ყოჩები-ლელო 21:22 - "ლელო" დიდ ფინალშია!

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევ ფინალში ერთმანეთის პირისპირ რეგულარულ გათამაშებაში პირველ-მეორე ადგილებზე გასულები - ბოლნისის "ყოჩები" და თბილისის "ლოკომოტივი" წარდგნენ. ქვეყნის ორ საუკეთესო გუნდს შორის მატჩი, მოლოდინისამებრ, მძაფრი გამოდგა და მინიმალური სხვაობით საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "ლელომ" გაიმარჯვა - 22:21.

ორივე გუნდი რეგულარულ გათამაშებაში სტაბილურად ასპარეზობდა. "ყოჩებმა" ყველას აჯობეს და პირველი საფეხური არავის დაუთმეს, "ლელოს" კი ორი ქულით გაუსწრეს. თუმცა, ერთია რეგულარული გათამაშება, მეორე - პლეი ოფი, რომელსაც სრულიად სხვა ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს.

თამაში ძალიან საინტერესო და საკმაოდ მაღალი დონის გამოვიდა. საწყის 15
წუთში "ლელო" საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. ლელოელები უფრო აგრესიულად გამოიყურებოდნენ, მორკინალებისა და უკანახაზელების მიძალება ერთმანეთს ცვლიდა. ცხადია, გასაოცარი არ არის, რომ ხანგრძლივი იერიში ლელოთი დასრულდა.

"ლელომ" დერეფანში ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 7 მეტრში ააგდო, მოლი შეკრა, რომელიც "ყოჩების" მეორეხაზელმა დავით გრძელიშვილმა განზრახ ჩააქცია. შედეგად, მატჩის ირლანდიელმა არბიტრმა გარი ქონვეიმ ის ათი წუთით სინბინში გაუშვა.

ლელოელებმა საჯარიმოს დარტყმის ნაცვლად შერკინება მოითხოვეს. მათი მიძალება "ყოჩებმა" ორჯერ წესის დარღვევით შეაჩერეს.

ორჯერვე ისევ შერკინება მოითხოვეს. მესამე ჯერზე შერკინებიდან ბურთი მესამეხაზელმა ზვიად მაისურაძემ გამოიტანა. ის იქვე შებოჭეს. რაკიდან ბურთი შერკინების კვაჭმა გიორგი ლომთაძემ აიტაცა, მეტოქის ორ მორაგბეს ხელიდან დაუსხლტა და ლელოში შეაღწია. ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახა - 7:0.

"ლელო" შეტევებს განაგრძობდა, თუმცა მე-19 წუთზე საბედისწერო შეცდომა დაუშვა. გრძელ ფრთაზე ბურთის ჩათამაშებისას ის "ყოჩების" შუამარბის, რატი გარუჩავას ნადავლი შეიქნა, რომელმაც ფეხით მეტოქის ლელოსკენ დაარტყა. სპრინტში, რომელშიც ორივე გუნდის რამდენიმე მორაგბე იღებდა მონაწილეობას, ყველას "ყოჩების" გარემარბმა ირაკლი გეგენავამ აჯობა და ბურთი ჩათვლის მოედანში დაამიწა. მგეზავმა თემურ სოხაძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 7:7.

ამ დროიდან მოყოლებული, უპირატესობას "ყოჩები" დაეუფლნენ. მათი შერკინება უფრო მძლავრად ამოქმედდა და მეტოქე საგრძნობლად შეავიწროვა. 30-ე და 31-ე წუთებზე "ლელო" შერკინებაში ორჯერ დაჯარიმდა და სოხაძემ ორივე შესაძლებლობა გამოიყენა - 13:7.

ტაიმის მიწურულს "ლელომ" ისევ შეძლო იერიშზე გადასვლა და ყიასაშვილმა საჯარიმო დარტყმით ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა - 10:13. ასე დასრულდა მატჩის პირველი ნახევარი.

შესვენების შემდეგ საწყისი 15 წუთი ისევ "ლელოს" უპირატესობით აღინიშნა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 53-ე წუთზე შეძლეს, როცა ყელში ბოჭვისთვის ნიკა აფციაური დააჯარიმეს. ყიასაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან ზუსტად დაარტყა - 13:13.

ორ წუთში ისევ ყიასაშვილმა იყოჩაღა. "ყოჩების" 22-მეტრიანი ზონიდან ფეხით გამოტანილი ბურთი მან მოედნის ცენტრში დაიჭირა და 50 მეტრიდან არეკნი დაჰკრა - 16:13.

შეხვედრა პირველი ტაიმის სცენარით გაგრძელდა. უპირატესობა ამჯერადაც "ყოჩებმა" იგდეს ხელთ. 62-ე წუთზე მათი თითქმის სამწუთიანი, მრავალფაზიანი იერიში მარცხენა, გრძელ ფრთაზე განვითარდა. იქ შეტევაში დროულად ჩაერთო ფულბეკი შავლეგ მახარაშვილი და ლელოში შეაღწია. სოხაძემ გარდასახვა ვერ გაიტანა - 18:16.

როგორც ბოლოს აღმოჩნდა, ეს გაუტანელი გარდასახვა "ყოჩებისთვის" საბედისწერო გამოდგა. "ყოჩებს" ზეწოლა არ შეუნელებიათ. 71-ე წუთზე "ლელო" ისევ შერკინებაში დაჯარიმდა და სოხაძემ ამჯერად შეძლო საჯარიმოდან მეტოქის კარის დალაშქვრა - 21:16.

მატჩის დასკვნით შვიდ წუთში "ლელომ" ისევ შეძლო ძალების მობილიზება. გუნდის თამაში კიდევ უფრო მძლავრი შეცვლაზე შესულმა გიორგი ჭყოიძემ გახადა, რომელსაც ტრავმის გამო საკმაოდ დიდი დრო გაუცდა.

73-ე წუთზე ყიასაშვილმა ისევ შესანიშნავად ითამაშა. მან ცენტრიდან კიდევ ერთხელ დაჰკრა არეკნი და ბურთი ძელებს შორის გაატარა - 19:21.

სამ წუთში ყიასაშვილს "ლელოს" დაწინაურების შანსი მიეცა. მან ამჯერად საჯარიმოდან დაარტყა, თუმცა მიზანს ააცილა. მიუხედავად ამისა, "ლელოს" ფარ-ხმალი არ დაუყრია, მეტოქე მისსავე მოედანში ჩაკეტა და "ყოჩების" ერთ-ერთმა მოთამაშემ, რომელიც შებოჭეს, ბურთს ხელი არ გაუშვა.

ყიასაშვილმა ამჯერად ბევრად უკეთესი პოზიციიდან დაარტყა საჯარიმო და თავისიანებს გამარჯვება მოუტანა - 22:21.

"ლელო" დიდ ფინალშია. მარცხის მიუხედავად, ბოლნისის "ყოჩებს" ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი არ დაუკარგავთ. ისინი გასავარდნ ფინალში "ბათუმსა" და თბილისის "ლოკომოტივს" შორის გამარჯვებულს მცირე ფინალში დაუპირისპირდებიან.

რაგბი. საქართველოს ჩემპიონატი
. პლეი ოფი. III წრე
ყოჩები-ლელო 21:22
ყოჩები (15-9): მახარაშვილი, გეგნავა (ხუციშვილი 60), ხარშილაძე, გარუჩავა, გოგოლაშვილი, სოხაძე, ბეგაძე. (1-8) ჯინჭარაძე (გოგიშვილი 43), ხიდეშელი, შენგელია (ჯაშიტაშვილი 50), არჩუაშვილი, გრძელიშვილი, აფციაური (გუგეშაშვილი 60), ტყეშელიაძე, ჩხიკვაძე (ურუშაძე 64).
2ლ: გეგენავა, მახარაშვილი. 3ს,გ: სოხაძე
სინბინი: გრძელიშვილი, ბეგაძე.
ლელო (15-9): ყიასაშვილი, ზაალიშვილი, ტალახაძე, ცერცვაძე, თოდუა, ხმალაძე, კაჭარავა. (1-8) სანიკიძე (ჯულაყიძე 50), ლომთაძე, მელიქიძე, ხორბალაძე (ჭყოიძე 64), ქოიავა, კოლელიშვილი, კოპაძე, მაისურაძე.
ლ: ლომთაძე. 3ს,2ა,გ: ყიასაშვილი.
სინბინი: ლომთაძე.
მსაჯი: გარი ქონვეი (ირლანდია).

გასავარდნი ფინალი
18 აპრილი
ბათუმი-ლოკომოტივი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული