საქართველოს ჩემპიონატი რაგბიში: უმაღლეს ლიგაში ორხელისუფლებიანობაა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში პირველი წრის ნახევარი მიილია. ნიშანდობლივია, რომ სატურნირო ცხრილს სათავეში ისევ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის "ლელო" უდგას.

მას ფეხდაფეხ მისდევს დიდი სარაგბო ტრადიციების მქონე ქუთაისის "აია", რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადია, ქვეყნის წამყვანი გუნდების კოჰორტაში დაბრუნდა.

"ლელომ", მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი მორაგბე, მგეზავი ლაშა ხმალაძე აკლია, ნათლად გვიჩვენა სტარტზე განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ, როგორ უნდა შეძლოს ძალების მობილიზება და სათანადო დონეზე თამაში.

ლელოელებმა ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონთან, თბილისის "ლოკომოტივთან" მატჩში აჩვენეს, რომ არა მარტო შეტევა, დაცვაშიც შესანიშნავად შეუძლია გარჯა.

მხოლოდ ერთი
პრობლემაა - ბურთის ფეხით აუტში გადატანა საგრძნობლად მოიკოჭლებდა. რამდენიმე შემთხვევაში შესაძლებელი იყო, გუნდს დერეფანში ბურთი მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში აეგდო. ამის ნაცვლად "ლელომ" აუტი 22-მეტრიანი ზონის ხაზთან მოაწოდა. ცხადია, ამით შეტევის სიმწვავეც და სისწრაფეც დაიკარგა.

ჩემპიონების იდენტური შედეგი აქვს ქუთაისის "აიას". ქუთათურებმა ხუთი თამაშიდან ოთხი მოიგეს და ერთი წააგეს.

ბოლო ხანს შესანიშნავად ათამაშდა "აიას" უკანა ხაზი. ბესიკ ხამაშურიძისა და კობა გიორგაძის გაწვრთნილმა გუნდმა მე-5 ტურში შინ დამაჯერებლად დაამარცხა "არმაზი" - 28:3.

მასპინძლებმა სამი ლელო გაიტანეს და სამივე უკანახაზელების ანგარიშზეა. ცხადია, მათ გარჯას შერკინებაც ხელს უწყობს, რომელიც სეზონის წინ განცდილი დანაკლისის მიუხედავად, მაინც მძლავრად გამოიყურება და იოლად არავის არაფერს უთმობს.

ლიდერებს ოთხი ქულით ჩამორჩება ბოლნისის "ყოჩები", რომელმაც სამწლიან კრიზისს თავი დააღწია და ისევ მოწინავეთა შორის დაბრუნდა. ამ გუნდს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი შემადგენლობით პირველად თამაშობს, კიდევ უფრო განვითარების, უკეთესი თამაშის ჩვენების პერსპექტივა აქვს.

მეხუთე ტურში ოდნავ შეფერხდნენ თბილისური გუნდები, "არმაზი" და "ლოკომოტივი". თუმცა მათი სათვალავიდან ამოგდება არაფრით შეიძლება. ორივე გუნდს მებრძოლი ხასიათი გამოარჩევს. ამასთან ერთად, თუ "ლოკომოტივს" გამოცდილი თემურ ბენდიშვილი წვრთნის, "არმაზის" სათავეში ახალგაზრდა და ამბიციური დამრიგებლები არიან.

პირველი გამარჯვება მოიპოვა მე-5 ტურში თბილისის "აკადემიამ". ამ გუნდმა შინ უშუალო კონკურენტის, "ბათუმის" დამარცხება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ჯერ მოგების გემო, ბათუმელებთან ერთად, არც რუსთავის "ხარებს" გაუგია.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 5 4 0 1 +69 19
2. აია 5 4 0 1 +38 19
3. ყოჩები 5 3 1 1 +33 15
4. არმაზი 5 3 0 2 +15 14
5. ლოკომოტივი 5 3 0 2 -3 13
6. არმია 4 2 1 1 +27 11
7. ჯიქები 5 1 2 2 -2 10
8. აკადემია 4 1 0 3 -52 5
9. ბათუმი 4 0 0 4 -59 1
10. ხარები 4 0 0 4 -66 1

VI ტური
აია-ყოჩები, არმაზი-არმია, ჯიქები-ლელო, ლოკომოტივი-აკადემია, ბათუმი-ხარები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული