საქართველოს ჩემპიონატი. VI ტური: საუკეთესო შვიდეული

AutoSharing Option
საქართველოს მიმდინარე სარაგბო ჩემპიონატის მეექვსე ტური ჯერჯერობით ყველაზე სანახაობრივი გამოდგა და ქუთაისის, ბათუმისა და თბილისის სტადიონებზე მისულმა გულშემატკივარმა, უშეღავათო ბრძოლასთან ერთად, 25 ლელოც იხილა. წარმოგიდგენთ გასული ტურის შვიდ საუკეთესო მოვლენას.

SUPER-ფრუიძე
"აიასა" და ბოლნისის "ყოჩების" დაპირისპირებას თავისი გმირი ჰყავდა. ეს ქუთათურთა შუამარბი გიორგი ფრუიძე გახლდათ, რომელმაც თავისი აქტიური ქმედებების შედეგად არაერთხელ გაჭრა "ყოჩების" თავდაცვის ხაზი და მეტოქეს თავბრუ დაახვია.

მეხუთე წუთზე ფრუიძემ იოლად აუარა გვერდი მცველებს და ძელებს შუა გატანილი ლელოთი ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმის სტარტზე მან თავისი მწვავე თამაშის
ფონზე მეტოქე კაცნაკლული დატოვა, მომდევნო ეპიზოდში კი ცრუ მოძრაობათა კასკადით გადასერა მთელი მოედანი და გადამწყვეტ მომენტში დროულად გადასცა ბურთი ფულბეკ ზურაბ ძნელაძეს, რომელსაც აღარ გასჭირვებია ჩათვლის მოედანში ბურთიანად შეღწევა.

ანგარიში - 24:3 გახდა და გამარჯვებულის ბედიც საბოლოოდ გადაწყდა.

ნერვების ომი
"არმაზთან" პირწმინდად წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ (6:18) "არმიას" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო ჭავჭავაძემ ერთდროულად შვიდი ცვლილება განახორციელა, რამაც შედეგი გამოიღო და 77-ე წუთზე შეხვედრაში ანგარიში გათანაბრდა - 23:23. ამ მოვლენიდან ერთ წუთში "არმიას" გარემარბმა რატი ნუცუბიძემ ჰაერში სახიფათო თამაშისთვის მთავარი მსაჯისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა, რაც მშვენივრად გამოიყენეს არმაზელებმა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გამოცდილმა დავით კიკნაძემ საჯარიმოდან ბურთი მეტოქის ძელებს შუა გაატარა და საკუთარ გუნდს ნერვების ომში გაამარჯვებინა - 26:23.

სოსო მათიაშვილის ლელო
"ლოკომოტივისა" და აკადემიის" დაპირისპირების 63-ე წუთი მიმდინარეობდა. რკინიგზელებს თამაშის ბედი სათავისოდ დიდი ხნის გადაწყვეტილი ჰქონდათ, ისინი მშრალი ანგარიშით - 24:0 იგებდნენ.

აკადემიელთა მთავარმა მწვრთნელმა პაატა ნარიმანაშვილმა ახალგაზრდა მორაგბეებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. 20 წლის სოსო მათიაშვილმა ბოძებული შანსი მშვენივრად გამოიყენა და ჩინებული დებიუტი მოიწყო უმაღლეს ლიგაში.

"აკადემიამ" შეტევა მარჯვენა ფლანგზე გაშალა და ბურთი ახალბედა გარემარბს ჩააბარა. სოსომ რამდენიმე ცრუ მოძრაობით ერთბაშად მეტოქის სამი მორაგბე ოსტატურად მოიტოვა უკან, გაჭრა "ლოკომოტივის" დაცვის ხაზი. მერე მან გზად საპირისპირო მოძრაობაზე დაიჭირა რკინიგზელთა ფულბეკი და მშვენიერი ლელო გაიტანა.

ზღვისპირელთა პირველი გამარჯვება
ლევან მგელაძის გაწვრთნილმა "ბათუმმა" მიმდინარე სეზონის წინ არაერთი წამყვანი მორაგბე დაკარგა და ამჟამად ზღვისპირელთა მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. "ბათუმმა" რუსთავის "ხარებთან" გამართულ საშინაო მატჩში ძალების სრული კონცენტრირება მოახერხა, თომა მჭედლიძის და გურამ ევგენიძის გატანილი ლელოებით 12:7 დაამარცხა პრინციპული მეტოქე და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა.

ფეხჩუბინთა ბედ-იღბალი
გუნდში ფეხჩუბინი მოთამაშის ყოლა უდიდესი პლუსია. გავიხსენოთ თუნდაც 2003 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მომგები ინგლისის ნაკრები, რომლის წარმატება მეტწილად დამოკიდებული იყო მგეზავი ჯონი ვილკინსონის ფეხით ზუსტ გარჯაზე.

ქუთაისურ მატჩში "აიას" მგეზავმა გაგა სინაურიძემ ბენეფისი მოიწყო, მან 100%-იანი სიზუსტით ურტყა ბურთი "ყოჩების" კარისკენ და ჯამში 13 ქულა დააგროვა (ხუთი გარდასახვა და ერთი საჯარიმო).

საპირისპირო მდგომარეობა იყო "ლოკომოტივი"-"აკადემიას" დაპირისპირებისას. მატჩის პირველ ნახევარში აკადემიელთა დამრტყმელმა ილია მელიამ ხუთჯერ გააცუდა საჯარიმო დარტყმა და ანტირეკორდი დაამყარა.

სატურნირო მდგომარეობა
ეროვნულ ჩემპიონატში რეგულარული გათამაშების მესამედი მიილია და სატურნირო ცხრილს "აია" 24 ქულით დამსახურებულად ლიდერობს. მას ერთი ქულით ჩამორჩება მოქმედი ჩემპიონი "ლელო", მესამე-მეოთხე ადგილებს "არმაზი" და "ლოკომოტივი" იყოფენ, მეხუთეა "ყოჩები", ხოლო შარშანდელი სეზონის ვერცხლისპრიზიორი "არმია" მხოლოდ მეექვსე პოზიციაზე იმყოფება, თუმცა მას ერთი საშინაო მატჩი თადარიგში აქვს "ბათუმთან".

"ჯიქები" 10 ქულით ჯერჯერობით საპლეიოფო ექვსეულს მიღმა იმყოფებიან. კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია ქვედა სამეულში - "აკადემიას" და "ბათუმს" 5-5 ქულა აქვთ, ხოლო აუტსაიდერის როლი ამჯერად რუსთავის "ხარებმა" მოირგეს, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც გამარჯვება არ უზეიმია საქართველოს XXIV სარაგბო ჩემპიონატში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული