ჯიქები-ლელო 9:19 - "ლელო" მოგებათა სერიას განაგრძობს

AutoSharing Option
"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა აღმოჩენამ "ჯიქებმა", უაღრესად საინტერესო მატჩში, მოქმედ ჩემპიონ "ლელოს" უმასპინძლა.

სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა თავდადებული ბრძოლა და დრამატული ბოლო წუთები იხილა, რამაც უფრო მეტი ხიბლი შესძინა მატჩს.

ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება გასულ სეზონში შედგა, რომელშიც "ჯიქებმა" ექვსქულიანი სხვაობით იმარჯვეს, თუმცა საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, გამარჯვება "ლელოს" ჩაეთვალა. ეს ფაქტი კიდევ უფრო ზრდიდა დაძაბულობას.

ლევან მაისაშვილის გაწვრთნილ გუნდს მეექვსე ტურის წინ სერიოზული საკადრო პრობლემები გააჩნდა, სხვადასხვა სახის ტრავმის გამო არ გახლდნენ მწყობრში გუნდის ლიდერები:
ლაშა ხმალაძე, ლექსო გუგავა და გიორგი კაჭარავა. მასპინძელთა დანაკლისი კი მხოლოდ გარემარბი რამაზ ხარაზიშვილი იყო.

მოლოდინისამებრ, შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. პირველი ტაიმის განმავლობაში ორივე გუნდმა ლელოს გატანის არაერთი მშვენიერი შანსი გაუშვა.

ბოლო მომენტში მორაგბეებს მაღალი ტექნიკური წუნი არ აძლევდათ ამის საშუალებას. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, შეხვედრა "ლელოს" ფულბეკ ირაკლი ყიასაშვილისა და "ჯიქების" მგეზავ ნუგზარ გიორგაძის პირად დუელად იქცა. ორივე მათგანმა სამ-სამი საჯარიმო დარტყმა გაიტანა და მატჩის პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა - 9:9.

მეორე ტაიმის სტარტზე "ლელომ" სათამაშო ტემპს უმატა და გაზარდა ზეწოლა მეტოქეზე, რამაც შედეგი მალევე გამოიღო. 51-ე წუთზე ყიასაშვილმა კიდევ ერთი ზუსტი დარტყმით სამ ქულამდე გაზარდა საკუთარი გუნდის უპირატესობა - 12:9.

მასპინძლებს მალევე მიეცათ ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შესაძლებლობა, თუმცა გიორგაძის შორი მანძილიდან დარტყმულმა ბურთმა კარამდე არ მიაღწია.

"ჯიქებმა" არჩეული ტაქტიკა შეცვალეს და აქცენტი ლელოს გატანაზე გადაიტანეს, მაგრამ სტუმრები თავს წარმატებით იცავდნენ.

მატჩის საფინალო სასტვენის მოახლოებასთან ერთად, ორივე გუნდს ნერვიულობა დაეტყო, რამაც კიდევ უფრო მეტად დაძაბა შეხვედრა. 68-ე წუთზე გულშემატკივარმა მასშტაბური მუშტი-კრივი იხილა.

მოჩხუბართა გაშველება სამიოდე წუთის შემდეგღა მოხერხდა. უჩვეულოდ მოწყალე გახლდათ მსაჯი, რომელმაც ორივე გუნდის მხრიდან თითო-თითო მორაგბე დასაჯა სინბინით: "ლელოდან" შერკინების ბურჯი გიორგი სანიკიძე, ხოლო "ჯიქებიდან" მეორეხაზელი ვლადიმერ გოგოლიძე.

მასპინძლებს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ და თავგანწირვით შეუტიეს, თუმცა შეხვედრის ბოლო წუთზე კონტრშეტევა გაეპარათ. შეცვლაზე შესულმა რეზო ბელქანიამ მეტოქის ხაზი გაჭრა და 30 მეტრი ირბინა.

"ჯიქებმა" მისი შეჩერება მხოლოდ წესის დარღვევით მოახერხეს. "ლელომ" ხელსაყრელი პოზიციიდან უარი თქვა კარში დარტყმაზე და აუტში გადაიტანა ბურთი.

მოქმედმა ჩემპიონებმა ადვილად მოიგეს დერეფანი და ხუთფაზიანი შეტევა აკინძეს, რომელიც მეორეხაზელი სანდრო ქოიავას ლელოთი დასრულდა.

ყიასაშვილმა იოლად გარდასახა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 19:9. "ლელოს" ზედიზედ მოგებულ მატჩთა სერია ხუთამდე გაიზარდა.

ჯიქები - ლელო 9:19
ჯიქები (15-9) კიკნაძე, ბიწაძე, ჯინჯიხაძე (ბერძული 56), კუპრეიშვილი, ჯიმუხაძე, გიორგაძე, ჭინჭარაული; (1-8) ბარბაქაძე (ხატიაშვილი 43), ოქრომელიძე (გაგნიძე 52), ოქრიაშვილი (ჯინჭარაძე 54), გოგოლიძე, გ. მჭედლიშვილი, შენგელია, მამრიკიშვილი (ა.ტრაპაიძე 53), სუხაშვილი;
3ს: გიორგაძე
სინბინი: გოგოლიძე (68)
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ჯოგლიძე (სარჯველაძე 71), კორკელია, ცერცვაძე, ზაალიშვილი, უ. მჭედლიშვილი, მინდიაშვილი; (1-8) სანიკიძე, ლომთაძე (ბელქანია 40), პატარაია, ხორბალაძე (ნიკოლაიშვილი 70), ქოიავა, მძინარიშვილი (სურგულაძე 45), კოლელიშვილი, ჭყოიძე;
ლ: ქოიავა; 3ს,გ: ყიასაშვილი (3)
სინბინი: სანიკიძე (68)
მსაჯი: გ. ჩიხლაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული