სეზონის პირველი ეტაპის შეჯამება: "აია"

AutoSharing Option
საქართველოს ერთ-ერთმა უძველესმა სარაგბო გუნდმა, ქუთაისის "აიამ" გასული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ბრინჯაოს მედლებიც ირგუნა, თუმცა საჩემპიონოდ მომართული გუნდისთვის ეს წინგადადგმულ ნაბიჯად არ ჩაითვალა და კლუბის ხელმძღვანელობამ რეორგანიზაცია წამოიწყო.

გუნდიდან ერთბაშად წასული 4 პირველხაზელი ახალგაზრდა მოთამაშეებით ჩაანაცვლა, ხოლო საფრანგეთიდან დაიმატა 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი დავით ლოსაბერიძე.

სეზონისწინა პერიოდში ძირითადად ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა გუნდმა თავისი პოტენციალი მშვენივრად წარმოაჩინა, როდესაც შვიდკაცა რაგბის საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და მაჟორულ ნოტაზე შეხვდა XXIV ეროვნულ პირველობას.

სტარტი მძიმე, თუმცა წარმატებული გამოვიდა. ბესიკ ხამაშურიძის გაწვრთნილმა გუნდმა გაჭირვებით
სძლია შინ რუსთავის "ხარებს" - 17:12, რასაც ასევე რთულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება მოჰყვა ბათუმში - 18:9.

შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა ლოსაბერიძის მიერ 78-ე წუთზე გატანილი ლელო, რისი წყალობითაც ზღვისპირელები საბოლოოდ გატყდნენ და მარცხს შეეგუენ.

საწყის 2 ტურში მოპოვებული 9 ქულით "აია" სატურნირო ცხრილის მოწინავე სამეულში მოექცა, თუმცა მომდევნო შეხვედრა მოულოდნელად დათმო "ლოკომოტივთან" იმერეთის დედაქალაქში - 12:15, რამაც მეხუთე პოზიციამდე ჩამოქვეითება გამოიწვია.

ქუთათურებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ ნაწვნევი მარცხი მხოლოდ შემთხვევითობა იყო და სხვა არაფერი. ხამაშურიძის გუნდმა მეოთხე ტურში კიდევ ერთი მძიმე ბრძოლა გადაიტანა - ამჯერად თბილისში "ჯიქების" წინააღმდეგ. "აიას" უპირატესობა მეორე ტაიმში გამოიკვეთა.

მათი უკანახაზელები გაცილებით უკეთესად ირჯებოდნენ და უდიდეს დისკომფორტს უქმნიდნენ მეტოქეს. შედეგად, ჯერ შუამარბმა გიორგი ფრუიძემ დაალელოვა "ჯიქები", ხოლო 53-ე წუთზე უკვე გიორგი აბრამიძემ. მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საჯარიმო დარტყმით 2 ქულამდე დაიყვანეს სხვაობა, თუმცა მეტზე დრო აღარ ეყოთ - 15:13. ქუთაისელებმა დაკარგული პოზიციების დაბრუნება დაიწყეს.

მომდევნო 2 შეხვედრის გამართვა საქართველოს ექვსგზის ჩემპიონებს შინაურ კედლებში უწევდათ, თუმცა მეტოქეები არცთუ ისე ხელწამოსაკრავნი იყვნენ - საპლეიოფო ზონაში მყარად დამკვიდრებული "არმაზი" და "ბოლნისის ყოჩები".

თუმცა ბესიკ ხამაშურიძის გაწვრთნილმა გუნდმა გასაოცარი სიმსუბუქით ითამაშა ორივე შეხვედრაში და ლელოთა ფეიერვერკი მოაწყო გულშემატკივრებისთვის. ორივე შემთხვევაში "აიამ" პრემიალური ქულები მიითვალა ("არმაზი" - 28:3, "ყოჩები" - 45:10). ამ 2 ტურში მოპოვებული 10 ქულით "აია" პირველად მოექცა სატურნირო ცხრილის სათავეში.

მეშვიდე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში ვერცხლისმედალოსანმა "არმიამ" "აიას" ავჭალაში უმასპინძლა. ქარიან ამინდში მიმდინარე შეხვედრაში, პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა სტუმართა უპირატესობა.

ისინი მთელი დაპირისპირების განმავლობაში წინ იყვნენ ანგარიშში და დამაჯერებლად აკონტროლებდნენ მატჩის სადავეებს, თუმცა ბოლო წუთზე დასანანი ლელო გაუშვეს და მეტოქეს სანუგეშო ქულა უბოძეს 7 და ნაკლები ქულით წაგებისთვის - 24:18.

მომდევნო შაბათს "აიამ" უკვე ქუთაისში უმასპინძლა მოქმედ ჩემპიონ "ლელოს" და ტაქტიკურ ბრძოლაში პირწმინდად დამარცხდა. მასპინძლები მოლსა და რაქში არაერთხელ დაჯარიმდნენ, რაც მშვენივრად გამოიყენა სტუმართა ფეხჩუბინმა ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა და 7 საჯარიმოს გატანით მეორე მარცხი აგემა ქუთათურებს - 10:21.

დაძაბულმა და დატვირთულმა სათამაშო გრაფიკმა მნიშვნელოვანი დაღი დაასვა "აიას" შემადგენლობას. ქუთაისელებმა არაერთი წამყვანი მორაგბე მოისაკლისეს IX ტურის მატჩში, "აკადემიას" წინააღმდეგ. თუმცა ბესიკ ხამაშურიძის გუნდმა შეთხელებული შემადგენლობითაც მოახერხა სტუმრად გამარჯვების მოპოვება - 23:17 და მშვენიერ ხასიათზე გავიდა ერთთვიან სანაკრებო პაუზაზე.

მეორე ეტაპის სტარტი ქუთაისელებმა რუსთავში, "ხარებთან" მოგებული მატჩით აღნიშნეს. სუსხიან ამინდში "აიამ" საკუთარი უპირატესობის გამოკვეთა მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლო და გარემარბ აბრამიძის წყვილი ლელოთი მერვე გამარჯვება იზეიმა ჩემპიონატში - 15:3.

უკანასკნელ, XII ტურში "აიამ" კიდევ ერთი მარცხი იწვნია პრინციპული მეტოქისგან - "ლოკომოტივისგან". ქუთაისელებმა პირველი ტაიმის დამაჯერებლად მოგების შემდეგ სრულიად ჩააგდეს მატჩის უკანასკნელი 20 წუთი, რამაც, საბოლოო ჯამში, განაპირობა მათი წარუმატებლობა - 19:28.

ბესიკ ხამაშურიძის გაწვრთნილმა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის პირველ ეტაპზე 8 გამარჯვება მოიპოვა და 3-ჯერ დამარცხდა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ "აიამ" სამი წაგებიდან ორი საკუთარ მოედანზე იწვნია. ქუთაისელებს, კონკურენტებისგან განსხვავებით, ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული - უამინდობის გამო გადაიდო იმერეთის დედაქალაქში გასამართავი დაპირისპირება "ბათუმთან". თუ ქუთაისელები გამოტოვებული მატჩის მოგებას პრემიალური ქულის აღებით მოახერხებენ, მაშინ ისინი დაიბრუნებენ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "აია" ჩემპიონატში ყველაზე საიმედო დაცვის დემონსტრირებას ახდენს - საშუალოდ მატჩში უშვებს რა 13,5 ქულას. საქართველოს 6-გზის ჩემპიონთა რიგებში კი ირიცხება მგეზავი გაგა სინაურიძე, რომელმაც ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ყველაზე მეტი არეკნი გაიტანა - 4. კლუბი დისციპლინის მხრივ აშკარად მოიკოჭლებს. 11 ტურში დაგროვილი 13 ყვითელი და 2 წითელი ბარათი მართლაც რომ მეტისმეტია.

სავარაუდოდ, გუნდი განაგრძობს პროგრესირებას და კიდევ უფრო სახიფათო ძალა იქნება გაზაფხულზე. მათ ქუთაისში ხომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება ძალუძთ და არა მხოლოდ ქუთაისში.

სტატისტიკური დოსიე: IV ადგილი
მოპოვებული ქულები: 36
გატანილი ქულები: 283 (25 ლელო)
გაშვებული ქულები: 211
საუკეთესო მელელოვე: გიორგი აბრამიძე (5)
საუკეთესო მექულე: გაგა სინაურიძე (83)
ბარათები: 14 ყვითელი, 2 წითელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქარმატეები მინდა ვუსურვო ქუთათურებს, ხამაშურიძეს მართლა კარგი გუნდი ყავს კიდე უფრო კარგი ტრადიციებით, იმედია აია-ს გულშემატკივრობა არ მიწყენს, მარგამ ვისურვებდი ასეთი ძლიერი კრე დასავლეთ საქართველოში არაერთი იყოს, რაც მხლოდ ქართული რაგბის წისქვილზე დაასხმას წყალს.

წარმატებები ბიჭებო!
GiorgiG83
16:19 23-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული