სეზონის პირველი ეტაპის შეჯამება: "ლელო"

AutoSharing Option
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი უაღრესად დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობს.

მიმდინარე პირველობას უკვე თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ საუკეთესო უკანასკნელ ათწლეულში.

უმაღლესი ლიგის გუნდებმა რეგულარული გათამაშების 12 ტური განვლეს და ამჟამად ჩემპიონატი ზამთრის შესვენებაზეა გასული.

ჩვენ საშუალება გვეძლევა, ვისარგებლოთ ამით და შევაფასოთ, თუ როგორ განვლეს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპი უმაღლესი ლიგის გუნდებმა.

ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი საქართველოს მოქმედი ჩემპიონია და მათი მთავარი ამოცანა შარშან მოპოვებული ოქროს მედლების შენარჩუნებაა.

"ლელოს", თავისი არსებობის ისტორიაში, სამჯერ აქვს მოგებული საქართველოს ჩემპიონობა (2004, 2009, 2013). წინა ორ შემთხვევაში მათ
ვერ დაიცვეს ტიტული, თუმცა ამჯერად მშვენიერი შანსი აქვთ, რათა შეცვალონ ეს უსიამოვნო ტრადიცია.

"ლელომ" XXIV ეროვნული ჩემპიონატი "ბოლნისის ყოჩებთან" მატჩით გახსნა. შეხვედრის პირველმა ტაიმმა მოქმედ ჩემპიონთა სრული დომინაციით ჩაიარა და მათ ყველანაირ ასპექტში დაჯაბნეს მეტოქე - 13:6, თუმცა მოულოდნელად შეხვედრის მეორე ტაიმში "ლელომ" მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა და უკანასკნელი 40 წუთი 0:26 დათმო, რამაც განაპირობა კიდეც პირველი მარცხი - 13:32.

როგორც მაღალი კლასის მეტოქეს სჩვევია, "ლელომ" მალევე შეძლო კონცენტრაციის მოკრება და მომდევნო სამ მატჩში გამარჯვებები იზეიმა, ისე, რომ სამივე შეხვედრაში პრემიალური ქულა მიითვალა. თავდაპირველად ლევან მაისაშვილის გუნდი 42:6 გაუსწორდა "აკადემიას", შემდეგ რუსთავის "ხარებს" სძლია - 37:16, რასაც "ბათუმის" სტუმრად დამარცხება მოჰყვა - 28:3.

სამივე შემთხვევაში მოქმედმა ჩემპიონმა ლაღი და გაშლილი რაგბის დემონსტრირება მოახდინა, მშვენივრად ურთიეთქმედებდა შერკინება და უკანა ხაზი, გატანილ ლელოთა უმეტესობა კი გარემარბებზე მოდიოდა, რაც, რამდენად ბანალურიც უნდა იყოს, იშვიათობაა საქართველოს ჩემპიონატში.

მეხუთე ტურში "ლელო" საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს, "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 20:14 გაიმარჯვა. შეხვედრის გმირი გახდა ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილი, რომელმაც დადებული ლელოს გარდა, მეტოქეს 2-2 საჯარიმო-გარდასახვა გაუტანა და მოპოვებული 15 ქულით მნიშვნელოვნად განაპირობა საკუთარი გუნდის წარმატება.

მომდევნო შეხვედრის ჩატარება ლევან მაისაშვილის გუნდს საკმაოდ მომძლავრებულ "ჯიქებთან" მოუწია. ამ შემთხვევაშიც გუნდის წარმატებას საფუძველი ფეხჩუბინ ყიასაშვილის ზუსტმა დარტყმებმა ჩაუყარა. "რიჟას" გატანილი 4 საჯარიმო გადამწყვეტი გამოდგა მწირქულიან მატჩში - 19:9.

"ლელომ" ოთხმატჩიანი მოგებათა სერიის წყალობით პირველად მოახერხა, სატურნირო ცხრილს სათავეში ჩადგომოდა, თუმცა მომდევნო ტურის მატჩი მათ ქუთაისის "აიასთან" უწევდათ იმერეთის დედაქალაქში.

მეშვიდე ტურის ცენტრალური შეხვედრა, მოლოდინისამებრ, უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

"აია" ცდილობდა, მძიმე შერკინების წყალობით დაეჩაგრა მეტოქე, "ლელოელთა" მთავარი კოზირი კი სისწრაფე იყო. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩში მოქმედი ჩემპიონები გაცილებით უფრო დისციპლინირებულად გამოიყურებოდნენ. მორკინალთა აგრესიული თამაშის წყალობით არაერთხელ დააჯარიმებინეს მთავარ მსაჯს მასპინძლები მოლსა და რაქში, რითაც მშვენივრად ისარგებლა ირაკლი ყიასაშვილმა, რომელმაც ერთბაშად 7 საჯარიმო გაუტანა ქუთაისელებს და პრინციპულ მეტოქესთან 21:7 მოაგებინა საკუთარ გუნდს.

"აიასთან" ნათამაშები მძიმე მატჩის შემდეგ "ლელოს" ჩემპიონობის კიდევ ერთ ფავორიტთან, "არმიასთან" მოუწია დაპირისპირება. მატჩის მიმდინარეობისას აშკარად იგრძნობოდა მოქმედ ჩემპიონთა შორის დაღლილობა, რაც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი გამოდგა. "არმიამ" მეტოქე 16:12 დაამარცხა და შეწყვიტა "ლელოს" 7-მატჩიანი მოგებათა სერია.

სანაკრებო პაუზით გამოწვეული თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ ლევან მაისაშვილის გუნდს ძირითადი მგეზავი ლაშა ხმალაძე დაუბრუნდა, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და მისი ბრწყინვალე თამაშის წყალობით "ლელომ" იოლად დაამარცხა "არმაზი", რომელიც რამდენიმე ლიდერის გარეშე ასპარეზობდა - 28:3.

რეგულარული გათამაშების მეორე წრე ლელომ კვლავ "ყოჩებთან" დაპირისპირებით გახსნა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილებს პირველ ტურში ნაწვნევი მარცხისთვის რევანში სწყუროდათ და მათ ძალიან აქტიურადაც დაიწყეს მატჩი.

პირველ ტაიმში მათთვის ხელსაყრელად ქროდა ქარი, რითაც მოქმედმა ჩემპიონებმა მშვენივრად ისარგებლეს და სოლიდური სათამაშო უპირატესობაც მოიპოვეს, რაც მალევე ანგარიშშიც ასახეს.

შეხვედრის დასრულებამდე რვა წუთი რჩებოდა, "ლელოელთა" უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა - 27:10, თუმცა ბოლომდე მებრძოლმა "ყოჩებმა" მცირე მოდუნება არ აპატიეს მეტოქეს, თითქმის შეუძლებელი შეძლეს და შეხვედრის დასკვნით 7 წუთში მეტოქე სამჯერ დაალელოვეს, რისი წყალობითაც დაუჯერებელი მატჩი მოიგეს - 29:27 და აღორძინებულ სინსაც დაეუფლნენ. "ლელომ" კი "ყოჩებისგან" მეორე მარცხი იწვნია მიმდინარე სეზონში.

ზამთრის დიდ შესვენებამდე 2 ტური იყო დარჩენილი. "ლელოს" ამჯერად აუტსაიდერებთან უწევდა დაპირისპირება. მოქმედმა ჩემპიონებმა ჯერ "აკადემია" დაამარცხეს მშრალი ანგარიშით - 32:0, რასაც რუსთავში "ხარებთან" მიღწეული შთამბეჭდავი გამარჯვება მოჰყვა - 38:8.

განვლილ 12 ტურში ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 3 მარცხი იწვნია და 9 მატჩში გაიმარჯვა; დაიმსახურა რვა პრემიალური ქულა, რამაც ჯამში 44 ქულა შეადგინა, რისი წყალობითაც "ლელო" სატურნირო ცხრილს ლიდერობს და მშვენიერ შანსს ინარჩუნებს, რათა შეინარჩუნოს შარშან მოპოვებული ტიტული.

სტატისტიკური დოსიე
სატურნირო მდგომარეობა: I
მოპოვებული ქულები: 44 ქულა (9 მოგება, 3 წაგება, 8 პრემიალური ქულა)
გატანილი ქულები: 317 (26,4 საშუალოდ მატჩში)
გაშვებული ქულები: 146 (12,1 საშუალოდ მატჩში)
საუკეთესო მელელოვე: ბაჩო კოლელიშვილი (5)
საუკეთესო მექულე: ირაკლი ყიასაშვილი (138)
ბარათები: ყვითელი (14), წითელი (1)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული