი ძალებით გადავიდნენ შეტევაზე. ქუთათურებმა, თავის მხრივ, დათმეს პოზიციები და უმძიმესი წუთებისთვის მოემზადნენ, თუმცა მოულოდნელად, კაცნაკლულმა "აიამ" გააზრებული კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც დავით ლოსაბერიძემ ლელოთი დაასრულა და მატჩში გამარჯვებულიც გამოვლინდა.

7. სატურნირო მდგომარეობა
მეორე ტურის შემდეგ ეროვნული ჩემპიონატის ცხრილის სათავეში სამხელისუფლებიანობაა: "არმია", "არმაზი" და "აია" 9-9 ქულით ინარჩუნებენ ლიდერობას, 6 მოპოვებული ქულით მეოთხე საფეხურზე იმყოფება "ბოლნისის ყოჩები", ხოლო მეხუთე პოზიციაზე მოქმედი ჩემპიონი თბილისის "ლელოა" 5 ქულით.

საპლეიოფო ზონაში იმყოფება "ლოკომოტივი" - 4 ქულა, "ჯიქები" და "ხარები" თითო-თითო მოპოვებული ქულით მეშვიდე-მერვე ადგილებს იყოფენ, ხოლო "ბათუმი" და "აკადემია" ჯერჯერობით უპირობო აუტსაიდერები არიან.

გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული