აია-ხარები 25:9 - ქუთაისელებმა მოგებით დაიწყეს

AutoSharing Option
"დიდი ათის" პირველ ტურში ქუთაისის "აიამ" საკუთარ არენაზე რუსთავის "ხარებს" უმასპინძლა და მეტოქე დამსახურებულად დაამარცხა.

შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს ეროვნული ჰიმნის ფონზე, სტადიონზე სახელმწიფო დროშა აღიმართა. შემდეგ გუნდებმა და სტადიონზე შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით ახლახან გარდაცვლილი დამსახურებული მწვრთნელის, ავთანდილ ჩუბინიძის ხსოვნას მიაგეს პატივი.

გუნდებმა შეხვედრა საკმაოდ მძიმედ დაიწყეს. ორივეს ბევრი ხარვეზი ჰქონდა, განსაკუთრებით - ხელდახელ თამაშში, მორაგბეებს ბურთი წინ უვარდებოდათ და თამაშის გაშლასაც ვერ ახერხებდნენ. რუსთაველებმა მასპინძლების შეცდომით ისარგებლეს და მე-11 წუთზე "ხარების" ფულბეკმა უჩა მჭედლიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი საჯარიმო დარტყმით
საკუთარი გუნდი დააწინაურა.

ამ ეპიზოდმა ქუთაისელები გამოაფხიზლა. "აიამ" მწვავედ შეუტია და თითქმის ჩათვლის მოედნამდეც მიაღწია, მაგრამ ბოლო ეპიზოდში მასპინძლებს კვლავ წინ გადაუვარდათ ბურთი და სახიფათო შეტევა ჩაეშალათ.

"აიამ" შეტევები გააგრძელა და მალევე ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა. ქუთაისელთა მგეზავმა გაგა სინაურიძემ ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ მცირე ხნით უპირატესობას ლევან მგელაძის შეგირდები დაეუფლნენ და მჭედლიშვილმა არეკნით "ხარები" ისევ წინ გაიყვანა.

მასპინძლები ისევ გააქტიურდნენ, რასაც რევაზ წიკლაურის გასინბინებაც თან დაერთო და სინაურიძემ ჯარიმით წონასწორობა ისევ აღადგინა.

ტაიმის ბოლო წუთზე კი ქუთაისელებმა მარჯვენა ფლანგზე სწრაფი შეტევა განახორციელეს. თორნიკე მანაგაძემ მეტოქის ხაზი გაჭრა, ჩათვლის მოედნამდე ირბინა და დებიუტი ლელოთი აღნიშნა.

მეორე ტაიმის პირველი 15 წუთი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, რუსთაველებმა საჯარიმო დარტყმით ანგარიში შეამცირეს, მაგრამ შემდეგ უპირატესობა მთლიანად ქუთაისელთა ხელში გადავიდა. მათ მეტოქე ხელით თამაშში დაჯაბნეს. შეტევებისთვის განსაკუთრებით კარგად იყენებდნენ ფლანგებს.

ქუთაისელთა მონდომებამ მალე შედეგი გამოიღო. ჯერ მირიან მოდებაძემ დაალელოვა მეტოქე, მერე კი რუსთაველებმა გიორგი აბრამიძე ვერ შეაჩერეს. სინაურიძემ ორივე ლელო ზუსტად გარდასახა და "აიამ" პრემიალური ქულით მოიგო.

დიდი 10. პირველი ტური
აია-ხარები 25:9
აია (15-9) მოდებაძე, ტორაძე, კიკვიძე, მანაგაძე, აბრამიძე (ლაღაძე 76), სინაურიძე, თუთბერიძე (გ. ლოსაბერიძე 67); (1-8) რატიაშვილი (მატარაძე 55), მატკავა (გ. უმც. ტორაძე 64), ტორაძე, ა. ჩიტეიშვილი, გ. ჩიტეიშვილი (რევიშვილი 56), გორგასლიძე, შალამბერიძე, დ. ლოსაბერიძე (სალდაძე 66.)
3ლ: მანაგაძე, მოდებაძე, აბრამიძე. 2ს,2გ: სინაურიძე (2)
ხარები (15-9) მჭედლიშვილი, გულიტაშვილი, კოშაძე, ნათელაშვილი (ქანდაურაშვილი 56), ბებიაშვილი (მელიქიშვილი 50), ბასილაია (თეგეთაშვილი 67), მისრიაშვილი; (1-8) ესართია (ზურიკიშვილი 55), თაგაური (გოგოლაძე 34.), მ. წიკლაური (აღაშვილი 55), ჯიმშიტაშვილი, ცხადაძე (ხელია 68.), რ.წიკლაური (მღებრიშვილი 68.), ღამბარაშვილი, ქვლივიძე
2ს,ა: მჭედლიშვილი
სინბინი: რ.წიკლაური

სხვა მატჩები
აკადემია-ლელო 6:9
არმია-ლოკომოტივი 16:21
არმაზი-ბათუმი 18:26
ჯიქი-ყოჩები 17:12

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. აია 1 1 0 0 +16 5
2. ჯიქი 1 1 0 0 +5 5
3. ბათუმი 1 1 0 0 +8 4
4. ლოკომოტივი 1 1 0 0 +5 4
5. ლელო 1 1 0 0 +1 4
6. აკადემია 1 0 0 1 -1 1
7. არმია 1 0 0 1 -5 1
8. ყოჩები 1 0 0 1 -5 1
9. არმაზი 1 0 0 1 -8 0
10. ხარები 1 0 0 1 -15 0

II ტური
აკადემია-ხარები, ბათუმი-აია, ყოჩები-არმაზი, ლოკომოტივი-ჯიქი, ლელო-არმია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული