მოწინავე ოთხეულში ის გუნდები არიან, რომლებიც უნდა იყვნენ. ერთადერთი უჩვეულო მხოლოდ "არმიას" მეექვსე ადგილია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ გუნდს ერთი თამაში გამოტოვებული აქვს და პოტენციურად ერთ-ერთი ლიდერია.
გათამაშების სატურნირო ცხრილს სათავეში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "ლელო" მოექცა, რომელმაც სტარტზე "ყოჩებთან" განცდილი მარცხის შემდეგ ძალების მობილიზება შეძლო და ზედიზედ სამი თამაში მოიგო, თანაც ისე, რომ სამივეში პრემიალური ქულა მიითვალა.
"ლელოს" საკმაოდ სერიოზული დანაკლისი
მიუხედავად ამისა, "ლელო" მაინც ახერხებს წინსვლას. მართალია, უკანა ხაზი "ქოქოსას" არყოფნაში ძველებურად ვერ ირჯებოდა, მაგრამ მე-4 ტურის მატჩში, სტუმრად "ბათუმთან" თავისი თამაში მაინც იპოვა და ოთხი ლელოდან ოთხივე უკანახაზელების ანგარიშზეა.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ გუნდის მრავალფეროვან სტილსა და საკმაოდ მაღალ პოტენციალზე.
"ლელოს" ერთი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა თბილისის "არმაზი", რომელსაც ასევე სამი მოგება აქვს ოთხი თამაშიდან. არმაზელების ასეთი წინსვლა, ცხადია, ადვილად პროგნოზირებადი იყო.
გუნდი შარშანაც სოლიდურად გამოიყურებოდა და ახლა, როცა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე დაიმატა, კიდევ უფრო მრისხანე და ღონიერი გახდა.
არმაზელები, წესით, ახლა დაუმარცხებელნი უნდა იყვნენ, რომ არა მათი მწვრთნელების ტაქტიკური შეცდომა მესამე ტურში "ჯიქებთან" მატჩში. ამჯერად დავით ვართანიანმა ყველაფერი სწორად გათვალა და მოღონიერებული ბოლნისის "ყოჩები" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.
ამ მატჩის გმირი მგეზავი დავით კიკნაძე იყო, რომელმაც გუნდს 23 ქულიდან 18 მოუტანა (ერთი ლელო, ორი გარდასახვა და სამი საჯარიმო). მას შესანიშნავ ასისტენტობას უწევდა აბუსერიძე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცხრა და ათი ნომრების ასეთი ძლიერი და გამოცდილი დუეტი არც ერთ გუნდს არ ჰყავს. ეს კი "არმაზის" წარმატების ერთ-ერთი საწინდარია.
ზუსტად იდენტური მაჩვენებელი აქვს ქუთაისის "აიას", რომელიც 14 ქულით მესამე ადგილზეა, თუმცა მოპოვებული და მიღებული ქულების სხვაობა "არმაზთან" შედარებით ნაკლები აქვს.
ქუთათურებმა ერთხელ წაიფორხილეს შინ, თბილისის "ლოკომოტივთან", რომელიც ნელ-ნელა კრეფს სიჩქარეს. "აიას" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყოველწლიური დანაკარგის მიუხედავად, მუდმივად ახერხებს ენერგიის, ძალების მობილიზებას და ლიდერთა შორის ყოფნას, რასაც, ცხადია, ქუთაისის სარაგბო სკოლის დიდი ტრადიციები და შესანიშნავად დაყენებული საქმეც უწყობს ხელს.
ქუთათურთა ძლიერი მხარე ყოველთვის მძიმე და საკმაოდ დინამიკური შერკინება იყო. ამ კომპონენტში გუნდი არც ამჟამად მოიკოჭლებს, თუმცა ნელ-ნელა "აიას" უკანა ხაზი პროგრესს აღწევს და მთავარ დამრტყმელ ძალად ყალიბდება.
ამ გუნდის უკანახაზელები საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების წევრები და "ბორჯღალოსანთა" რიგებში ჩარიცხვის კანდიდატები არიან.
"აიამ" მე-4 ტურში უმძიმესი და უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო სტუმრად ახალგაზრდა, მებრძოლ და ძალიან ამბიციურ თბილისის "ჯიქებთან", რითაც დაამტკიცა, რომ ქუთაისში რკინიგზელებთან განცდილი ერთადერთი მარცხი შემთხვევითობა იყო.
სამაგიეროდ, საპირისპირო დაამტკიცა "ლოკომოტივმა". რკინიგზელებმა ქუთაისურ ტრიუმფს ავჭალური მოუნაცვლეს და სრულიად მოულოდნელად, ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტი "არმია" დაამარცხეს. თანაც ისე, რომ მათ გამარჯვებაში ორი ტაიმის განმავლობაში ძნელად თუ ვინმე შეიტანდა ეჭვს.
აღსანიშნავია, რომ "ლოკომოტივი" სეზონის წინ ლიდერებმა დატოვეს და სწორედ "არმიაში" გადაბარგდნენ. ეს მისია კი ამჯერად საქართველოს ნაკრების ფულბეკმა ბექა წიკლაურმა იტვირთა, რომელიც დიდი ხანია პერსპექტიულ, იმედისმომცემ მორაგბედ ითვლება და, როგორც ჩანს, "წიკო" თავისი პოტენციალის რეალიზებას იწყებს. ის სწრაფი, მოუხელთებელი მოთამაშეა, შესანიშნავად თამაშობს ფეხით, რაც მისი ამპლუის მორაგბისთვის ძალიან დიდი პლუსია.
"ლოკომოტივი", მართალია, ლიდერს სამი ქულით ჩამორჩება, მაგრამ ოთხი თამაშიდან, მის მსგავსად, მხოლოდ ერთი წააგო და სერიოზული განაცხადი გააკეთა პლეი ოფში გასვლაზე. აღსანიშნავია, რომ რკინიგზელებმა საწყის ოთხ ტურში ყველა მატჩი ლიდერებთან გამართეს. ესენია: "ჯიქები", "არმაზი", "აია" და "არმია".
მომდევნო ტურში კი მეტოქე არანაკლებ მძიმე, "ლელო" იქნება.
ცხადია, სათვალავიდან არ უნდა გამოვრიცხოთ "არმია. დარწმუნებულნი ვართ, ამ გუნდის მწვრთნელები სათანადო დასკვნებს გააკეთებენ და მომავალში ბევრად მობილიზებულ, უკეთ ორგანიზებულ და მეტი ჟინით მოასპარეზე "არმიას" ვიხილავთ. მით უფრო, რომ ნიკოლოზ ჭავჭავაძის სამწყსო, სხვებთან შედარებით, უკეთაა დაბალანსებული.
შარშანდელი სეზონის აღმოჩენას - თბილისის "ჯიქებს" ფატალურად არ უმართლებს. ამ ახალგაზრდა და ბოლომდე მებრძოლ გუნდს წლეულს ჯერ კიდევ არ ჰყოფნის საიმისო გამოცდილება, რომ ლიდერად ჩამოყალიბდეს.
ცხადია, ამას მეტი დრო და გარჯა სჭირდება, რაც ამ გუნდის მორაგბეებს სულაც არ ეზარებათ. სეზონის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წინაა და ადვილი შესაძლებელია, ეს გუნდი პლეი ოფის მონაწილეთა შორის მაინც ვიხილოთ.
უმძიმესი ბრძოლაა მოსალოდნელი სატურნირო ცხრილის ბოლო სამ ადგილზე "მოკალათებულ" გუნდებს შორის. "ხარები", "აკადემია" და "ბათუმი", სხვებთან შედარებით, ოდნავ სუსტად გამოიყურებიან, თუმცა თამაშის ხარისხის და, შესაბამისად, მდგომარეობის შეცვლის შანსი სამივეს თანაბრად გააჩნია.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 4 3 0 1 +63 15
2. არმაზი 4 3 0 1 +40 14
3. აია 4 3 0 1 +13 14
4. ლოკომოტივი 4 3 0 1 +3 12
5. ყოჩები 4 2 1 1 +20 11
6. არმია 3 2 0 1 +27 9
7. ჯიქები 4 1 1 2 -2 8
8. ხარები 3 0 0 3 -53 1
9. აკადემია 3 0 0 3 -55 1
10. ბათუმი 3 0 0 3 -56 0
V ტური
ყოჩები-ხარები, აია-არმაზი, არმია-ჯიქები, ლელო-ლოკომოტივი, აკადემია-ბათუმი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"